შემოგვიერთდით

ბრძანება სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის დადგენის შესახებ – სრული განხილვა და ინსტრუქცია

შრომის უსაფრთხოების სფეროში ახალი რეგულაციაა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-15/ნ, რომელიც 2020 წლის 30 იანვარს შევიდა ძალაში.

ჩვენ ვესაუბრეთ ,,საფკოს” შრომის უსაფრთხოების მრჩეველს თონრიკე თოდრიას, რომელმაც ახალი ბრძანების მიმოხილვა გააკეთა და მცირე ინსტრუქციებიც მოგვცა.

თორნიკე თოდრია:

პირველ რიგში, სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ IOSH-ელებისთვის ამ ბრძანებაში გაწერილი დებულებები დიდ სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან ჩვენ უკვე თითქმის ორი წელია სწორედ ამ მეთოდოლოგიით და ფორმებით ვასწავლით რისკების შეფასებას (ავიღოთ თუნდაც ჩვენი ნებისმიერი შრომის უსაფრთხოების ტრენინგი ) და კარგია, რომ ეს ბრძანებაც საკმაოდ ახლოსაა იმ დამკვიდრებულ მეთოდოლოგიასთან, რასაც IOSH-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ.

მოვყვეთ თავიდან და განვიხილოთ ბრძანების მნიშვნელოვანი მუხლები, შევეცდებით, რომ ისინი კანონმდებლობის იურიდიული ენიდან შრომის უსაფრთხოების ენაზე გადმოვთარგმნოთ.

პირველ რიგში ვახსენოთ, რომ ეს წესი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებზე – რაც არის ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგი, ანუ ამიერიდან ყველა ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელმა პირმა, სადაც არსებობს შრომის უსაფრთხოების რისკები (და რისკები დამეთანხმებით, თითქმის ყველა სამუშაო სივრცეში არსებობს), სწორედ ამ წესით უნდა შეაფასოს ისინი.

ამის შემდეგ ბრძანებაში გვაქვს ტერმინთა განმარტებები, რომლიდანაც გვინდა, რომ ყურადღება გავამახვილოთ საფრთხისა და რისკის განმარტებებზე. ჩვენს კურსებზე ყოველთვის ვახსენებთ, რომ უმნიშვნელოვანესია ამ ორ ტერმინს შორის განსხვავების ცოდნა და შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ადამიანს და არა მარტო მათ, ეს განსხვავება ძილშიც უნდა ახსოვდეს.

მარტივად რომ ვთქვათ, საფრთხე – არის ყველანაირი მოცემულობა (გარემო-პირობები, ფაქტორი, მოვლენა, სამუშაო მეთოდები, თავისებურებები, არსებული გარემოებები), რასაც გააჩნია პოტენციალი, რომ მოიტანოს ზარალი ან ზიანი. ახალ ბრძანებაში ამ ეტაპზე მხოლოდ ადამიანის დაზიანების ჭრილშია საფრთხე განხილული, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ საფრთხეს არა მხოლოდ ადამიანის, არამედ მატერიალური ნივთების და ასევე გარემოს დაზიანებაც შეუძლია და იმედია, რომ ბრძანების მომავალ რედაქციებში ესეც იქნება ასახული.

მეორე მხრივ, რისკი – არის ამ ზარალის და ზიანის დადგომის ალბათობისა და შედეგის სიმძიმის კომბინაცია. ანუ, უფრო სიცხადისთვის მაგალითი რომ განვიხილოთ, თუ საფრთხის დასახელება ერთი სიტყვითაც არის შესაძლებელი, (მაგ. ელექტრობის საფრთხე), მისგან წამოსული რისკი შედარებით ენაწყლიანად უნდა განვმარტოთ და ამ განმარტებაში მოხდენის ალბათობა და შედეგის სიმძიმე ვახსენოთ (მაგ. გაუმართავ ელექტრო ხელსაწყოსთან ადამიანის შეხება და ელექტროშოკის გამო ფატალური შედეგის დადგომა). ისიც ვახსენოთ, რომ ერთი საფრთხიდან შესაძლებელია მრავალი რისკი წამოვიდეს და თითოეულს სჭირდება რისკების შეფასების პროცესის გატარება (მაგ. ელექტრობის საფრთხისგან შეიძლება ასეთი რისკიც გვქონდეს – სადენების გადახურება, მოკლე ჩართვა და დანადგარის მწყობრიდან გამოსვლა).

