შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას

HR ბიზნეს სამიტის ერთ-ერთი მხარდამჭერია სადაზღვევო კომპანია ალდაგი. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვესაუბრეთ ალდაგის HR დეპარტამენტის დირექტორს ანი სიჭინავას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: ანი რატომ გადაწყვიტა კომპანია ალდაგმა HR ბიზნეს სამიტის მხარდაჭერა ?

HR ბიზნეს სამიტი ერთ–ერთი პირველი მასშტაბური ღონისძიებაა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მოღვაწე ადამიანების მონაწილეობით, რომელიც გამოირჩევა თავისი ფორმატით. რამდენიმე პანელური დისკუსია HR-ექსპერტებისა და მსხვილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების მონაწილეობით, საგამოფენო სივრცეები კომპანიების სხვადასხვა მიღწევებისა და სერვისების შეთავაზებებისთვის, HR-სერვისების მიმწოდებელი კომპანიების ერთ სივრცეში თავმოყრა – ეს ყველაფერი საფუძველს ჩაუყრის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა კომპანიებს შორის, ხელს შეუწყობს HR-სფეროს განვითარებას, ბევრი მონაწილისთვის გახდება შთაგონების წყარო, შექმნას და გააუმჯობესოს თანამშრომელთა მართვის სისტემები და, ზოგადად, კომპანიებს მისცემს საშუალებას უფრო ეფექტურად მართონ მათი ბიზნეს პროცესები.

HR hub: როგორც ცნობილია, ალდაგი მონაწილეობას მიიღებს საგამოფენო ნაწილში. რა სერვისებს წარმოადგენს კომპანია ?

ჩვენ ღონისძიებაში მონაწილეებს გავაცნობთ დასაქმების ონლაინ პლატფორმას, რომელიც დისტანციურად მუშაობისა და შემოსავლის მიღების შესანიშნავი წყაროა ნებისმიერი მსურველისთვის. ასევე სტუმრებს გავუზიარებთ ჩვენს ონლაინ–კურსს – ალდაგი აკადემიას, რომლის გავლა და დაზღვევის შესახებ მინიმალური ცოდნის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. გარდა ამისა ალდაგი, როგორც სადაზღვევო კომპანია, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტებით, როგორც კორპორატიული, ასევე საცალო მიმართულებით.

HR hub: კაპიტალი, რომელსაც თუ ვერ იყენებ, კარგავ – ეს არის თემა, რომელზეც 31 მაისს ისაუბრებთ. უფრო ვრცლად, რომ გვითხრათ რას მოუყვებით აუდიტორიას ?

ძალიან მიხარია, რომ მომეცემა შესაძლებლობა ჩემს კოლეგებს და ასევე სხვა დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიარო ერთ–ერთი ღირებული პროგრამის დანერგვის გამოცდილება. ჩვენ დავაკვირდით, რომ კომპანიის შიგნით დაგროვდა ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც სპეციფიურია და კონკრეტულ გამოცდილებებს და პრაქტიკებს ეყრდნობა. ეს უნიკალური ცოდნა, როგორც კაპიტალი, კომპანიის მნიშვნელოვანი საკუთრებაა, რომელიც სათანადო გამოყენებას საჭიროებს. ბუნებრივია, თანამშრომლები ამ ცოდნის დახმარებით პირველ რიგში საკუთარ საქმეს ასრულებენ, მაგრამ ეს ამ კაპიტალის მხოლოდ ნაწილის გამოყენებაა.

ამიტომ შევქმენით შიდა ბიზნეს ტრენერების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები ასწავლიან ერთმანეთს და სწავლობენ ერთმანეთისგან. კერძოდ, სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები, რომლებიც არიან თავისი სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები, ჩავრთეთ თანამშრომელთა სწავლების პროცესში. ეს პროგრამა იმითაც არის გამორჩეული, რომ ხელს უწყობს შიდა კომუნიკაციის გაძლიერებას, თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდას, გუნდური მუშაობისა და სოციალური კაპიტალის ჩამოყალიბებას

HR hub: თქვენი აზრით, რით არის გამორჩეული ეს ღონისძიება ?

HR სფერომ საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო განვითარება და ამ მიმართულებით ქართულ ორგანიზაციებში უკვე დაგროვდა ძალიან ღირებული პრაქტიკა და გამოცდილება. ახლა ხდება იმ შედეგების დათვლა და შეფასება, რომელიც კონკრეტული საკადრო პროგრამებისა თუ სისტემების დანერგვას მოყვა სხვადასხვა კომპანიებში. სწორედ ამ დაკვირვებების, შეცდომებისა თუ დადებითი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა HR ბიზნეს სამიტი.

შესაძლოა წავიდეთ და დავესწროთ საზღვარგარეთ გამართულ კონფერენციებსა თუ ფორუმებს, მოვისმინოთ განვითარებული ბაზრების პრაქტიკისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ, მაგრამ HR ბიზნეს სამიტი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ გავეცნოთ ჩვენს რეალობაზე მორგებულ და ადაპტირებულ ბიზნეს ქეისებს, მივიღოთ ინფორმაცია იმ HR-სერვისების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ქვეყანაში, დავამყაროთ კავშირები HR-ისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან და გავაფართოვოთ ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო უკეთესად ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

HR hub: რატომ უნდა დაესწრონ ადამიანები HR ბიზნეს სამიტს ?

HR ბიზნეს სამიტზე ერთ საერთო სივრცეში იქნება თავმოყრილი უმეტესობა იმ ადამიანებისა, ადამიანთა ჯგუფებისა და კომპანიებისა, რომელიც HR–ის სფეროს ქმნის და ავითარებს საქართველოში. ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოტოვოთ, ასეთი უნიკალური შესაძლობლობა, გაიცნოთ ეს ადამიანები, გაიზიაროთ მათი გამოცდილება, მოისმინოთ საინტერესო გამოსვლები, შეისწავლოთ HR–სერვისები, და უბრალოდ, გაატაროთ სასიამოვნო დრო საინტერესო ადამიანებთან ერთად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *