შემოგვიერთდით

,,ესეთი საუბარი გავიგეთ: ბიჭებო, ოთხი-ხუთი საათი გაძელით და მოგეხმარებითო” – აგვისტოს ომის ქრონიკებიდან

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ტკივილი კვლავ ისეთივე მძაფრია, როგორც მაშინ იყო განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლობლები დაკარგა.

ასეთი კი ძალიან ბევრია. რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა 408 და დაშავდა 2232 ქართველი. წარმოგიდგენთ რამდენიმე ისტორიას იმ ადამიანების შესახებ, ვისაც უშუალოდ შეეხო ომი და საკუთარ თავზე გამოსცადა მისი სიმწარე.

,,10 წელი გადის და არ მილაპარაკია, მეგობრებთან თუ მოვყვები რაღაცას. ბევრ რამეზეა პასუხი გასაცემი.

2006-იდან 2008-ის ივლისამდე სამხედრო დაზვერვის უფროსი ვიყავი, დიდი პასუხისმგებლობა მქონდა-დაზვერვის საქმე ეგაა, რო წინასწარ იცოდე რა საშიშროება გემუქრება. ესე ხო არ ყოფილა, რო გათენდა და გამოუცხადებლად ომი დაგვიწყეს.

შვიდში საღამოს ქვედანაყოფთან ერთად დავიძარით გორისკენ. ჩვენი ამოცანა ჯერ არ ვიცოდით. არც სადაზვერვო ინფორმაცია გვქონდა, რა მოწინაღმდეგე იყო, რის აღებას ვგეგმავდით. დილამდე წინაგარაში ვიყავით,  აი, რო ირიჟრაჟა მაშინ დავიწყეთ მოძრაობა. დავადექით სოფელს თავზე, სიჩუმე იყო. ისე ისროლა ერთმა ჩვენმა, ბრმად, ველისკენ და გაგვიხსნენს საპასუხო ცეცხლი. ისეთი არაფერი. წავედით წინ. მივადექით პოსტს. ერთი ბეტეერი იდგა, მიტოვებული. ავიღეთ ისიც და სოფელში შევედით. იქ შტაბი დაგვხვდა მაგათი. წასულები იყვნენ უკვე. დიდი ზარ-ზეიმით შევედით. ბიჭები ურეკავდნენ თავის ნაცნობებს, მეგობრებს სხვა დანაყოფებში, ეკითხებოდნენ რა ხდებაო.  ვიცით, რო უკვე ცხინვალში მიდის ბრძოლები, მაგრამ მკაფიო პასუხი – ავიღეთ, თუ ვერ ავიღეთ ჯერ არ არის.

შუადღიდან უკვე აღარ მომწონდა სიტუაცია. იმ შტაბში, საიდანაც გაიქცნენ რამდენიმე რაცია ვიპოვეთ. ჩავრთე ეგრევე, ისმოდა ლაპარაკები. მაგრამ ხან მოდიოდა სიგნალი, ხან არა. გორში ვბრუნდებოდით რო ესეთი საუბარი გავიგეთ: ბიჭებო, ოთხი-ხუთი საათი გაძელით და მოგეხმარებითო. რუსულად ლაპარაკობდნენ, ოღონდ რუსები არა, ალბათ ოსები იყვნენ. ვინ, რას ეხმარებოდა არ ისმოდა. მოკლედ, ერედვში, ადმინისტრაციულ შენობასთან პატარა ხეივანივითაა და იქ გავჩერდით. პოლიციელებიც ბევრნი იყვნენ ყვითელი ავტობუსებით. ცხელა, ზაფხულია, ეს ჯავშან-ჟილეტები გავიხადეთ. ხესთან ნახერხი ეყარა და იმაზე წამოვწექი. ვხედავ მცირე ლიახვის ხეობიდან მოდის მანქანები, ჩანს, ხალხი გამორბის უკვე. მერე თვითფრინავებიც დავინახეთ. ერთი ჩვენიანი უყურებს და ესო, ჩვენი თვითმფრინავებიაო. რას ატყობ ჩვენია, თუ სხვისია-მეთქი? ხმა აქვს თან ძლიერი. მერე უცებ ხმაური გაქრა. მოიერიშე თვითმფრინავია და იერიშზე მოდის, მაგ დროს ისეთი კუთხით დგება რო იკარგება ხმა. გამკრა გულში ბრონის ჟილეტი მაინც ჩავიცვა-მეთქი და ამაგდო  ჰაერში. იქვე ჩამოვარდა ბომბი. თან ავტომატური ქვემეხი დაგვაყოლა. ავტობუსებს დაუშვა, მაგრამ ააცდინა. მეორე ბომბი გზაზე ჩამოაგდო, პირდაპირ მანქანის წინ. ოჯახი მოდიოდა ნივით, ქალი დაიღუპა შიგნით. ველებზე, სადაც ჩვენი არტილერია იდგა, ჩამოვარდა რამდენიმე ბომბი. გორშიც უკვე გაურკვევლობა იყო, ქალაქის თავზე ტრიალებდნენ მოიერიშე თვითმფრინავები” – ირაკლი 44 წლის ვიცეპოლკოვნიკი

მასალა აღებულია პროექტიდან 08.08.08, რომელიც შეიქმნა ჟურნალ ინდიგოსა და GCRT-ის – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის კოლაბორაციით.

ზეპირი ისტორიები ჩაწერილია ომგამოვლილ ადამიანებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დევნილთა დასახლებებში და გორში.

ისტორიებში, ასევე ფოტოებზე გმირების თხოვნით, ზოგან შეცვლილია სახელები. ფოტოებზე გამოსახული ადამიანები ხშირად არ არიან იმ ისტორიის გმირები, რომელთაც ისინი ახლავს.

  •  
  •  
  •  
  •