შემოგვიერთდით

,,ხეს უფრო მეტად შეუძლია ჩვენი ემოციები და იდეები გადმოსცეს” – ოლეგ ბაციკაძე Dream tree-ის დამფუძნებელი

,,Dream tree” – იგივე ,,ნატვრის ხე” სულ ახლახანს დაფუძნებული ხის უნიკალური ნაკეთობების საწარმოა. დიახ უნიკალური იმიტომ, რომ მსგავს ნაწარმს სხვაგან ვერ შეხვდებით. ეს ოლეგ ბაციკაძის დამსახურებაა, რომელსაც თავის საქმე განსაკუთრებულად უყვარს და ამბობს, რომ ყველა პროდუქტი, რომელსაც ქმნის ინდივიდუალურია.

HR hub: ბატონო ოლეგ საიდან გაჩნდა Dream tree-ის შექმნის იდეა?

ჩემი ჰობის და უკვე პროფესიის ბიზნესად ქცევის იდეა ჩემს შვილს გაუჩნდა. ზოგადად ხის ნაწარმზე და მითუმეტეს ექსკლუზიურ ნაწარმზე მოთხოვნა იზრდება, სწორედ ეს იყო ინსპირაცია.

HR hub: რატომ შეარჩიეთ ეს სახელი ,,Dream tree“ ანუ ,,ნატვრის ხე“?

მასალა რომლითაც პროდუქტს ვქმნი არის ყველასთვის, მაგრამ ყველა პროდუქტი რომელსაც ამ მასალისგან ვქმნი არის ერთი კონკრეტული ადამიანსთვის ან ადამიანთა გაერთიანებისთვის, ისევე როგორც „ნატვრის ხე“ არის ყველასთვის, მაგრამ როცა შენ მიდიხარ მასთან და იფიქრებ სურვილს, ის მხოლოდ შენ გეკუთვნის.

HR hub: სად ისწავლეთ ხეზე მუშაობა?

ჩემი ბაბუა და მამა ძალიან კარგად მუშაობდნენ ხეზე და სასწაულ ნაკეთობებს ქმნიდნენ, მე ამ ყველაფერს ბავშობიდან ვუყურებ და ამ სიბერეში გადავწყვიტე, რომ მათ კვალს გავყვე.

HR hub: რატომ ხე და არა სხვა მასალა?

ხე უფრო ინტიმურია სხვა მასალებთან შედარებით. სუფთაა და ტრადიციული ჩემთვის. მგონია რომ ხეს უფრო მეტად შეუძლია ჩვენი ემოციები და იდეები გადმოსცეს.

HR hub: საიდან იღებთ ინსპირაციას დიზაინზე მუშაობის დროს?

ვდილობ თავად მოვიფიქრო, ასევე ჩემი შვილიშვილი, ელენე, არის მთავარი ინსპირაცია. ინტერნეტშიც ბევრ საინტერესო დიზიანს ვნახულობ და მერე ჩემებურად ვცვლი.

HR hub: იმისათვის, რომ ნაკეთობა გამოვიდეს სრულყოფილი, რა არის ყველაზე მთავარი?

მონდომება და განწყობა. ცხადია დანადგარები, რომლებიც კონკრეტული პროდუქტის შექმნისთვის აუცილებელია. ბევრი ჩარხი ჩემით გავაკეთე, რადგან ჯერჯერობით მათი შეძენის შესაძლებლობა არ არის. ფაქტიურად ყველა ძირითადი ინტრუმენტი ჩემი ხელით ავაწყვე.

HR hub: სხვებისგან განსხვავებული ხელწერა გაქვთ, როგორ ახერხებთ ამას?

ალბათ იმიტომ, რომ არასაოდეს ვაკეთებ ზუსტ ასლებს არსებული პროდუქტების, მე თვითონ ვფიქრობ ახალ დიზაინზე და არ ვქმნი სერიულ ნაწარს, ანუ მხოლოდ თქვენ გექნებათ კონრეტული სანათი, მაგიდა, სკამი, ბავშვის სათამაშო და არავის სხვას.
HR hub: სად შეიძლება თქვენი ნაკეთობების შეძენა ან შეკვეთა?

შეკვეთებს ჩემი შვილი იღებს. ძირითადად ფეისბუქის საშუალებით, გვერდი გვაქვს dream tree. ასევე მეგობრები, ნაცნობები და მათი ნაცნობები ურჩევენ ერთმანეთს.

  •  
  •  
  •  
  •