გადავიდეთ უშუალოდ რისკების შეფასების პროცესზე. საერთაშორისოდ აპრობირებული მიდგომით და №01-15/ნ ბრძანების მუხლი 4-ის მიხედვით რისკის შეფასება ხუთი საფეხურისგან შედგება:

ა) საფრთხეების იდენტიფიცირება

ბ) პირთა წრის განსაზღვრა

გ) რისკის შეფასება – საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დანერგვა

დ) საკონტროლო ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებელი პირის და პრევენციული აქტივობების ვადების განსაზღვრა

ე) შედეგებისა დოკუმენტირება და მონიტორინგი

განვიხილოთ თითოეული საფეხური:

ა) საფრთხეების იდენტიფიცირება – მუხლი 5

სანამ რისკების განსაზღვრას და შეფასებას დავიწყებთ, რა თქმა უნდა აუცილებელია მოვახდინოთ ჩვენს სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება. ამ საფეხურზე აუცილებელია, რომ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა და სხვა ჩართულმა პირებმა გამოავლინონ საფრთხეების აღმოჩენის კარგი უნარი. სწორედ ამ უნარის განვითარებას ისახავს მიზნად IOSH-ის კურსი „მართე უსაფრთხოდ.“ საფრთხეების იდენტიფიცირების ეტაპზე საჭიროა დავაკვირდეთ, სავარაუდოდ რას შეუძლია ზიანის მოტანა ან ზარალის გამოწვევა? შევამოწმოთ სამუშაო ტერიტორიასამუშაო გარემო და ადგილმდებარეობააღჭურვილობამანქანა-დანადგარები, რომლებსაც ვიყენებთ, სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ და რა თქმა უნდა ადამიანები, რომლებიც ასრულებენ სამუშაოს.

საფრთხეების აღმოჩენისას დაგვეხმარება საფრთხეების 6 კატეგორია, რომელსაც საერთაშორისო პრაქტიკა გამოყოფს, ის გვეუბნება, რომ ზოგადად 6 კატეგორიის საფრთხეები არსებობს და საფრთხეების აღმოჩენისას ექვსივეზე ვიფიქროთო. ესენია:

საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის ასევე დაგვეხმარება ადრე მომხდარი ინციდენტების და მათი გამომწვევი მიზეზების განხილვა.

ბ) პირთა წრის განსაზღვრა – მუხლი 6

ამ საფეხურზე ჩვენ უნდა განვსაზღვროთ თუ ვის შეიძლება მიადგეს ზიანი და როგორი შეიძლება იყოს ეს ზიანი. ანუ ფაქტიურად საფრთხის იდენტიფიცირების შემდეგ, ჩვენ უკვე ვიწყებთ ფიქრს მისგან მომდინარე რისკის განსაზღვრაზე და ვფიქრდებით ვინ შეიძლება დაზიანდეს (ალბათობა) და როგორი შეიძლება იყოს ეს დაზიანება (შედეგის სიმძიმე). ამ ყველაფრის განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ შშმ პირებს, ორსულ და მეძუძურ ქალებს, არასრულწლოვნებს და მოხუცებულებს, ასევე არ გამოგვრჩეს ვიზიტორები, დროებით მომუშავეები და კონტრაქტორები.

რისკის შეფასების ამ ეტაპზე ჩვენ ასევე რისკის შეფასების მატრიცის გამოყენებით განვსაზღვრავთ და ჩავწერთ საწყის რისკს. საწყისი რისკის განსაზღვრა ხდება შესაბამისი ალბათობისა და შედეგის სიმძიმის ნიშნულების ერთმანეთზე გამრავლებით. ამ პროცესს თავისი ნიუანსები ახლავს თან და მას დაწვრილებით ჩვენი აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კურსის  ფარგლებში განვიხილავთ.

