შემოგვიერთდით

უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით 3.9%-ით მაღალია

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.8 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის I კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.8 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე უცვლელი დარჩა, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 3.9 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში შემცირდა 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით.

 

  •  
  •  
  •  
  •