შემოგვიერთდით

შეისვენე და განვითარდი – 15 წუთიანი სასარგებლო რუტინა

რაც არ უნდა სასიამოვნო საქმეს ვაკეთებდეთ სამსახურში, არის პერიოდი როდესაც ჩვენი ყოველდღიური დავალებები რუტინული ხდება და მოსაწყენიც კი.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვერ გავექცევით. მით უფრო რომ, დასაქმებულთა უმეტესობის სამუშაო პროცესი ბევრ  ფუნქცია-მოვალეობას მოიცავს – მეილებზე პასუხი, დოკუმენტები, შეხვედრები, თათბირები და ასე შემდეგ. კრეატიული საქმის მიღმაც კი დგას აღნიშნული თემები.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე გზას, რათა ყოველდღიურად დავუთმოთ დრო საკუთარ თავს – შევისვენოთ, განვვითარდეთ და 15 წუთით მოვწყდეთ ჩვენს საქმეს. ამისათვის, საჭიროა სწორად დავგეგმოთ ჩვენი სამუშაო დღე.

  1. პირველ რიგში აუცილებელია პატარა კვლევა ჩავატაროთ საკუთარ თავთან. დავფიქრდეთ რისი გაკეთება გვსურს და ვერ ვასწრებთ სამსახურის გამო. ასეთი საქმე შეიძლება იყოს როგორც დამატებითი ცოდნა ჩვენს პროფესიაში, აგრეთვე სხვა უნარი, რაც გვინდა რომ განვავითაროთ ჩვენში.  მაგალითად – რომელიმე უცხო ენის სწავლა ან არსებული ცოდნის გაუმჯობესება, კომპიუტერული პროგრამის შესწავლა და ასე შემდეგ.
  2. მას შემდეგ რაც პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ და გვეცოდინება თუ რა უნარის გაუმჯობესება გვსურს, აუცილებელია ყოველდღიური გეგმის შედგენა. შეიძლება საქმიდან გამომდინარე ეს გეგმა ყოველდღე ვერ შევასრულოთ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვეცადოთ. სამწუხაროდ, ყველა დამსაქმებელი ორგანიზაცია არ ზრუნავს დასაქმებულთა განვითარებაზე, ამიტომ პატარა ,,მსხვერპლის” გაღება გვიწევს საკუთარი თავისთვის – შევამციროთ შესვენების დრო, დავრჩეთ 15 წუთით გვიან სამსახურში ან და სულაც მუშაობა დავიწყოთ სწავლით, რომელიც თან კარგ განწყობაზე დაგვაყენებს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საქმის კეთება უფრო თავდაჯერებულს გვხდის და შედეგად ჩვენი პროდუქტიულობაც იზრდება.
  3. ამ ყველაფრის განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს – როგორც ონლაინ საშუალებები, აგრეთვე ბიზნეს ლიტერატურა. ონლაინ სივრცეში ბევრი საიტი არსებობს სადაც უფასოდ, ან მინიმალურ თანხად შეგვიძლია შევისწავლოთ საქმე რომელიც მოგვწონს, ახალ უნარებს შეგვძენს და გაგვხდის უფრო კონკურენტუნარიანს სამუშაო ბაზარზე.

www.udemy.com არის საიტი, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ტრენინგი გაიაროთ ონლაინ, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სივრცეში. შესაბამისად, თუ ჩვენი შესვენების 15 წუთს დავუთმობთ აღნიშნულ საიტს, შეგვიძლია ვისწავლოთ რაიმე ახალი და სასარგებლო. პლატფორმა ბევრ მიმართულებას გვთავაზობს და ხშირად სრულიან უფასოდ. აღსანიშნავია, რომ კურსის სრულად დასრულების შემდეგ საიტი გიგზავნით სერტიფიკატს.

certificate

www.coursera.org – ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც აგრეთვე გვთავაზობთ ონლაინ კურსებსა და ტრენინგებს. საიტზე განთავსებულია სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების კურსები.

up.coorpacademy.com კიდევ ერთი ონლაინ საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით გვთავაზობს კურსებს. საიტზე განთავსებულია ვიდეო გაკვეთილები და სხვადასხვა სახის მასალები. აგრეთვე, საიტი გაძლევთ საშუალებას ჩაერთოთ დისკუსიებში და სხვა მსმენელებთან განიხილოთ ესა თუ ის ტრენინგი და თემა.

,,მთავარია, რომ თქვენს განვითარებაზე ივარჯიშოთ, გაარკვიოთ თუ რა დევს თქვენში და თქვენს სულს გაზრდა აიძულოთ” – კურტ ვონეგუტი.

გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდას!

სტატიის ავტორი: ომარ ტერტერაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *