შემოგვიერთდით

გიორგი ლიკლიკაძე HRM ანალიტიკის ინოვაციური ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანას გეგმავს

ადამიანური რესურსების მართვის პროცესში მონაცემების ანალიზისა და ანალიტიკის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება, რადგან ეს გვეხმარება ვიპოვოთ პასუხი, რაც შეიძლება მეტ გამოწვევაზე მომავლიდან.

HR hub გიორგი ლიკლიკაძეს ესაუბრა ტექნოლოგიაზე, რომელიც ეხმარება მენეჯერებს HR სფეროში გაჩენილ სტრატეგიულ შეკითხვებს მონაცემთა ანალიზის საშუალებით უპასუხონ.

HR hub: გიორგი მოგვიყევით პროფესიით ფიზიკოსი როგორ აღმოჩნდით HR სფეროში?

იაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის დროს დავინტერესდი გამოთვლითი ფიზიკის დარგში სპეციალიზაციით, რაც თავის მხრივ მოიცავდა ანალიტიკის ძალიან საინტერესო მიმართულებებს. უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ მცირე კვლევების შედეგად ვიგრძენი რა უდიდესი ტენდენციებისა და აქტუალურობის სფეროა მონაცემთა ანალიზი, ამიტომ გადავწყვიტე სწორ დროს სწორ ადგილზე აღმოვჩენილიყავი.

ჩემი და HRForecast-ის ისტორიაც აქედან იწყება, კომპანიის, რომელიც ცდილობს HR სფეროში გაჩენილ სტრატეგიულ შეკითხვებს მონაცემთა ანალიზის საშუალებით უპასუხოს და ახერხებს კიდეც ძალიან დიდი წარმატებით.

HR-ის კლასიკური ფართო საზოგადოებრივი აღქმა აისბერგის იმ ნაწილს გავს, რომელსაც წყალს ზემოთ ვხედავთ, არადა წყალში მთავარი სტრატეგიული გათვლები და მათი სასიცოცხლო მნიშვნელობა იმალება. სწორი HR სტრატეგიის გარეშე გამორიცხულია ბიზნესის წარმატება და ეს დასავლეთში ძალიან კარგად ესმით. საჭიროა ამ აღქმის გაღვივება საქართველოშიც და მადლობა თქვენ, HR hub-ს რომ ამაში თქვენი უდიდესი წვლილი შეგაქვთ.

HR hub: დაასახელეთ 3 რამ, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ შენს საქმიანობაში.

  • მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება
  • გუნდური მუშაობა მონაცემთა ბაზების დახვეწაში და ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი მონაცემების ამეტყველების მაგია
  • შედეგი, რომლითად წარმატებულს და კომფორტულს ხდი ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურ სამუშაო გარემოს

HR hub: რას საქმიამობს “HRForecast” ?

ჩვენი კომპანიის დევიზია “big data for big questions”. ჩვენ ვცდილობთ მონაცემთა ანალიზის გამოყენება მაქსიმალურად გავზარდოთ HR სამყაროში და ვიპოვოთ პასუხი, რაც შეიძლება მეტ გამოწვევაზე მომავლიდან.

კომპანიის მიდგომა და მეთოდოლოგია არის სრულიად ინოვაციური და შეიძლება ითქვას რევოლუციურიც.

ჩვენ ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და „Machine Learning“ ტექნოლოგიებს ადამიანური რესურსების მენეჯმენტში დღევანდელი და სამომავლო გამოწვევების საპასუხოდ. გარდა იმისა, რომ სრულად ხდება ორგანიზაციებისა და კომპანიების შიდა ადამიანური რესურსების არქიტექტურის შესწავლა და ანალიზი, ასევე კეთდება მომავლის გათვლები, ისახება გზები როგორ უნდა იქნას შევსებული მომავალში საჭირო კადრების დეფიციტი, რათა ორგანიზაციები არ ჩამორჩნენ თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტრენდებს და იყვნენ მაქსიმალურად ეფექტიანები.

გარდა ამისა, კომპანია ახდენს მსოფლიო სამუშაო ბაზრის მონიტორინგს და იკვლევს თანამედროვე ტრენდების დინამიკას.

HR hub: რა შედის თქვენს მოვალეობებში?

საწყის ეტაპზე ვმუშაობდი მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციაზე. რაღაც ეტაპის შემდეგ, ჩემს ვალდებულებას დაემატა უშუალოდ კონსულტაციების ნაწილი და კლიენტებთან პირდაპირი ურთიერთობა.

დღესდღეობით მაქვს საკუთარი პროექტები და ვმუშაობ როგორც მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე პროცესების ოპტიმიზაციაზე, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა სახის ანალიტიკის ავტომატიზაციას, დეშბორდების და ვიზუალების დეველოპმენტს და მონაცემთა ბაზებთან ეფექტიან სინთეზირებას, რათა უფრო მეტყველი გავხადოთ ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი მონაცემები.

HR hub: ვინ არიან თქვენი სერვისის მომხმარებლები?

ჩვენი სერვისის მომხმარებლები არიან ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიცაა SAP, Ernst & Young, Deutsche Bahn, Continental, Lufthansa, Telekom და ასე შემდეგ.

HR hub: რომელიმე პროექტს თუ გამოარჩევთ რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ?

გამოვარჩევდი Continental-ისთვის გაკეთებულ პირველ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ანალიტიკით პირველად ჩავდცდით პერსონალურ დონეს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოვახდინეთ უნარ-ჩვევების ანალიზი (ე.წ. Skill Analytics)

პროექტმა მოიპოვა  „European HR Excellence Award “  2017 წელს.

HR hub: გიფიქრიათ აღნიშნული ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანა?

ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, არ არის ფუფუნება, რომლის საშუალებაც აქვთ წარმატებულ ქვეყნებს და მსხვილი კალიბრის კომპანიებს. ამ ტექნოლოგიის და მეთოდიკის გარეშე წარმოუდგენელია ზუსტი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და სამომავლო გათვლების გაკეთება. მალე ეს ყველაფერი გახდება აქტიურად მოთხოვნადი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის იქნება საქართველო.

ჩემი მიზანი იქნება წვლილი შევიტანო საქართველოში საჭირო ინფრასტრუქტურის და კულტურის დანერგვაში, რათა შევუერთდეთ მოწინავე ქვეყნების რიგებს და სწორად ვმართოთ ჩვენი ადამიანური კაპიტალი. მოგეხსენებათ, დღეს მწვავედ დგას ქვეყანაში დასაქმების და საჭირო კადრების პოვნის საკითხი, პრობლემებია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების ასპექტებში და ამ პრობლემებთან ბრძოლაში ალტერნატივა არ აქვს ჩვენს ინოვაციურ მეთოდებს და ტექნოლოგიებს.

უკვე გაჩნდა ინტერესის კერა და პირველი პროექტები საქართველოში და იმედი მაქვს მოვახერხებთ ამ ნაპერწკლის გაღვივებას.

HR მენეჯერებთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დასტურდება რომ, საქართველოში დღესდღეობით გამოყენებული HR ანალიტიკა შეუსაბამობაშია როგორც ტექნოლოგიურ განვითარებასთან ასევე მის ფინანსურ მხარესთან. ჩვენი პროდუქტის ეფექტურობასა და ინოვაციურიბას ადასტურებს მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები და კომპანიები, რაზეც ზემოთ ჩამოთვლილი კლიენტების სიაც მეტყველებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *