შემოგვიერთდით

რა ცვლილებებია დაგეგმილი „საქართველოს შრომის კოდექსში“?

არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ორგანულ კანონში  „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესაძლო ცვლილების შეტანის შესახებ.

გთავაზობთ კანონში შეტანილი ცვლილებების ჩამონათვალს, რომელსაც ხელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აწერს.

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №75, 27.12.2010, მუხ. 461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

  1. მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი  ადგილის,  ასაკის, გარეგნობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, მათ შორის დედობის, ასევე ორსულობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო“.

  1. მე-5 მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დისკრიმინაციის ვარაუდი. დისკრიმინაციის ვარაუდის არსებობისას, კანდიდატის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში დაასაბუთოს უარი და განმარტოს ის მიზეზები, რომლის საფუძველზეც უპირატესობა მიანიჭა შერჩეულ კანდიდატს.“

  1. მე-6 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“11. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 2 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

  1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 ნაწილები:

„6. თუ დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, არ იძლევა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს იმავე დაწესებულებაში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამუშაოს შესრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების შენარჩუნებით. დასაქმებულს ეძლევა ახალი სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება, თუ იგი აღემატება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობას.

  1. ორსულობის პერიოდში დასაქმებულის სამუშაო პირობების შემსუბუქების და მისი მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დასკვნაში მითითებული ვადის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა, დასაქმებული თავისუფლდება შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისაგან, შრომის ანაზღაურების მიღების უფლების შენარჩუნებით. ეს არ ჩაეთვლება ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტითა და 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დროებითი შრომისუუნარობის ვადაში;”
  1. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-111 მუხლი:

“მუხლი 111. დასაქმებულის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

  1. „დამსაქმებელი ხელს უწყობს დასაქმებულთა ტრენინგებში მონაწილეობას, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
  2. დაუშვებელია დისკრიმინაცია ტრენინგში ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვაგვარ კურსში დასაქმებულის მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
  3. დისკრიმინაციის ვარაუდის არსებობისას, დასაქმებულის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დამსაქმებელი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში დაასაბუთოს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შერჩეული დასაქმებულის განათლების, კვალიფიკაციის, სამუშაოს შესრულების უნარ-ჩვევებისა და სხვა გარემოებების შესახებ, რომლებიც არჩეულ პირს არსებით უპირატესობას ანიჭებს.
  4. ტრენინგში ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვაგვარ კურსში დასაქმებულის მონაწილეობა ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.”

  1. მე-14 მუხლ(ი)ს:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. ამათან, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულისათვის დასვენება ყოველკვირეულად უწყვეტად არანაკლებ 24 საათისა.”

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

“5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მშობელს ან მეურვეს/მზრუნველს ან მხარდამჭერს უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით და დამსაქმებელთან შეათანხმოს სამუშაოს შესრულების შინაგანაწესისაგან განსხვავებული პირობები.”

  1. მე-17 მუხლ(ი)ს:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:

ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის;

 ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის.”

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის, მეძუძური ქალის, აგრეთვე დასაქმებულის, რომელსაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობლის ან მეურვის/მზრუნველის ან მხარდამჭერის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.”

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 50%-ით გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.”

დ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

“6. დაუშვებელია დასაქმებულის ყოველკვირეული დატვირთვა აღემატებოდეს 48 საათს, ზეგანაკვეთური სამუშაოს გათვალისწინებით.”

  1. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 18. ღამით მუშაობის შეზღუდვა

აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე. ღამის საათებში მუშაობა ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 50%-ით გაზრდილი ოდენობით.”

  1. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

“მუხლი 191. სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების უფლება

  1. დასაქმებულს სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში და შეუნარჩუნდება ხელფასი.
  2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი ვრცელდება ორსულობის პერიოდში ჩატარებულ სამედიცინო გამოკვლევებზე.
  3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მშობელს ან მეურვეს/მზრუნველს, ან მხარდამჭერს მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება, გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. გაცდენილი სამუშაო საათების რაოდენობა თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო საათების ერთ მერვედს.”
  1. 22-ე მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

“11. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების წინ ან უშუალოდ მის შემდეგ მიუხედავად იმისა, არის თუ არა გასული დასაქმებიდან 11 თვე.”

  1. 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა.”

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

 

  •  
  •  
  •  
  •  
Share via
Copy link
Powered by Social Snap