შემოგვიერთდით

რა უპირატესობები აქვს ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში სწავლას?

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსს წავაწყდით: “უგულშემატკივრე ქართველ სტუდენტებს ვარშავაში!

48 ქართველი მაგისტრანტი ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში სამაგისტრო ნაშრომს დაიცავს და მოიპოვებს ევროპულ დიპლომს!

წარმატებები ჩვენს გუნდს!”

ბუნებრივია დავინტერესდით და ასე აღმოვჩნდით ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის Facebook გვერდზე, საიდანაც შევიტყვეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ეს უნივერსიტეტი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. უამრავი ვიდეოს, ფოტო ალბომისა და კომენტარის წაკითხვის შემდეგ მივხვდით, რომ სრულიად განსხვავებულ პერსპექტივასთან გვქონდა საქმე და გადავწყვიტეთ მეტი გაგვეგო ამ სამაგისტრო პროგრამისა და უნივერსიტეტის შესახებ.

ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ  ვარშავის მენეჯრმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზატორს, PR აკადემიის დირექტორს ქალბატონ ნათია გოცაძეს.

HR hub: რა უპირატესობა აქვს ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში სწავლას და რა პრიორიტეტების გამო  აირჩიეს სტუდენტებმა კონკრეტულად ეს სამაგისტრო პროგრამა?

ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობას  განაპირობებს იმ კონკრეტული მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან განათლების ახალ პერსპეტივას  ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე.

პირველ რიგში ეს არის შესაძლებლობა საქართველოში მიიღო უმაღლესი ევროპული განათლება,  საერთაშორისო სტუდენტის სტატუსი და დიპლომი, რომელიც დღეს არსებული კონკურენციის პირობებში თვითრეალიზებისა და კარიერული წინსვლის საუკეთესო  პირობას წარმოადგენს.

შემდეგ უპირატესობად  გამოვყოფდი პროგრამის შინაარსსა და სწავლების უახლეს მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს ,,სწავლა-კეთებით” მიდგომებს და მთლიანად ორიენტირებულია ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებაზე. ამიტომაც ჩვენთან სალექციო კურსის წარმართვა ხდება ქოუჩინგის მეთოდებით, ლექციებს აქვს ინტერაქტიული ხასიათი, ტარდება როლური თამაშები, მუდმივად ხდება ინოვაციური იდეების ინსპირაცია, იქმნება რეალური ბიზნეს პროექტები.

მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სწავლების პირობები, რომლებსაც ჩვენ ვუქმნით სტუდენტებს,  კერძოდ:  ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, ეკოლოგიური გარემო, უახლესი სტანდარტებით აშენებული, თანამედროვე დიზაინის ახალი შენობა, მეგობრული ადმინისტრაცია, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და პრაქტიკოსი სპეციალისტები. ასევე ის, რომ ლექციების ცხრილი მორგებულია სამუშაო პირობებზე, რაც საშუალებას აძლევს  დასაქმებულ სტუდენტებს ერთმანეთს შეუთავსონ სამუშაო და სასწავლო გრაფიკები.

და რაც მთავარია შედეგი, რომლებიც ამ პროგრამის დაწყებისთანავე თვალსაჩინოა  და ეს არის ახალი პოტენციალის აღმოჩენა საკუთარ თავში, რაც უკვე მალევე აისახება ჩვენი სტუდენტების პიროვნულ  მოტივაციაში, კარიერულ ზრდაში, თვითდასაქმებისა თუ დასაქმების მაღალ მაჩვენებელში.

ამრიგად, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის არჩევითი სტუდენტები ირჩევენ საუკეთესო პერსპექტივას, იყვნენ უფრო მეტად თვითრეალიზებულები და კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე.

HR hub: როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

PR აკადემიის დაარსების დღიდან მე და ჩემმა გუნდმა დავისახეთ მიზანი – შეგვექმნა განათლების ისეთი სისტემა, სადაც ცოდნის მიღება ადამიანის დასაქმებისა და განვითარების გარანტი იქნებოდა.  2015 წელს, როდესაც ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარტნიორობა შემოგვთავაზეს ჩვენ დავინახეთ, რომ სწორედ ეს იყო, რაც ასე სჭირდება ჩვენს საზოგადოებას – ევროპული განათლება და საერთაშორისო თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებაზე აგებული სასწავლო პროცესი საქართველოში, ოჯახის, სამსახურის  და ჩვეული ყოველდღიურობის პარალელურად.

გადაწყვეტილების მიღება ასევე განაპირობა  იმ ფაქტმა, რომ ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი არის  20 წლიანი გამოცდილების მქონე ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც შედის პოლონეთის პრესტიჟული უნივერსიტეტების ოცეულში,  ჰყავს 40 000-მდე კურსდამთავრებული და აქტიურად აფართოვებს საერთაშორისო პარტნიორების ქსელს. შესაბამისად, ამ თანაშრომლობაში ჩვენ დავინახეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი სასწავლო პერსპექტივის შექმნის რეალური შანსი, რაც მალევე დაადასტურა მიღებულმა შედეგებმა.

პროექტის დაწყებას წინ უამრავი კონსულტაცია, შეხვედრა და განხილვა უძღვოდა. საბოლოოდ, ჩვენ შევიმუშავეთ სისტემა, რომელიც ქართულ-პოლონური იურისდიქციის ფარგლებში ქმნის საქართველოში ევროპული უნივერსიტეტის პროგრამის განხორციელების ახალ მოდელს.

პირველი დღიდანვე ჩვენი მიდგომა სასწავლო პროცესისადმი იყო განსხვავებული და ახალი:

  • ლექცია-ინტერაქტივით!
  • სწავლა – კეთებით!
  • თეორია- პრაქტიკით!

დღეს ეს მიდგომები უკვე სავალდებულო მოთხოვნაა უმაღლესი სასწავლებლებისთვის და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენთვის ეს უკვე აპრობირებულია და  შედეგებზე გასული სწავლების სისტემა მთლიანად ინერგება უმაღლეს განათლებაში.

HR hub:როგორია მაგისტრანტების მიღების პროცედურა?

მიღების პროცედურა სხვა ევროპული უნივერსიტეტების ანალოგიურია. მაგისტრანტების შერჩევა ხდება გასაუბრებისა და  სამოტივაციო წერილის საფუძველზე, რის შემდეგაც სამუშაო გამოცდილებისა და სხვა მონაცემების  გათვალისწინებით იგზავნება რეკომენდაციები ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში  ჩარიცხვის თაობაზე. დადებითი პასუხის მიღების შეთხვევაში სტუდენტს ენიჭება ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის მაგისტრანტის სტატუსი.

HR hub: როგორც ვიცით დიპლომების დაცვა ხდება ვარშავაში და სად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი?

ძირითადი სალექციო კურსი ტარდება საქართველოში. ვარშავაში პირველი ვიზიტი ხორციელდება მეორე სემესტრის დასრულებისას, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ინტენსიური სასწავლო პროცესი და პროგრამით გათვალისწინებული კონკრეტული საგნების ათვისება.

სადიპლომო ნაშრომებზე მუშაობას მაგისტრანტები უკვე მესამე სემესტრიდან იწყებენ შერჩეულ მენტორებთან ერთად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თემის აქტუალურობას, გამოყენებითი კვლევების ხარისხსა და ნაშრომის პრაქტიკულ ღირებულებას.

2 წლიანი სალექციო კურსის დასრულების შემდეგ, მაგისტრანტები კვლავ მიემგზავრებიან ვარშავაში და შესაბამისი კომისიის წინაშე წარადგენენ სამაგისტრო ნაშრომებს, რის შემდეგაც ტარდება დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია.

HR hub: წელს ამ პროცესს აქტიურად ადევნებდა თვალს საზოგადოება სოციალურ ქსელში, როგორი იყო ქართველი სტუდენტების შედეგები?

წლიდან წლამდე  პოლონეთის აკადემიური პერსონალისთვის საქართველოს ჯგუფის სამაგისტრო ნაშრომები და მზაობა მუდმივი აღნიშვნის საგანია. წელს კი ყოველგვარი რეკორდი მოვხსენით – 48 მაგისტრანტმა წარადგინა მისი ნაშრომი და თითქმის სრულმა უმრავლესობამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ასევე აღინიშნა თეზისების მრავალფეროვნება. წელს ჩვენმა გუნდმა 20-მდე განხვავებული მიმართულების კვლევა და სიღრმისეული ანალიზი ჩაატარა, მათ შორის: საბანკო; სადაზღვევო, სახელმწიფო, სამშენებლო, ტურიზმი, აგროსექტორი; მცირე და საშუალო ბიზნესი; რკინიგზა; სატრანპორტი გადაზიდვები; მწვანე შესაძლებლობები; მომსახურების სფერო; ადამიანური რესურსების მართვა; ორგანიზაციული მოტივაციის სისტემები; ღონისძიებების მენეჯმენტი; დროის მართვა საჯარო და კერძო სექტორში; ხელოვნული ინტელექტი; ციფრული მედია; ინფლუენს მარკეტინგი; კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა; ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვ.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პროგრამის ფარგლებში ადამიანი იღებს უნივერსალურ განათლებას თანამედროვე მენეჯმენტში და პროცესშივე ახდენს  ცოდნის ინტეგრირებას  საკუთარ საქმიანობაში.

HR hub: რამდენიმე სიტყვით სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ, კიდევ რა საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ…  

დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენ დავაგროვეთ საქართველოში ევროპული სწავლების 4 წლიანი გამოცდილება, ჩვენი მაგისტრანტები არიან თვითრეალიზებასა და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ახალგაზრდები, აქტიურად ვთანამშრომლობთ  20-მდე ორგანიზაციასთან, უკვე გვყავს 200-მდე წარმატებული კურსდამთავრებული, ჩვენი სტუდენტების ჩართულობით სწავლის პროცესშივე შემუშავდა და განხორციელდა 10-ზე მეტი ინოვაციური ბიზნეს პროექტი.

ეს კი საუკეთესო მოტივაციაა მუდმივად ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები და შევთავაზოთ ადამიანებს პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების საუკეთესო პერსპექტივა იქნება ეს სატრენინგო – საკონსულტაციო მომსახურება, პროფესიული და საკვალიფიკაციო პროგრამები თუ უმაღლესი განათლება.

ამიტომაც, ჩვენი მიზანია საქართველოში შევქმნათ კვლევისა და ცოდნის მიღების ხელმისაწვდომი პირობები, ჩამოვაყალიბოთ საერთაშორისო პლატფორმა განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთქმედებისთვის, ხელი შევუწყოთ საზოგადოების განვითარებას ქვეყანაში. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც მაგისტრანტთა მერვე ნაკადის მიღების პროცესშია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *