შემოგვიერთდით

25 მაისს შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება

2017 წლის 25 მაისს,  შშმ პირების დასაქმების ფორუმი თბილისი მოლში გაიმართება.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს: თბილისში მოქმედი 20 კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც 60-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ვაკანსიებს შესთავაზებენ და მათ საწარმოში დასაქმების ან სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემენ, ასევე ორგანიზაციის პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენენ, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებს. სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ გასაუბრება მათთვის სასურველ ვაკანსიაზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე, წარმოადგინონ საკუთარი შესაძლებლობები და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამსაქმებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ფორუმზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ქ. თბილისის მერია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, ქ. თბილისის საკრებულო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროექტის პარტნიორები.

დამსაქმებელ ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმში როგორც აქტიური/ისე სარეზერვო ვაკანსიების გამოტანით. ფორუმში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ვაკანსიის სამუშაოს აღწერილობის შესაბამის კანდიდატებს უშუალოდ გაესაუბრონ.

პროექტი მზადაა მხარდაჭერის მიზნით დააფინანსოს კომპანიის ბაზაზე კანდიდატის სასწავლოსტაჟირება, განიხილება ანაზღაურების 50%-იანი სუბსიდირების პროგრამაში ჩართვაც.

დაინტერესებულმა დამსაქმებლებმა, ინფორმაცია ფორუმში მონაწილეობის შესახებ, გთხოვთ მოგვაწოდოთ არა უგვიანეს 10 მაისისა შესაბამისი ფორმით, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია: https://goo.gl/3dtjQn

პროექტის წარმომადგენლები აღნიშნული ფორმის წარდგენის შემდგომ მიიღებენ პოზიციებზე სამუშაოს აღწერილობებს და შეუდგებიან შესაბამისი კანდიდატების მისადაგებას. დამსაქმებელს აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ფორუმამდე.

2016 წლის 18 ნოემბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდა დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25-მა დამსაქმებელმა, 85-მა ბენეფიციარმა, ჩატარდა 300 გასაუბრება, ფორუმს დაესწრო 84 მოწვეული სტუმარი, მათ შორის წარმომადგენლები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სოციალური მომსახურების სააგენტოდან და სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო წყებებიდან, ასევე მედიის წარმომადგენლები. ფოტოებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ლინკს: https://goo.gl/QOhg5r

საქართველოს სამ რეგიონსა და თბილისში 2015 წლის დეკემბრიდან ხორციელდება პროექტი: ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება“. პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი “ოტავა–98” და თელავის განათლების განვითარების ცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში წარმატებით ჩატარდა 7 ფორუმი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

 

  •  
  •  
  •  
  •