შემოგვიერთდით

მარიამ ჯანჯარია – საქართველოს უნივერსიტეტის ლიდერი ლექტორების HR

“HR მენეჯერს არასდროს უნდა დაავიწყდეს, რომ საუკეთესო შედეგი შრომით და სიყვარულით მიიღწევა”… – ამ სიტყვების ავტორი საქართველოს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ჯანჯარიაა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ინტერვიუდან შეიტყობთ.

HR hub: მარიამ მოგვიყევით როგორ აღმოჩნდით ადამიანური რესურსების სფეროში და როდის დაიწყო თქვენი და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთობა?

2007 წელს აშშ-ის მაშინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის სახლში კულტურისა და პრესის ატაშეს როვენა ქროს ნაჯაფის გაცილების საღამო იყო. წვეულებაზე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, მანანა სანაძეც იყო მიწვეული. ვიცოდი, რომ ჩემი უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი იყო, თუმცა პირადად არ ვიცნობდი. გამოველაპარაკე, როდესაც გაიგო, რომ აშშ-ის საელჩოში კონკურსის შედეგად მოვხვდი, გაუხარდა. შემომთავაზა, რომ საელჩოში კონტრაქტის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის ვაკანსიებით დავინტერესებულიყავი. მაშინ სოციალურ მეცნიერებებს ვსწავლობდი და მალე ახალ გახსნილი ბიბლიოთეკის პიარი ჩავიბარე. ორ თვეში, უნივერისტეტის HR მენეჯერის პოზიცია გათავისუფლდა და გადმიყვანეს. პარალელურად, სამაგისტრო კურსი გავიარე HRM-ში. აი, ასე შემიყვარდა საქართველოს უნივერსიტეტი და HR. მას მერე არც ერთისთვის არ მიღალატია.

HR hub: გარდა იმისა, რომ მუშაობთ საქართველოს უნივერსიტეტში, ასევე ასწავლით HR მენეჯმენტს სტუდენტებს. რა არის პირველი, რასაც რასაც თქვენს სტუდენტებს ეუბნებით? 

სტუდენტებთან მუშაობა ჩემთვის დიდი პასხუხსიმგებლობაა. მათთან ურთიერთობა მოითხოვს, რომ მუდმივად ფორმაში იყო, მუდმივად იმუშაო საკუთარ თავზე, მუდმივად განვითარდე… არის რამდენიმე საკითხი, რასაც სტუდენტებს თავიდანვე ვეუბნები.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ HR-ში მზა რეცეპტები არ არსებობს. ზოგადად ის, რაზეც ლექციაზე ვსაუბრობ, რასაც მე ვასწავლი და რაც ადამიანებს შეეხებათ, ვერ იქნება აბსოლუტური ჭეშმარიტება. ამიტომ მოვუწოდებ სტუდენტებს, გადაამოწმონ, შემედავონ, თვითონ გამოიჩინონ გარკვეულ საკითხებზე მუშაობის ინიციატივა. წავახალისებ, რომ თავადაც გვასწავლონ რამე.

გვაქვს ასეთი პრაქტიკაც: სტუდენტები ყოველ ლექციაზე ამზადებენ 2-3 წუთიან პრეზენტაციებს და ლექციის ბოლოს გვიზიარებენ თავიანთ აღმოჩენებს მაგალითად, პარეტო 20/80-ზე, პიტერ დრაკერზე, ინდიგოებზე, დროის მართვაზე, ნლპ-ზე, MOOC-ებზე, სტრესის მართვაზე და ა.შ.

მიუხედავად იმისა, თუ რა საქმეს აირჩევენ კარიერაში, ვცდილობ დავანახო შრომითი ეთიკის მნიშვნელობა პროფესიონალიზმში.

მწამს, რომ დარგის ცოდნა აუცილებელია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყო კარგი მასწავლებელი. ამ დროს კარგ მასწავლებელს რამხელა ძალა აქვს საზოგადოების განვითარებაში! ვისურვებდი, რომ ცოტათი მაინც შევძლო სტუდენტებში პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა, მინდა შემეძლოს, შევაყვარო მათ ის, რასაც ვასწავლი. ამისთვის კი, ჩემი მხრიდან უდიდესი შრომა და მოთმინებაა საჭირო.

HR hub: როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემა სად გვაქვს დღეს საქართველოში?

ახალგაზრდების დასაქმება ყველაზე პრობლემური მაინც რეგიონებშია, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით. სამუშაო ადგილების სიმწირე იწვევს ახალგაზრდების ბუნებრივ მიგრაციას ისეთ წერტილებში, სადაც დასაქმების პოტენციალი მეტია – ანუ თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ

ა) რეგიონებში  პროფესიონალების ნაკლებობაა;

ბ) მუშახელის სიბერე და თაობებს შორის ნაპრალი (generation gap) ადრე თუ გვიან აზარალებს საქმეს.

გარდა ამისა, არის ზოგადი შინაარსის პრობლემები, რაც მთელ მსფოლიოში და საქართველოშიც აქტუალურია. ერთ-ერთი მათგანი არის უნარების სხვაობა, უფსკრული (skill gap) – მდგომარეობა, როდესაც მიუხედავად უმუშევრობის დონისა, დამსაქმებელს უჭირს შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლის პოვნა. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ განვითარებულ მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ე.წ. რბილი უნარები (soft skills), როგორიცაა შემოქმედებითი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება და ა.შ.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მილენიალებს ბევრი კარგი თვისება გამოარჩევთ წინამორბედი თაობებისგან, რაც მათ სასურველ სამუშაო ძალად აქცევს: მილენიალები უფრო მოქნილები არიან, ადვილად ეგუებიან სიახლეებს, ტექნოლოგიებს და ა.შ.

HR hub: სად ხედავთ აღნიშნული პრობლემების მოგვარების გამოსავალს?

რეგიონებში ახალგაზრდების დასაქმების პრობლემისგან გამოსავალს კერძო სექტორის განვითარებაში, ნაკლებ რეგულაციებში და რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში ვხედავ. თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამ ყველაფერზე საუბარი მარტივია და სინამდვილეში გრძელვადიანი ხედვა, სტრატეგია, თანმიმდევრულობა და ბევრი შრომაა საჭირო.

რაც შეეხება უნარების სხვაობას (skill gap) ჩემი აზრით, გამოსავალი განათლებაშია, განსაკუთრებით ზოგადი განათლების საფეხურზე და არაფორმალურ განათლებაში. სამწუხაროდ, წლების მანძილზე ჩვენი სასკოლო განათლების ძლიერი მხარე არ ყოფილა ე.წ. რბილი  უნარების განვითარება. მგონია, რომ ეს იცვლება და ნელა, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ. ასევე უნდა ითქვას არაფორმალურ განათლებაზე და თვითგანვითარებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიებმა გააჩინა უამრავი საშუალება თვითგავითარებისთვის: დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ ან მიზერული ფასის სანაცვლოდ გაიაროს ტრენინგები, შეიძინოს ახალი უნარები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერ ანაცვლებს აკადემიურ განათლებას.

HR hub: დაასრულეთ ფრაზა HR მენეჯერი არასდროს …

ზოგადად არ მიყვარს სიტყვა „არასოდეს“. ვცდილობ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენო. ვიტყოდი, რომ HR მენეჯერს არასდროს უნდა დაავიწყდეს, რომ საუკეთესო შედეგი შრომით და სიყვარულით მიიღწევა და ისიც, რომ მთავარი ღირებულება ადამიანია.

  •  
  •  
  •  
  •