შემოგვიერთდით

როგორ არჩევენ დამსაქმებლები შრომის უსაფრთხოების კანდიდატებს და რამდენი დიმიტრი გელოვანი გვყავს ქვეყანაში?

ბოლო პერიოდში შრომის უსაფრთხოების პერსონალზე მომატებულმა მოთხოვნამ, კომპანიები დააყენა ამ ადამიანების მოზიდვის და დასაქმების გზაზე, რაც უდავოდ პოზიტიური ძვრაა.

ბიზნესი “რეკრუტმენტს” საკმაოდ ფრთხილად ეკიდება და ცდილობს, რომ შესაბამისი ვაკანტური პოზიციები მაქსიმალურად მულტიფუნქციური ადამიანებით შეავსოს.

დღევანდელი ბლოგ-პოსტი გვინდა დავუკავშიროთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აყვანა-გასაუბრების პროცესს და კომპანიების მიერ დასახელებულ შერჩევის კრიტერიუმებს. ჩვენ გავესაუბრეთ არაერთ კანდიდატს, რომლებიც მსგავს პოზიციებზე გასაუბრებაზე და ტესტირებაზე იყვნენ და არა მხოლოდ რომელიმე ინდუსტრიაში მოქმედ ორგანიზაციებთან, არამედ თავად შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიებთანაც კი.

გასაუბრებებზე და ტესტებზე ძირითადი კითხვები დაკავშირებულია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. ანუ პროცესი უმეტესწილად ასე მიდის: კომპანიის ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის (HR-ის) წარმომადგენელი ან კომპანიის იურისტი დაისვამს შრომის უსაფრთხოების სფეროში სამუშაოს მაძიებელ კანდიდატს და სთხოვს უსაფრთხოების სფეროსთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კანონების, ტექნიკური რეგლამენტებისა და დადგენილებების ფაქტიურად ზედმიწევნით ზეპირად ცოდნას.

რომ დაფიქრდე, აბა რა უნდა ჰკითხო შრომის უსაფრთხოების პერსონალს თუ არა კანონმდებლობის საზეპიროსავით ,,ჩამორაკრაკება”?! ხომ არ დაისვამ და გამოარკვევ:

  • რამდენად მოქნილი და კომუნიკაბელური ადამიანია;
  • რამდენად აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • შეუძლია თუ არა საფრთხეების ამოცნობა და მათგან გამომდინარე რისკების შეფასება;
  • ესმის თუ არა შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები და აქვს თუ არა ცოდნა ამ სფეროს მართვისათვის საჭირო მეთოდოლოგიების შესახებ; ი
  • ცის თუ არა როგორ ხდება მაჩვენებლების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
  • აქვს თუ არა რაციონალურად პრაქტიკული კონტროლის მექანიზმების დანერგვის უნარი? ეს ყველაფერი ხომ მეორეხარისხოვანია, მთავარია რეგლამენტის მე-8-ე მუხლის მე-14-ე პუნქტში რა წერია ის გიპასუხოს სხაპასხუპით.

აქვე ჩნდება განცდა, რომ შრომის პირობებზე და ურთიერთობებზე ფოკუსირებული იურისტები პრაქტიკულად შრომის უსაფრთხოების პერსონალის ექვივალენტი პროფესია ყოფილა. მაშინ რაღად გვინდა ამდენი შრომის უსაფრთხოების ტრენინგ ცენტრი? პირდაპირ ავიყვანოთ იურისტები შრომის უსაფრთხოების პოზიციებზე, დავახუროთ ჩაფხუტები და გავუშვათ ობიექტებზე!

აქვე დავძენთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მომხრე ვართ, შრომის უსაფრთხოების პერსონალმა ზეპირად იცოდეს ყველა ინდუსტრიაში მოქმედი კანონქვემდებარე აქტები და ნორმები; კარგად იცოდეს შრომითი ურთიერთობების ასპექტები და საერთაშორისო სტანდარტებიც, ასევე იყოს კომუნიკაბელური და კრიტიკულად მოაზროვნე. ეს სავარაუდოდ საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ასეთი ერთი იყო დიმიტრი გელოვანი და სამწუხაროდ ისიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.

ალბათ ლოგიკურია, რომ განვიხილოთ მოწინავე ქვეყნების მიდგომა „რეკრუტმენტის“ ეტაპზე. მსოფლიოს ყველა წარმატებულ ქვეყანას და ორგანიზაციას ის გზა, რასაც დღეს საქართველო გადის შრომის უსაფრთხოების განხრით, უკვე დიდი ხანია გავლილი აქვს და საკმაოდ წარმატებითაც. ამიტომ, ალბათ არ იქნება ურიგო, თუ გარკვეულ მაგალითებს მათგანაც გადავიღებთ. შრომის უსაფრთხოების დარგის პროფესიონალი პირველ რიგში კრიტიკულად და ლოგიკურად მოაზროვნე პირია, რომელსაც მიღებული აქვს ის საბაზისო ცოდნა და უნარები, რაც მას შრომის უსაფრთხოების ასპექტების მართვაში დაეხმარება; ასევე რაღა თქმა უნდა ამ ცოდნას ზურგს ველზე მიღებული გამოცდილებაც უმაგრებს. შესაბამის ინდუსტრიაში მოხვედრილი კანდიდატი ბიზნესთან ადაპტირების ეტაპზე ეცნობა საქმიანობის სფეროს და სპეციფიკას, იღებს ნიშნულებს საკანონმდებლო რელევანტურობიდან გამომდინარე და აგროვებს შესაბამის ინფორმაციას ამა თუ იმ კანონიდან, რეგლამენტიდან, თუ ნორმიდან რაც მის სამუშაო სივრცესთან არის რელევანტური.

ცალსახად აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც სამსახურეობრივად გააჩნიათ საკანონმდებლო საკითხებთან შეხება, არ ან ვერც შეიძლება ზეპირად ფლობდნენ კონკრეტულ საკანონმდებლო თეზისებს, მუხლებს და თავებს, მაგალითად: ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეებიც კი და თავისთავად შრომის უსაფრთხოების პერსონალი (წიგნის გადაშლა და შესაბამისი აქტის მოძებნა არ არის პრობლემა, მთავარია იცოდე რა უნდა მოძებნო).

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო  საუკეთესო გამოცდილება და დარგის პროფესიონალებმა, საზოგადოებამ და ზოგადად ქვეყანამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს შრომის უსაფრთხოების სპეციალობის ფილოსოფიის, არსებული მეთოდოლოგიების, მართვის სისტემის სპეციფიკის შესწავლას და პირადი უნარების განვითარებას, ვიდრე კანონების და რეგლამენტების დაზეპირებას.

სტატია მოამზადა:  SafCo-ს დამფუძნებელმა დავით თხელიძემ.

 

  •  
  •  
  •  
  •