შემოგვიერთდით

როგორ მიიღო 112-ის ოპერატორმა საკუთარი მამის ზარი

მოგეხსენებათ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, ოპერატორებს 24 საათიან რეჟიმში ძალიან სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა.

112-მა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ერთ-ერთი ოპერატორის ამბავი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძალიან ძნელია ადამიანებთან ურთიერთობა ემოციურ ფონზე, ამოსუნთქვით უნდა მიხვდე, რა სჭირს’’
112-ის ოპერატორი, თეონა რობაქიძე, რომელიც თითქმის 6 წელია ამ პროფესიით არის დაკავებული გვიამბობს:

დღესასწაულების პერიოდში განსაკუთრებით დიდი მობილიზება გვმართებს ოპერატორებს, რადგან შემთხვევები საგრძნობლად იმატებს და თითოეული წამი შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს ადამიანისთვის.

აღდგომის კვირა თენდებოდა, სამუშაო საათებს ვასრულებდი, როდესაც ნაცნობი ნომერი შევამჩნიე მონიტორზე – მამა რეკავდა, ამ დროს უჩვეულო არაფერი მიგრძვნია.ოპერატორის პოზიციიდან ვუპასუხე:

– 112 გისმენთ!
– სასწრაფო დახმარება გვჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად. – ვიცანი მისი აკანკალებული ხმა, ანერვიულებული იყო, არ დამვიწყებია ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა და ვკითხე მისამართი, ველის შევსებისას დაზარალებულის ვინაობა-მდგომარეობა გამოვკითხე.
– ჩემი მეუღლეა… უგონო მდგომარეობაში. – მიპასუხა მამამ
სუნთქვა გამეყინა, ალბათ ფერიც დავკარგე არ ვიცი… გამახსენდა დედასთან გატარებული წუთები, თვალწინ ჩამიარა ყველაფერმა.
– კარგით, დამშვიდდით, ახლავე გამოვგზავნით სასწრაფო დახმარებას.

– ზოგჯერ საკუთარი თავის გამხნევების საუკეთესო საშუალებაა ვინმე გაამხნევო, მაგრამ თუ „ვინმე“ საკუთარი მშობელია, ეს არ ამართლებს. ძალიან ძნელია ადამიანებთან ურთიერთობა ემოციურ ფონზე, ამოსუნთქვით უნდა მიხვდე, რა სჭირს.

სასწრაფო დახმარება მალევე მივიდა დანიშნულების ადგილზე, ამჟამად დედა თავს კარგად გრძნობს, თუმცა ეს ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება.”

 

 

  •  
  •  
  •  
  •