შემოგვიერთდით

,,ვაჟკაცი დაკარგა ჩვენმა სამსახურმა და მთელმა საქართველომ გელა მელიქიძის სახით” – ილია ალადაშვილი

მეხანძრე-მაშველი გმირია – ეს ფრაზა ალბათ, ერთხელ მაინც მოგისმენიათ ან შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში.

დიახ, ნამდვილად გმირია და სწორედ ასეთი გმირი დაკარგა 2019 წლის 15 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი 51 წლის გელა მელიქიძე სოფელ ყარაჯალაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს მეორე სართულიდან ჩამოვარდა და  გარდაიცვალა.  ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია გელა მელიქიძის შესახებ და ვესაუბრეთ მის თანამშრომლებსა და მეგობრებს.

გელა მელიქიძე 25 წლის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ის ოჯახთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ცხოვრობდა. შევიტყვეთ, რომ რამდენიმე წლის წინ მას 27 წლის ბიჭი სიმსივნით გარდაეცვალა და ერთი გოგონა დარჩა.

თანამშრომლები და მეგობრები მას ერთგულ და საიმედო ადამიანად ახასიათებენ. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო.

,,21 წელი ვმუშაობდი გელა მელიქიძესთან ერთად. თანამშრომლობასთან ერთად, ოჯახებით ვმეგობრობდით. ის იყო ძალიან კარგი მეხანძრე-მაშველი. სულში ჰქონდა ადამიანების დახმარების გაწევის სურვილი. გამოირჩეოდა თავისი საქმის მაღალი პროფესიონალიზმით. პიროვნულადაც იყო კარგი მეოჯახე და კარგი ადამიანი. მიმძიმს ამ თემაზე საუბარი ერთს ვიტყვი, რომ ვაჟკაცი დაკარგა ჩვენმა სამსახურმა და მთელმა საქართველომ გელა მელიქიძის სახით”  ილია ალადაშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს კოორდინაციის განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

,,25 წელი ერთად ვმუშაობდით. წესიერი, დადებითი პიროვნება იყო. მოწესრიგებული, გამოცდილი მეხანძრე, ალალი, ოჯახის მოსიყვარულე და სამსახურის ერთგული. არაფერს ვაჭარბებ, გულახდილად გეუბნებით რასაც ვფიქრობ” – ზურაბ იობაშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველოს კოორდინაციის განყოფილების ინსპექტორი.

მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში 20 ივლისს დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

ახლობლებთან საუბრის დროს შევიტყვეთ, რომ გელა მელიქიძის ოჯახს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კომპენსაციის სახით 100 000 ლარი ჩაურიცხა. მისი მეუღლე კი, სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად 1000 ლარს მიიღებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსხურში 3500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ეს ადამიანები ყოველდღე სამსახურში მიდიან, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, არ იციან რა პირობებში მოუწევთ იმ დღეს მუშაობა. ეს იქნება ხანძარი, წყალდიდობა, უბედური შემთხვევა თუ სხვა. ისინი მზად არიან სხვის გადასარჩენად ძალ-ღონე არ დაიშურონ და თავიც კი გაწირონ.

ყველა მეხანძრე-მაშველი გმირია და ჩვენ ამ გმირების იმედად ვცხოვრობთ.

  •  
  •  
  •  
  •