შემოგვიერთდით

3 პიროვნული თვისება, რომელიც წარმატებულ HR მენეჯერებს ახასიათებთ

ადმინისტრაციული ფუნქციიდან სტრატეგიულ ბიზნეს პარტნიორობამდე

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯრების სასიხარულოდ, HR-ის როლი თანდათანობით იცვლება და გაცილებით საინტერესო, თუმცა მოცულობითი ხდება.

„საქმე ისაა, რომ HR-ის ტრადიციული როლი არცთუ ისე მაგარი იყო“ – აცხადებს მელანი ჰაშ-ბარუა (Melanie Hache-Barrois), Oracle-ს ადამიანური კაპიტალის მენეჯერი – HR ბიზნეს პარტნიორი. „ჩემი მოვალეობა მოიცავს სხვადასხვა დიდი კომპანიების ეიჩარის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და კოლაბორაციასაც, სადაც ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს სფერო ბიზნესის მხოლოდ ადმინისტრაციული ნაწილი აღარ არის და HR უფრო მეტადაა დაკავშირებული ინოვაციებთან, ვიდრე ოდესმე“ – აცხადებს იგი.

აღნიშნული ტრენდი გლობალური ცვლილებების ნაწილს წარმოადგენს. კომპანიები თანდათანობით ხვდებიან, რომ სწორედ ადამიანები არიან მოგებისა და კონკურენტული უპირატესობის გარანტები და მათი სწორად შეფასება და დაფასება ერთადერთი სწორი სტრატეგიაა. ბიზნესები უნდა ეცადონ სწორად მართონ, ასწავლონ და შეინარჩუნონ ტალანტები და ისწავლონ მხოლოდ შესაფერისი და ღირსეული კანდიდატების აყვანა. სწორედ ამგვარი გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდება მენეჯმენტს HR-ის დეპარტამენტი, რაც ბიზნესისთვის ამ უკანასკნელის შეუცვლელ საჭიროებასა და ღირებულებაზე მეტყველებს, მაგრამ ამ დიდი როლის უკან უფრო დიდი პასუხისმგებლობები დგას. HR-ის არასწორი ნაბიჯები შეიძლება კომპანიას ძალიან ძვირად დაუჯდეს, არასწორი ადამიანების მოზიდვა ან არსებულის ვერ შენარჩუნება საკმაოდ ფატალურად შეიძლება დამთავრდეს. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე პიროვნულ თუ პროფესიულ თვისებას, რომელიც აუცილებელია HR წარმომადგენლისთვის, რათა მან შეძლოს დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავი იდეალურად გაართვას.

  1. ლიდერი

ნუ ჩაერევით თქვენი გუნდის უშუალო სამუშაოში. ადამიანებს აღიზიანებთ, როცა მათ არ ენდობიან ან აკონტროლობენ. „განსხვავება ლიდერსა და მენეჯერს შორის ისაა, რომ ლიდერი ადამიანებს უფრთხილდება და მოტივაციას აძლევს, ხოლო მენეჯერი – აკონტროლებს“ – აცხადებს ჰაშ-ბარუა. HR უნდა იყოს მოქნილი, სწრაფი და ენდობოდეს ყველა თანამშრომელს ტოპ მენეჯერიდან სტაჟიორამდე. „პატივისცემის მოთხოვნა უაზრობაა, ის უნდა დაიმსახურო, ამგვარი დამოკიდებულება თავად თანამშრომლების თვალში ცვლის HR მენეჯერის როლს და მას სრულიად ახალ ფუნქციებსა და ღირებულებებს სძენს, ამიტომაა ეს მნიშვნელოვანი“ – ამბობს იგი.

  1. დეტალებზე ორიენტირებული

HR-ს სჭირდება სტატისტიკური ანალიზის გამოყენება მისთვის მეტი წონისა და პატივისცემის მოსახვეჭად. გარდა ამისა, მონაცემთა ანალიზი მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ბიზნესის სტრატეგიული განვითარების დაგეგმარებისას. მიუხედავად იმისა, რომ „სტატისტიკური ანალიზი“ და „მონაცემები“ ადამიანთა უმრავლესობისთვის საშიშად ჟღერს, ჰაშ-ბარუა გვირჩევს, რომ მისგან თავის არიდებას, სწავლა და ანალიზის ყოველდღიურობაში დანერგვა სჯობს. რეალურად, ეს ერთადერთი გზაა ადამიანური რესურსების ფუნქციის ადმინისტრაციულიდან ინოვაციურამდე შესაცვლელად და მისი რეალური მნიშვნელოვნობის დასადასტურებლად. გარდა ამისა, თუ არ გამოიყენებთ მონაცემთა ანალიზს, გარკვეულ შედარებებს, განაწილებას, ალბათობას, როგორ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ სწორად არჩევთ კანდიდატს ან სწორად გეგმავთ მომავალს? სწორედ ამიტომ, ჰაშ-ბარუა ყველა HR წარმომადგენელს ურჩევს მონაცემებთან „დამეგობრებას“. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ როლს სხვა დეპარტამენტი მოირგებს, ხოლო HR ისევ ადმინისტრაციული რუტინის შემსრულებლად დარჩება.“ – აცხადებს იგი.

  1. ნამდვილი ექსპერტისტრატეგიული ბიზნეს პარტნიორი

HR მენეჯერი უნდა იყოს ადამიანი, რომელთანაც პირველი მიდიან კომპანიის ხელმძღვნელები, როდესაც ახალი პროექტის დასაწყებად საჭიროა ადამიანების სწორად შერჩევა და შესაბამისი საქმის გადანაწლება უნარ-ჩვევების მიხედვით. აგრეთვე, HR უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ ტალანტის ნაკლებობის შემთხვევაში ვინ უნდა აიყვანოს სამსახურში და ვის უარი უთხრას. „HR გარკვეულწილად ნების დამრთველი უნდა იყოს ბიზნეს საქმიანობებისთვის, იგი მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს“ – ამბობს ბარუა. მაგრამ ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა ნამდვილი პროფესიონალური უნარ-ჩვევები, საჭიროა ზუსტად იცოდეთ რას ელიან თქვენგან და როგორ უნდა მიაღწიოთ ამას. „თქვენ პირველმა უნდა იცოდეთ რა სჭირდება კომპანიას და არ ელოდოთ ინსტრუქციებს მენეჯმენტისგან“ – აცხადებს იგი. ამგვარ პროფესიონალიზმს გამოცდილებასთან ერთად ერთი მხრივ სპეციფიკური, ხოლო მეორე მხრივ ყოვლისმომცველი ანალიზი სჭირდება.

რატი წიკლაური

წყარო: www.businessinsider.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *