შემოგვიერთდით

კახეთში პაპამ და ბებიამ შვილიშვილებისთვის ბანაკი ,,სრავანთა” შექმნეს

,,სრავანთა” საოჯახო ბანაკია, სადაც კირვალიძეების ერთი ოჯახის 14 შვილიშვილი ზაფხულს ატარებს.ბანაკის იდეა პაპას – გელა კირვალიძეს ეკუთვნის, რომელსაც თელავში თითქმის ყველა იცნობს. გელასა და თამარ კირვალიძე-ოვჩარენკოს მრავალრიცხოვანი ოჯახი 4 შვილს და 14 შვილიშვილს ითვლის. ჩვენ მათ ვესაუბრეთ და ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ ბანაკის შესახებ.

HR hub: საიდან წამოვიდა ბანაკის ,,სრავანთა“ შექმნის იდეა და როდის ჩაეყარა საფუძველი?

გელა კირვალიძე: 5 შვილიშვილის დაბადების შემდეგ, ზაფხულობით როცა საბავშო ბაღები და სკოლები ისვენებენ, ჩვენს შვილებს სამსახურებიდან გამომდინარე, გაუჩნდათ შვილების მიბარების პრობლემა. მშობლების გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და პატარების 3 თვიანი არდადეგები იყო ბიძგი ჩვენთვის, მოგვეფიქრებინა რაიმე ისეთი, რაც ერთი მხრივ მშობლებს გაუადვილებდა ზაფხულში ბავშვების თავისუფალი დროის დაგეგმვას, მეორე მხრივ – კი, პატარებს მისცემდა დაუვიწყარ მოგონებებს.

2014 წლის ზაფხულში გადავწყვიტეთ, თელავის რაიონ სოფელ ვანთაში მამა-პაპისეულ სახლში ჩამოგვეყვანა შვილიშვილები. სახლი წლის განმავლობაში დაკეტილია და მხოლოდ ახალ წელს იღებოდა. ტრადიცია გვაქვს, რომ 31 დეკემბერს ყველა ერთად ვიკრიბებით ამ სახლში. თუმცა ახლა უკვე ზაფხულშიც ჩამოვდივართ. როგორც აღვნიშნე, მოვიფიქრეთ მოგვეწვია ბავშვებისთვის აღმზრდელები, პედაგობები და როგორმე გადაგვეგორებინა ზაფხულის ცხელი 45 დღე. ბავშვებს გამოვუყავით ერთი ოთახი და ყველას ერთად ლეიბები გავუშალეთ იატაკზე. მზარეული ამზადებდა ერთ საერთო საუზმეს, სადილსა და ვახშამს. მიუხედავად ბავშვების პრეტენზიებისა, მენიუში გამონაკლისებს არ ვუშვებდით, რასაც ძალიან მიეჩვივნენ და ეს პრობლემაც მალე მოგვარდა. ერთად უსმენდნენ პედაგოგს, სწავლობდნენ  საქართველოს ისტორიას, მათემატიკას, დაიწყეს სპექტაკლების დადგმაც. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

HR hub: რას ნიშნავს ,,სრა“?

გელა კირვალიძე: ლეგენდის თანახმად, სანამ ამ ადგილზე დასახლება გაჩნდებოდა, იყო ერთი ციხესიმაგრე, სახელად „სრავანთა“. შემდეგ, როდესაც აქ სოფელი გაშენდა, სწორედ მისი სახელი უწოდეს. დროთა განმავლობაში, ამ სახელწოდებას „სრა“ ჩამოშორდა და დარჩა „ვანთა“. ეს ციხესიმაგრე კი, მართლაც არსებობს (ის დღესაც დგას ამ სოფლის მიწაზე) და ის ქართველ ხალხს ყოველთვის იცავდა მტრისაგან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ბანაკისთვის „სრავანთა“ დაგვერქმია და ეს სწორედ იმის დასტურია, რომ ჩვენი სიყვარული ამ ციხესიმაგრესავით ძლიერია და მის გატეხვას ვერავინ შეძლებს.

HR hub: როგორია საზაფხულო ბანაკის ხანგრძლივობა?

თამარ კირვალიძე-ოვჩარენკო: საზაფხულო ბანაკი 5-6 კვირა გრძელდება. მამა-პაპისეული სახლი ბავშვების საზაფხულო ბანაკად იქცევა ხოლმე, სადაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ბავშვების მუდმივი ხმაური და ჟრიამულია, რაც სოფელსაც აცოცხლებს. შაბათ-კვირას კი, მშობლებთან ერთად ატარებენ.

HR hub: რამდენი ადამიანია ჩართული საორგანიზაციო საკითხებში?

თამარ კირვალიძე-ოვჩარენკო: საორგანიზაციო საკითხებს ძირითადად, ჩვენ ვითავსებთ, თუმცა ბავშვები, მათი მშობლები და აღმზრდელებიც გვეხმარებიან. ვცდილობ ბავშვებმა სოფლის ჯანსაღი პროდუქტები მიირთვან. ვამარაგებთ ბანაკს ახლად დაკრეფილი ხილით, ბოსტნეულით, სოფელში მოგროვებული ახალი კვერცხითა და რძე-მაწვნით, მათ შორის ჩვენი სკებიდან ამოღებული თაფლითა და სხვა პროდუქტით.

გელა კირვალიძე: მე უფროს ბავშვებს ვასაქმებ, ისინი ხშირად მიმყავს ვენახში და კაკლის ბაღებში სამუშაოდ. რა თქმა უნდა, მათი სამუშაო პირობითია, თუმცა ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობებს.

