შემოგვიერთდით

პროფესიონალი მეღვინეების პირველმა თაობამ საქართველოში გამოსაშვები გამოცდა ჩააბარა

პროფესიონალი მეღვინეების პირველმა თაობამ საქართველოში გამოსაშვები გამოცდა ჩააბარა.

ივლისის შუა რიცხვებში საქართველოში პირველად ჩატარდა გერმანული მოდელის დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გამოსაშვები გამოცდები. მეღვინის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ქინძმარაულის კორპორაციის ტერიტორიაზე მდებარე პროფესიული განათლების საწარმოში ჩააბარეს პრაქტიკული გამოცდა, რომლის დროსაც კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან შემდგარ საგამოცდო კომისიას თავიანთი კომპეტენციები და შესაძლებლობები უჩვენეს.

საქართველოს ღვინის ასოციაციის წარმომადგენლის თათა ჯაიანის თქმით, დუალური პროფესიული განათლების პროგრამის დანერგვით ამ სექტორში პირველად შეიქმნა პერსონალის განვითარების შესაძლებლობა: „კურსდამთავრებულები თავიანთი პროფილით საუკეთესოდ შეესაბამებიან ჩვენი წევრი ფირმების მოთხოვნილებებს. პირველად კერძო სექტორი მონაწილეობდა არა მარტო სასწავლო გეგმის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში, არამედ ასევე პირდაპირ კოორდინაციას უწევდა საგანმანათლებლო და საგამოცდო პროცესებს.“

მეღვინის დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ღვინის სექტორში მოქმედ 20 ფირმასთან თანამშრომლობით 2016 წლის შემოდგომიდან ამოქმედდა ორ პროფესიულ სასწავლებელში (აისი და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი). სხვადასხვა დარგში გერმანული მოდელის დუალური პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვა ხდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ მეშვეობით, რომელსაც GIZ-ი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით ახორციელებს.

  •  
  •  
  •  
  •