შემოგვიერთდით

პროფესიული გადამზადების პროგრამა გაიხსნა, რა კურსები ჩატარდება და ვისთვის?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღეს პროფესიული გადამზადების პროგრამა გახსნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში მნიშვნელოვან საკითხებს უთმობს ყურადღებას მათ შორის – ინფრასტრუქტურას, პროფესიულ განვითარებას საკმარისი მნიშვნელობა არ ენიჭება.

ქობულიას თქმით, ტურისტების და ინვესტორების მოსაზიდად პროფესიული გადამზადება მნიშვნელოვანი კომპონენტია.“პროფესიული გადამზადების პროგრამა” ჩვენ ეკონომიკურ გეგმაში უმნიშვნელოვანესია, რათა ინვესტორების მოზიდვა შევძლოთ.

ინვესტორები არ შემოდიან, რადგან ისინი ვერ ხედავენ, რომ ჩვენ კვალიფიციური მუშა ხელი გვყავს. ბევრი პრობლემა არსებობს, თუმცა ეს ერთ-ერთია. ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი სექტორია”, – განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კონკრეტულად ტურისტების მომსახურების ხარისხი და გიდები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა.“სტუმრის მომსახურების კვალიფიკაცია პრობლემაა და ამ კვალიფიკაციის ამაღლებით ტურიზმის მომსახურების ხარისხში ბევრ პრობლემას გადავწყვეტთ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია; თუ ეს არ მოვაწესრიგეთ, ზრდას რაც ტურიზმში გვაქვს, დავკარგავთ; ასევე გიდების გადამზადების პრობლემა დგას. ჩვენ ღვინისა და კულინარიის გიდების, ასევე სათავგადასავლო-გამყოლი გიდების ტრენინგებს ვგეგმავთ, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

წელს, მთავრობა ტურიზმის სფეროში 1500 ადამიანის გადამზადებას გეგმავს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენიგები განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში და ტურისტულად დატვირთულ ქალაქსა თუ დაბაში.

სასწავლო კურსები ჩაუტარდებათ:

  1. განთავსების, კვებისა და აგრო ტურისტული ობიექტების თანამშრომლებს,
  2. კულტურული ტურიზმის და ღვინის  გიდებს,
  3. სამთო გამყოლებს,
  4. მუზეუმის თანამშრომლებს;
  5. სათავგადასავლო ტურიზმის ინსტრუქტორებსა და სამთო გამყოლებს.

სასწავლო კურსები ჩატარდება 20 -ზე მეტ თემატიკაში, როგორიცაა: 

  • მომსახურების უნარ-ჩვევები და სერვის +;
  • მარკეტინგი და გაყიდვები;
  • უცხო ენა;
  • აგრო ტურისტული ობიექტების მართვა;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მართვა;
  • ჰიგიენა და უსაფრთხოება;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება;
  • შშმპ პირთა მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • კულტურული გიდების ტრენინგი;
  • ღვინისა და კულინარიის გიდების ტრენინგი;
  • სათავგადასავლო გამყოლების ტრენინგი და სხვა.

ტრენინგის გავლის შემდეგ თითოეულ მონაწილეს ადმინისტრაციის მხრიდან გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

  •  
  •  
  •  
  •