HR hub: თანხის გამომუშავებაც შეუძლიათ ბავშვებს საკუთარი შრომით. რის მიხედვით განისაზღვრება ,,ხელფასის“ ოდენობა?

გელა კირვალიძე: გარდა იმისა, რომ ბავშვები შრომობენ, მათ ხელფასის გამომუშავება კარგი ყოფა-ქცევითაც შეუძლიათ. ძირითადად, მისი ოდენობა განისაზღვრება პასუხისმგებლობის, მაგალითად დახურვის ცერემონიის მომზადების, საკუთარ თავზე აღებითა და მისი სრულყოფილად შესრულებით და რაც მთავარია ასაკით.

HR hub: როგორ არის ბანაკში ფუნქციები განაწილებული?

გელა კირვალიძე: პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით, ბანაკს თამრიკო ამარაგებს. გარდა ამისა, ის ყველა შვილიშვილს აქცევს ყურადღებას. გემრიელ საჭმელებს მზარეული ამზადებს და ზოგჯერ ბანაკის სხვა წევრებიც ეხმარებიან მას. აღმზრდელებს ევალებათ ბავშვების მოწესრიგება, გაღვიძება-დაძინება და ზოგჯერ გართობაც. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი თავად ინაწილებენ ფუნქციებს სხვადასხვა საქმიანობაში.

HR hub: როგორია დღის წესრიგი და ვინ ადგენს მას?

გელა კირვალიძე: თავდაპირველად, ამ საქმეს მე ვხელმძღვანელობდი, თუმცა ახლა დღის წესრიგს უფროსი შვილიშვილები ადგენენ. ბავშვების ასაკს არგებენ სხვადასხვა აქტივობას. მასში მითითებულია, ვინ რა დროს და რით უნდა იყოს დაკავებული. განრიგის დამორჩილებას თავად უფროსი ბავშვები აკონტროლებენ.

HR hub: როგორც ვიცი სოფლის მაცხოვრებლებსაც ასაქმებთ ბანაკის დროს. მოგვიყევით ამის შესახებ.

თამარ კირვალიძე-ოვჩარენკო: დიახ, ჩვენთვის, ისივე როგორც მათთვის, შედარებით მარტივია, როდესაც ახლოს ცხოვრობ და საკუთარი ოჯახის დიდი ხნით დატოვება არ გიწევს. ყოველ წელს, ჩვენ ვთავაზობთ დასაქმებას იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, რომლებსაც კარგად ვიცნობთ და ვენდობით. ბოლო წელს, ბანაკში ორი ადამიანი, სწორედ ასე გვყავდა და მსურველი კიდევ ბევრია.

HR hub: რა არის ამ ბანაკის მთავარი მიზანი?

თამარ კირვალიძე-ოვჩარენკო: ბანაკის მიზანი ლაღი ბავშვობის გატარებაა. ბავშვები აქ  წყდებიან ყველანაირ ეკრანს. ბანაკში არც ტელევიზორია, არც ინტერნეტი და არც ტელეფონი. ისინი მთელ დროს ატარებენ სხვადასხვა აქტივობაში: კაჟდებიან სოფლის ჰაერზე, თამაშობენ ქვიშაში, ცურაობენ აუზში, უვლიან ცხოველებს, სეირნობენ სოფელში, ჰყვებიან საინტერესო ამბებს, თამაშობენ ლოგიკურ და სამაგიდო თამაშებს.

ბანაკი პატარებს საშუალებას აძლევს ისწავლონ უფროსებისგან და ზოგ შემთხვევაში პირიქით, მისცენ ერთმანეთს  კარგი მაგალითი. მათ ძალიან უყვართ სოფელი და ზედმიწევნით იციან პაპისგან მათი წინაპრების ამბავი.

ბანაკის განმავლობაში უფროსი შვილიშვილი წერს სცენარს და ამ სცენარის მიხედვით „გამოსაშვებ“ საღამოს აორგანიზებს. ამ ღონისძიებაში ყველა ბავშვია ჩართული. სპექტაკლი, სიმღერა, ცეკვა, ხალისიანი ნომრების ემოცია მშობლებს და სხვა ოჯახის წევრებს მთელი წელი მიჰყვებათ.

HR hub: რა გინდათ, რომ ბავშვებმა ბანაკიდან წაიღონ?
გელა კირვალიძე: 
პირველ რიგში, მათ ბავშვობის დაუვიწყარი მოგონებები მიაქვთ ბანაკიდან. ბებია-პაპის, ერთმანეთისა და დიდი ოჯახის სიყვარული მათ ემოციურად აძლიერებს და ფუნდამენტურ ღირებულებებს უყალიბებს.

HR hub: რაიმე სიახლის შეტანას ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ ბანაკში?

თამარ კირვალიძე-ოვჩარენკო: იდეები ბევრია… მთავარი მათი განხორციელებაა!

HR hub: შესაძლებელია მკითხველს სურვილი გაუჩნდეს თავადაც დააორგანიზოს მსგავსი ბანაკი. რას ურჩევდით მათ?

გელა კირვალიძე: თუ ვინმე გადაწყვეტს მსგავსი ბანაკის შექმნას, აუცილებლად მიზნად დაისახოს: ბავშვებს შორის სიყვარულის გაღრმავება, მათთან საერთო ენის გამონახვა და სხვადასხვა უნარის გამომუშავება, რათა მათ თავად გააანალიზონ ცხოვრების მთავარი ღირებულებები და შეძლონ კეთილი მიზნების მიღწევა ცხოვრებაში.

  •  
  •  
  •  
  •