შემოგვიერთდით

საქართველომ ამერიკას ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნაზე უარი უთხრა

დადასტურდა, რომ ოფიციალურმა თბილისმა უარი უთხრა ვაშინგტონს, საქართველოში ელჩად დაენიშნა ბრიჯიტ ბრინკი. – საქართველოს  ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა ამის შესახებ სოციალურ ქსელში  წერს. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ამიტომ გაიწელა პროცესი და ახლა ახალი კანდიდატურა წამოაყენა ამერიკამ. შედეგად, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს არ ჰყავს სენატის მიერ დამტკიცებული ელჩი უკვე წელიწადნახევარია.
ეს მართლაც სკანდალური შემთხვევაა. ასეთი პრეცედენტები კი არსებობს დიპლომატიის პრაქტიკაში, მაგრამ უკიდურესად იშვიათი და შესაბამისად ძალიან განსაკუთრებულია, მითუმეტეს მეგობრულ ქვეყნებს შორის.
როცა ეს საკითხი შარშან ჭორად გავარდა, ცნობილი სტატიის ავტორმა დამირეკა. რადგან დაზუსტებული ინფორმაცია არ მქონდა, უარი ვუთხარი კომენტარზე. ჩემი აზრი კი ვუთხარი, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი თბილისის უარს ვაშინგტონისადმი. თურმე, ძალიანაც ვცდებოდი. მართლაც ძალიან სამწუხარო ამბავია, სამარცხვინოც და დამაზიანებელიც სახელმწიფოს სანდოობისთვის და ინტერესებისთვის.
არადა, როგორც დენ ფრიდმა სამართლიანად თქვა – აშშ-ის ინტერესი საქართველოს და არა რომელიმე პარტიის მხარდაჭერაა, ანუ სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატია.
სანამ ამას ვერ მიხვდებიან პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა თუ სახელმწიფო უწყებებში, მანამ დებატებში უპირატესი იქნება შეთქმულების თეორიები და საგარეო პოლიტიკური ილუზიები. ერთ-ერთი ასეთი ილუზიაა სწორედ იმაზე გათვლა, რომ ვითომ და ხელისუფლებისთვის მიუღებელი კანდიდატის დაბლოკვით, მმართველი ძალა მოიგებს საერთაშორისო ასპარეზზე ან ვაშინგტონის პოლიტიკურ-დიპლომატიურ წრეებში. პირიქით, ასეთი აზროვნებით და ქმედებებით ვიქნებით ქვე-ყანა და არა სახელმწიფო.

პ.ს. ფოტოზე მარცხნივ არის დაწუნებული ბრიჯიტ ბრინკი, უშგულში მაკკეინის ვიზიტისას 2006 წელს. 20 წლის გამოცდილების კარიერული დიპლომატია, 2-ჯერ მუშაობდა თბილისში საელჩოში, შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტში რეგიონის მთავარი კურატორი და ჩინებული პროფესიონალის სახელიც დატოვა ყველგან ირგვლივ. ჩვენი უარის შემდეგ სლოვაკეთში გაუშვეს ელჩად”.

  •  
  •  
  •  
  •