შემოგვიერთდით

HR მენეჯერი: მაია რობაქიძე – “ყველა ადამიანი შესაძლებლობებისა და თვისებების უნიკალური ნაკრებია”

რუბრიკის “HR მენეჯერი” მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული HR მენეჯერები. ჩვენ მათ შესახებ დავწერთ, თავგადასავლებსა და ისტორიებს მოგიყვებით.

ჩვენი რუბრიკის სტუმარია მაია რობაქიძე, პსპ ჯგუფის ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჩვენს კითხვებს პასუხობს.

HR hub: როგორ იწყებდით კარიერას. როგორ მოხვდით ამ სფეროში?

კარიერა დავიწყე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მოწვეული პედაგოგის თანამდებობით. მე ვმუშაობდი შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის კათედრაზე. ეს სფერო ადამიანური რესურსების მართვასთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

HR hub: რომ არა HR მენეჯერი იქნებოდით

გარდა იმისა, რომ ვარ პსპ ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ამჟამად ვმუშაობ თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელად. შესაბამისად ჩემთვის არანაკლებ საინტერესოა მეცნიერ-მკვლევარის და პედაგოგის საქმიანობა. უფრო მეტ დროს დავუთმობდი კვლევით საქმიანობას.

HR hub: ისტორია, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

სამსახურს არ უკავშირდება – საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და ურთულეს მწვერვალზე – უშბაზე ასვლა.

HR hub: სიტყვა, რომელსაც სამსახურში ყველაზე ხშირად ამბობთ

მადლობა, რომ….

HR hub: რჩევა, რომელიც მიგიღიათ კარიერის განმავლობაში და რჩევა, რომელსაც მისცემდით დამწყებ HR მენეჯერებს

ჩემს კომპანიაში მუშაობის პირველ დღეს დამფუძნებლისაგან მიღებული რჩევა ყოველთვის მემახსოვრება – „ძალიან ბევრი ექსპერიმენტი უნდა ატარო, ცვლილებები დანერგო, შეგიძლია შეცდომებიც დაუშვა, მთავარია არ გაჩერდე.“ მაშინ მისგან მოვისმინე ის, რისი მოსმენაც ყველაზე მეტად მამოტივირებდა. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ კომპანიაში უკვე 10 წელია ვმუშაობ.

რჩევა დამწყებ HR მენეჯერებს – უყვარდეთ ადამიანი და აინტერესებდეთ ადამიანი;  ყველა ადამიანი შესაძლებლობებისა და თვისებების უნიკალური ნაკრებია, ხოლო თქვენ გეძლევათ არაჩვეულებრივი შანსი დაეხმაროთ მას თავისი  შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზაციაში და თქვენს ორგანიზაციას კი მისი უნარების საუკეთესოდ გამოყენებაში.

HR hub: რას ნიშნავს თქვენი გუნდი თქვენთვის?

ესაა ყველაზე კომფორტული გარემო დასახული მიზნების მისაღწევად.

HR hub: თქვენი აზრით, განვითარების რა ეტაპზეა საქართველოში ეს სფერო? რამდენად ვუწყობთ ფეხს მსოფლიოს?

ვფიქრობ, რომ საქართველოში კომპანიები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ამ კუთხით. იმ კომპანიებთან ერთად, რომლებსაც ადამიანური რესურსების მართვის საუკეთესო პრაქტიკები აქვთ დანერგილი, ჯერ კიდევ ბევრია ორგანიზაცია, სადაც მართვის სისტემები საერთოდ არ არსებობს, პროცესები ქაოტურია, თანამშრომლების ნაცნობ-ნათესაობით ნიშნავენ და არ არჩევენ,  ანაზღაურების განაწილების პრინციპი უსამართლოა და მიკერძოებული, შრომის პირობები სახიფათოა ჯანმრთელობისათვის და ა.შ. ალბათ მსოფლიოს „ფეხს ავუწყობთ“ მაშინ, როცა ასეთი ორგანიზაციები ვერ იარსებებენ.

HR hub: იყო წარმტებული ნიშნავს …

ამ შემთხვევაში ცნობილ ფსიქოლოგს, ერიკ ერიქსონს დავესესხები, წარმატებული ხარ, თუ ხარ საჭირო და სასარგებლო ადამიანი, სულ ერთია სად – სამსახურში, ოჯახში, მეგობრებში…

HR hub: ბავშობაში ყველაზე მეტად გინდოდათ …

ვყოფილიყავი მთამსვლელი და ჩემი ოცნება ავიხდინე.

HR hub: უარს ვერასდროს იტყვით …

ზღვის სანაპიროზე გასეირნებასა და ცურვაზე.

HR hub: ამაყობთ, როცა …

ჩემი სტუდენტები წარმატებით საქმდებიან თავიანთი პროფესიული მიმართულებით, მადლობას მიხდიან ლექციებზე მიღებული ცოდნისა თუ ჩემს ორგანიზაციაში სტაჟირებისას შეძენილი პრაქტიკული გამოცდილებისათვის.

HRhub: როგორც ვიცით, ფოტოგრაფიით ხართ გატაცებული, არაჩვეულებრივი ფოტოები გაქვთ გადაღებული. მოგვიყევით ამის შესახებ.

დიახ, მიყვარს ფოტოების გადაღება, თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ საერთოდ ვერ ვერკვევი ფოტოგრაფიაში.  არც ვაქცევ ყურადღებას რა ფოტოაპარატით ვიღებ. უბრალოდ ძალიან მიყვარს ბუნებაში ყოფნა და საინტერესო ადგილებში ხშირად დავდივარ. მიხარია, როცა ჩემი ფოტოები მეგობრებს იგივე ემოციებს უღვიძებს და ამ ადგილების ნახვისკენ უბიძგებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *