შემოგვიერთდით

რა დაევალება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს, რომელთა ხელფასიც 159 000 ლარამდე იქნება

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს. 

„საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება“, – წერია საქართველოს კანონში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“.

აპლიკაციის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი წევრებისთვის საქართველოში მუდმივად ყოფნა სავალდებულო არ არის. საბჭოს წევრები საქართველოს წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა ესტუმრონ, ხოლო წლის განმავლობაში 72 საათი უნდა ჰქონდეთ ნამუშევარი. მათი წლიური ხელფასი 60 000$-მდე იქნება და აგრეთვე ყველა სამგზავრო ხარჯი აუნაზღაურდებათ.

საინვესტიციო საბჭო:
ა)კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
ბ) საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და ამ კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;
გ) არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას;
დ) ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა;
ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან, დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;
ვ) შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს);
ზ) განსაზღვრავს და საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.

განაცხადების მიღება 20 აპრილამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც შესარჩევი კომისია კანდიდატებს ხუთი დღის ვადაში შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს. საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს საკანონმდებლო ორგანო ხუთი წლის ვადით აირჩევს.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • CV
  • სამოტივაციო წერილი
  • შესაბამისი დიპლომებისა და ნიშნების ასლები

შესარჩევ კომისიაში შედიან: საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის წევრები აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ზურაბ ლალაზაშვილი.

განაცხადის სანახავად გადადით ბმულზე: https://bit.ly/2WorPUh

 

  •  
  •  
  •  
  •