გ) რისკის შეფასება – საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დანერგვა – მუხლი 7

ამ საფეხურის განხილვისას №01-15/ნ ბრძანება კვლავ სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და მოგვიწოდებს, რომ რისკის შეფასების პროცესის შემდეგი ეტაპი კონტროლის მექანიზმების (საკონტროლო ღონისძიებების) განსაზღვრა და დანერგვაა.

არ დაგვავიწყდეს, რომ რისკის შეფასების დროს კონტროლის მექანიზმები ორჯერ უნდა განვსაზღვროთ. პირველად, როდესაც არსებული კონტროლის ზომებს ჩამოვწერთ და მეორედ, როცა დამატებითი კონტროლის ზომების დანერგვაზე დავიწყებთ ფიქრს. არსებული კონტროლის ზომები ის ღონისძიებები და მექანიზმებია, რომლებიც სანამ რისკის შეფასების პროცესს დავიწყებდით, უკვე გატარებული აქვს კომპანიას ამა თუ იმ რისკის საკონტროლოდ. მაგალითად, სიმაღლეზე მუშაობაზე რისკების შეფასებას თუ ვაკეთებთ, დიდი ალბათობით კომპანიას უკვე უნდა ჰქონდეს სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის პროცედურები და ასევე პერიმეტრზე განთავსებული მყარი მოაჯირები. ამ შემთხვევაში ეს ორი კონტროლის მექანიზმი ჩაიწერებოდა ბრძანებაში მოცემულ რისკის შეფასების ფორმა №1 -ის არსებული კონტროლის ზომების გრაფაში. ხოლო ყველა დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომლებიც გვინდა, რომ შემოვიტანოთ, რათა რისკის დონე დაბალ მაჩვენებელზე ანუ მწვანე ზონაში ჩამოვიყვანოთ, ჩაიწერება დამატებითი კონტროლის ზომების გრაფაში.

კონტროლის ზომების განსასაზღვრად ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ კონტროლის იერარქიით. იერარქიის მთავარი პრინციპი ის არის, რომ პირველი საფეხური ყველაზე სანდო და ეფექტურ კონტროლის მექანიზმად ითვლება, ბოლო საფეხური კი ყველაზე სუსტ. ამიტომ კონტროლის ზომების დანერგვისას ყოველთვის იერარქიის ზედა საფეხურიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი, თუ ამ საფეხურის განხორციელება რეალობაში არაპრაქტიკულია, შეუძლებელია ან არაგონივრულ თანხებთან არის დაკავშირებული, მაშინ გადავდივართ მეორე საფეხურზე და ასე მივყვებით ბოლომდე.

განვიხილოთ თითოეული საფეხური:

         1) საფრთხის აღმოფხვრა

აღმოჩენილი საფრთხის (საიდანაც შესაბამისი რისკები წამოვიდა) საერთოდ გამორიცხვა. მაგალითად, თუ საფრთხე გვაქვს სამშენებლო ობიექტის მე-10-ე სართულის ფილაზე დასაწყობებული საშენი მასალა, ხოლო რისკი გვაქვს მასალის გადმოვარდნა და ადამიანების დაზიანება, შეგვიძლია საერთოდ აღმოვფხვრათ ეს საფრთხე მარტივი კონტროლის ზომის დაწესებით – საშენი მასალა გადატანილი და დასაწყობებული იქნას პირველ სართულზე. საფრთხის გამორიცხვის მეთოდი ყველაზე ეფექტურია, მაგრამ ხშირად მისი განხორციელება შეუძლებელი, ან არაპრაქტიკულია, ამიტომ თუ ეს საფეხური არ გამოდის, ვიწყებთ შემდეგ საფეხურებზე ფიქრს.

