შემოგვიერთდით

5 მიზეზი-რატომ მოვახდინოთ ინვესტირება დამსაქმებლის ბრენდის შექმნასა და განვითარებაში

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა კომპანია მართავს თუ არა საკუთარ დამსაქმებლის ბრენდს, იგი უმართავადაც არსებობს. თუმცა, როდესაც ეს პროცესები მართულია, კომპანია გაცილებით მომგებიან სიტუაციაშია. ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად მას გააჩნია უკეთესი პოზიციონირება შრომით ბაზარზე დასასაქმებლებს შორის და გამოირჩევა თანამშრომლების მაღალი ლოიალურობით.

სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს  უამრავი კვლევა როგორც დამსაქმებლების (ძირითადად HR მენეჯერების), ასევე დასაქმებულების , რომლებიც გვამცნობენ სხვადასხვა მიზეზებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიას გააჩნდეს ძლიერი დამსაქმებლი ბრენდი.

დღეს მხოლოდ ერთ კვლევაზე მოგახსენებთ. LinkedIn Talent Solutions–ის 2017 წლის გლობალური რეკრუტინგის ტრენდის მიხედვით: (გამოკითხული იყო 4000 რეკრუტინგის მენეჯერი 35 ქვეყანაში) მიუხედავად იმისა, რომ რეკრუტინგის ბიუჯეტის 70% მიდის რეკლმასა და რეკრუტინგის სხვა საშუალებებზე (დასაქმების ფორუმები, დასაქმების სააგენტოები და სხვ), ტალანტების მოზიდვის ლიდერები დამსაქმებლის ბრენდის მართვას მოიაზრებენ #1 ადგილზე , რაშიც ისინი ისურვებდნენ ინვესტირებას თუ ექნებოდათ ამის შესაძლებლობა.

კითხვაზე „რომ გქონდეთ შეუზღუდავი ბიუჯეტი რაში მოახდენდით ინვესტირებას?“ – 53 % უპასუხა, რომ მოახდენდა ინვესტირებას დამსაქმებლის ბრენდის მართვაში.

ამას გარდა, არსებობს უამრავი კვლევა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, თუ რამდენი პროცენტით გაუმჯობესდება ესა თუ ის მაჩვენებელი თუ კომპანია განახორციელებს ინვესტირებას დამსაქმებლის ბრენდის მართვაში.

დღეს სხვა კვლევებით და ციფრებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ ამ კვლევებით აღმოჩენილ 5 ყველაზე მეტად გავრცელებულ მიზეზზე მოგახსენებთ. მაშ ასე, განვიხილოთ თუ რატომ უნდა მოახდინოს კომპანიამ ინვესტრირება დამსაქმებლის ბრენდის მართვაში.

  1. გამოცხადებულ ვაკანსიაზე უკეთესი ტალანტების მოზიდვა.

ის კომპანიები, რომლებიც ძლიერი დამსაქმებლის ბრენდით გამოირჩევიან, მოიზიდავენ ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო ტალანტებს; გარდა ამისა, როცა კომპანია თავისი ბრენდის სწორ კომუნიკაციას აკეთებს, პოტენციური დამსაქმებლები უკეთესად ხვდებიან შეესაბამებიან თუ არა ისინი, არა მხოლოდ სამუშაო აღწერილობას, არამედ კომპანიის ღირებულებებს. ასე რომ, სხვა ღირებულებების მატარებელი ადამიანები უბრალოდ აღარ აკეთებენ განაცხადს და ამით ზოგავენ როგორც საკუთარ, ასევე – კომპანიის დროს.

  1. თანამშრომელთა გადინების შემცირება;

ის კომპანიები, რომლებიც არა მხოლოდ პრეზენტაციას აკეთებენ საკუთარი ბრენდისას, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – მოლოდინებს უქმნიან პოტენციურ თანამშრომლებს, არამედ რეალურად მართავენ დამსაქმებლის ბრენდს თანამშრომლობის ყველა ფაზაში, ანუ ასრულებენ ბრენდის დაპირებებს, გამოირჩევიან თანამშრომელთა დაბალი დენადობით. ხშირ შემთხევვაში, როცა დასაქმებული თავისი ნებით ტოვებს კომპანიას, მიზეზი არის ხოლმე თვითონ კომპანია და არა სამუშაო.

  1. რეკრუტინგის შემცირებული ხარჯი;

თუ თქვენი, როგორც დამსაქმებლის, ბრენდის მესიჯების გადაცემას სწორად მოახდენთ, თქვენი კომპანიის ღირებულებების გამზიარებელი ადამიანები ადექვატურად აღიქვამენ მათ და თვითონ იქნებიან დაინტერესებული მოგმართონ, თუნდაც ვაკანსია ჯერ არ გქონდეთ გამოცხადებული და საშუალება გექნებათ მათი რეზიუმე და საკონტაქტო ინფორმაცია რეზერვში განათავსოთ და საჭირო დროს მიმართოთ მათ.

  1. უფრო ბედნიერი და პროდუქტიული თანამშრომლები

როცა თქვენი კომპანია ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ადამიანები გრძნობენ გამოწვევებს , სურთ მათი გადალახვა და ამ კონტრიბუციით შექმნილი ღირებულებებისთვის არიან დაფასებულები, თანამშრომლები ხდებიან უფრო მეტად ჩართულები სამუშაოში. ასეთი ჩართულობა იწვევს სამუშაოს შესრულების უკეთეს ხარისხს და შესაბამისად გაზრდილ მოგებასაც.

  1. თანამშრომლები ხდებიან კომპანიის ბრენდის წარმომადგნლები

როცა ადამიანებს უყვართ თავისი სამსახური – დროთა განმავლობაში ხდებიან დამსაქმებელი კომპანიის ბრენდის ელჩები. მათ ზუსტად იციან რას ნიშნავს თქვენს კომპანიაში მუშაობა, შესაბამისად იციან ვინ შეიძლება გამოადგეს კომპანიას მომავალში, როგორი ღირებულებების მატარებელი ადამიანი მოერგება შიდა გარემოს და კორპორაციულ კულტურას და შეუძლიათ ასეთ ადამიანებს გაუღვივონ თქვენს კომპანიაში მუშაობის ინტერესი. ასევე კომპანიაში ნებისმიერი კრიზისის დროს ასეთი თანამშრომლები გვევლინებიან ბრენდის დამცვლებად, რაც გვიადვილებს კრიზისის მართვას და პრობლემების მოგვარებას , როგორც კომპანიის შიგნით,ასევე  – გარეთ.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, თუ რატომ უნდა იზრუნოს კომპანიამ დამსაქმებლის ბრენდის შექმნასა და მართვაზე.

არ დაგავიწყდეთ, თქვენი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის ბრენდი მაინც არსებობს, იმისდამიუხედავად, თქვენ მართავთ მას თუ ის სპონტანურად იმართება. მართვის სადავეების თქვენს ხელში აღება ყოველთვის მომგებიანია.

მარიკა მჭედლიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *