შემოგვიერთდით

ოქტომბრიდან მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მასწავლებლებს ხვდება. 

პრემიერის განცხადებით, 2019 წლის ოქტომბერში ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს სტატუსი ანაზღაურება გაეზრდება. პედაგოგების გარდა ხელფასები ეზრდებათ რესურს ცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც. მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა ბუნებრივია შეეხებათ ამავე დროს მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და  მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.

პრემიერმა ისაუბრა, რომ პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები ოქტომბერში მიიღებენ 2 წლის ჯამურ ხელფასს და შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

,,განათლება ეს არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ. ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ოკუპაციას და ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო XXI საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა და საქართველო ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიცხვში. ჩვენი განათლების რეფორმა ეფუძნება ჩვენს ეროვნულ დემოკრატიულ ღირებულბებს და მთლიანად მორგებულია საქართველოს დღევანდელ რეალობას.

განათლების რეფორმა მოიცავს 5 დონეს:

  • სკოლამდელი განათლება
  • საშუალო განათლება
  • პროფესიული განათლება
  • უმაღლესი განათლება
  • მეცნიერება განათლება

ნებისმიერი განათლების რეფორმის წარმატება ეფუძნება საშუალო განათლებას. სკოლა არის ქვაკუთხედი ქვეყნის სიძლიერისა. მასწავლებლების შრომის ანაზღაურება იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი. ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  •  
  •  
  •  
  •