        2) საფრთხის შემცირება (ჩანაცვლება, შესუსტება)

არსებული საფრთხის უფრო დაბალი დონის საფრთხით ჩანაცვლება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საფეხურის სწორად გაგება. აქ ჩვენ ვსაუბრობთ თავად პირველწყაროს (საფრთხის) შესუსტება / შემცირებაზე და არა მისგან წამოსული რისკისა. მაგალითად, საფრთხის შემცირება იქნება, თუ ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ ტოქსიკური (ადამიანისთვის მავნებელი) საღებავი ჩაანაცვლოს წყალზე დაფუძნებული (შედარებით უვნებელი) საღებავით. ამ შემთხვევაში შედარებით მაღალი საფრთხე ჩავანაცვლეთ დაბალი კატეგორიის საფრთხით (რომელიც მაინც საფრთხეა და მასაც სჭირდება კონტროლი).

       3) საფრთხესთან ადამიანების კონტაქტის პრევენცია (საფრთხის იზოლირება)

იერარქიის ამ საფეხურს ინჟინრულ კონტროლსაც ეძახიან, რადგან ის გულისხმობს ადამიანის, ან დაზიანების რისკის ქვეშ მყოფი ნივთების / ტექნიკის / გარემოს არსებული საფრთხისგან ფიზიკურ იზოლირებას. ამის მაგალითებია, ქიმიური ნივთიერებების განცალკევებულად იზოლირებულ, დაცულ კარადაში შენახვა; სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი ბარიერების დამონტაჟება; ელექტრო შეერთების წერტილებისგან ფიზიკური ბარიერის (დამცავი კოლოფის) დამონტაჟება და ა.შ.

       4) უსაფრთხოდ მუშაობის პროცედურები

ამ საფეხურში შედის ყველა ის სამუშაო პროცედურა, მეთოდოლოგია, სტანდარტი, უსაფრთხოების წესები და სამუშაო ნებართვები, რაც კომპანიას გააჩნია ან უნდა გააჩნდეს ამა თუ იმ რისკის საკონტროლოდ, რათა დაცული იყოს შრომის უსაფრთხოება. პროცედურების რამდენიმე სახეობა არსებობს და მათ დაწერას და შემდეგ დასაქმებულებისთვის გაზიარებას თავისი სტანდარტები აქვთ. ამ ყველაფერზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ჩვენ IOSH-ის საერთაშორისოდ აკრედიტებული ტრენინგი ს ფარგლებში ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ.

ამ კატეგორიაში გავა ასევე დასაქმებულებისთვის ჩატარებული ტრენინგ სესიები, ინსტრუქტაჟები და სწავლებები.

       5) ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

და ბოლოს მივადექით ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს, რომელიც ზოგ შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელს და კომპანიასაც კი მოწინავე პოზიციებზე ყავს წამოწეული, არადა საერთაშორისო მიდგომები და ახლა უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებაც პირიქით გვეუბნება – „ჩაფხუტის დახურვა და უსაფრთხოების ფეხსაცმელის ჩაცმა ბოლო კონტროლია და მანამდე ხარისხობრივად უფრო მაღალ კონტროლებზე უნდა ვიფიქროთო.“

ი.დ.ს- ში შედის მრავალი სახეობის აღჭურვილობა და აუცილებელია მათი სწორად შერჩევა და გამოყენება. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორი კატეგორიის რესპირატორი იხმარება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომლისგანაც ეს რესპირატორი საერთოდ ვერ დაგვიცავს.

ლოგიკური კითხვა იბადება, რატომ არის ი.დ.ს ბოლო საფეხურზე? პასუხი მარტივია –  ის კონტროლი, რომლის გამოყენებაც ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული ითვლება ყველაზე სუსტ კონტროლად, მაგ: თუ აგური ჩამოვარდა და ადამიანს დაეცა თავზე, რომელსაც ეხურა ჩაფხუტი, აქ ჩაფხუტის გამოყენებამ ვერ მოახდინა აგურის ჩამოვარდნის პრევენცია უბრალოდ შეამსუბუქა შედეგი, ანუ ი.დ.ს არის შემამსუბუქებელი კონტროლი და არა პრევენციული. შესაბამისად უმჯობესია კოლექტიურ დაცვის საშუალებებს მივანიჭოთ უპირატესობა, რასაც ზოგიერთ წყაროებში ,,საინჟინრო კონტროლებსაც’’ უწოდებენ.

დ) შედეგებისა და მონაცემების დოკუმენტირება – მუხლი 8

მარტივად რომ ვთქვათ, რისკების შეფასების პროცესის ამ ეტაპზე ჩვენ ვავსებთ რისკის შეფასების ფორმას, რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც წერილობით, ასევე ელექტრონულ ფორმაში. დამსაქმებლებს შეუძლიათ რისკის შეფასების დოკუმენტის დამოუკიდებლად მომზადება, თუმცა ის უნდა აკმაყოფილებდეს №01-15/ნ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს.

თუ ადამიანი რისკების შეფასების პროცესში სათანადოდ არის დახელოვნებული, ამ ფორმის შევსებაც არ უნდა იყოს პრობლემა. ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ბრძანების მე-5-ე მუხლის მე-4-ე პუნქტი გვეუბნება, რომ თუ აღმოჩენილ საფრთხეებს აქვთ მატერიალური სახე, ისინი უნდა აღვბეჭდოთ სურათებით. ანუ ფორმაშივე ან ფორმის ბოლოში უნდა გამოვყოთ ადგილი ფოტო-სურათებისთვის. ასევე, არ გამოგვრჩეს, რომ ფორმაში გაწერილ ყველა პრევენციულ ღონისძიებას (დამატებით კონტროლში განსაზღვრულ გასატარებელ ზომას) უნდა განესაზღვროს შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი.

ბრძანებაშიც და ქვემოთ მოცემულია რისკის შეფასების ფორმის მაგალითი, რომელიც საწყისი ეტაპისთვის საკმაოდ კარგია. რა თქმა უნდა ორგანიზაციებს შეხედულებისამებრ შეუძლიათ ამ ფორმის კიდევ უფრო დახვეწა.

ე) მონიტორინგი – მუხლი 9

რისკის შეფასების პროცესის ბოლო ეტაპია მისი პერიოდული გადახედვა. რა თქმა უნდა სამუშაო პროცესი მუდმივად იცვლება, ამიტომ ერთხელ გამზადებული რისკის შეფასების ფორმა წლების განმავლობაში რელევანტური ვერ იქნება. რისკების შეფასების პროცესის ხელახლა ჩატარება მრავალი მიზეზის გამო შეიძლება გახდეს საჭირო და ახლა უკვე სავალდებულოც კი. მაგალითად: ახალი საფრთხეების აღმოჩენისას, სამუშაო სივრცის ან სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ცვლილებისას, მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რამდენიმე ახალი დასაქმებულის შემომატებისას, ახალი კონტრაქტორის შემოყვანისას, ახალი დანადგარის შეძენისას და ა.შ.

რისკის შეფასების დოკუმენტი ასევე უნდა გადაიხედოს და განახლდეს გარკვეული პერიოდულობით. ეს პერიოდულობა 10 დღიდან 6 თვის ვადამდე მერყეობს, რაც განისაზღვრება დამსაქმებელი კომპანიის რისკის სექტორის კუთვნილების მიხედვით. ეს რისკის სექტორები ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით მალე განისაზღვრება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ საქმიანობებს, მაგალითად რთულ სამშენებლო ობიექტებს 10 დღიანი ვადა დაეკისრებათ, ხოლო რუტინულ საოფისე სამუშაოებს 6 თვიანი ვადა.

ვეცადე ცოტათი უფრო ნათელი გამეხადა ახალი ბრძანება და ვფიქრობ, ეს ბლოგ-პოსტი გამოსადეგი იქნება ჩვენი მკითხველისთვის. გთხოვთ, გაუზიაროთ ყველა დაინტერესებულ პირს, მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები და ვიმსჯელოთ, რომ გავხადოთ მომავალი უფრო უსაფრთხო.

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap