შემოგვიერთდით

29 მარტს, დენიელ ჰ. პინკის მსოფლიო ბესტსელერის ,,Drive” ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება

ქართულ ენაზე სულ ახლახან დენიელ ჰ. პინკის მსოფლიო ბესტსელერი Drive გამოიცა.

ეს ნაშრომი მოტივაციის თემაზეა და ბიზნესლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, კლასიკად ქცეული წიგნია. ის გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

29 მარტს, საღამოს 7 საათზე ბიზნესივენთი, „მოტივაცია 3.0 – რა გვამოძრავებს სინამდვილეში“ გაიმართება, რომლის ფარგლებში წიგნის პრეზენტაციაც შედგება. ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/2283355471922280/

ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

მედეა ტაბატაძე – წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია Insource-ს მმართველი პარტნიორი. ის ისაუბრებს თემებზე: წიგნის – Drive პრეზენტაცია; მოტივაციის ეკოსისტემა – რას და რატომ ვარქმევთ მოტივაციას, რას ვგულისხმობთ მოტივაციის მართვაში.

პაატა პაპავა – განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი, კომპანია Teamboat-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ის ჩაატარებს ვორკშოპს მოტივაციის თემაზე.

როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში, სკოლასა თუ სახლში? დაივიწყე ყველაფერი, რაც ამ თემაზე იცოდი. დენიელ ჰ. პინკი ყველა პარადიგმას არღვევს. წარსულს ჩაბარდა “დასჯა-წახალისების” მეთოდი. დღეს აქტუალურია მოტივაციის 3 ელემენტი: ავტონომია, დაოსტატება და მიზანი. წიგნში ავტორი ასევე საუბრობს 2 ტიპის ქცევაზე, რომელთა გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი და სხვების მოტივირებაზე ფიქრისას. ესენია: X და I ტიპის ქცევები.

X ტიპის ქცევას გარე სტიმულები და სურვილები უფრო ამოძრავებს, ვიდრე შინაგანი. მას ნაკლებად აინტერესებს ქმედებიდან მიღებული ბუნებრივი კმაყოფილება და უფრო იმ ჯილდოზეა ორიენტირებული, სადამდეც ქმედებას მივყავართ. მეორე მხრივ, I ტიპის ქცევა ნაკლებადაა ორიენტირებული მოქმედების შესრულებით მიღებულ ჯილდოზე და უფრო საქმიანობისგან მიღებული სიამოვნებით კმაყოფილდება.

ამასთან ერთად გაგაცნობთ მოტივაციაზე მოქმედ 3 მთავარ ელემენტს, რომლებსაც ავტორი წიგნში განიხილავს და მისი მოსაზრების დასადასტურებლად არაერთ საინტერესო ექსპერიმენტისა და დაკვირვების შესახებ წერს.

ავტონომია

ბუნებით მოგვდგამს, ვიყოთ ავტონომიურები და თვითორიენტირებულები. სამწუხაროდ, გარემოებები – მათ შორის, „მენეჯმენტის“ მოძველებული ცნება – ხშირ შემთხვევაში, გულისხმობს ადამიანის ამ შინაგანი სწრაფვის შეცვლას და გადავყავართ I ტიპიდან X ტიპზე. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ I ტიპის ქცევას და ავამაღლოთ სამუშაოს შესრულების დონე, პირველ რიგში, აუცილებელია სწორედ ავტონომიურობა. ადამიანებს სჭირდებათ ავტონომიურობა, რათა თავად დასახონ ამოცანები (რასაც ისინი აკეთებენ), დრო (როდის გააკეთებენ ამას), გუნდი (ვისთან ერთად გააკეთებენ საქმეს), და მეთოდი (როგორ გააკეთებენ ამას). კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს სთავაზობენ ავტონომიურობას, ზოგჯერ რადიკალური დოზითაც კი, უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე კონკურენტებს.

დაოსტატება

მოძველებული შეხედულებები მოტოვაციის შესახებ თუ მორჩილებას მოითხოვს, „მოტივაცია 3.0“-ისთვის აუცილებელია ჩართულობა. მხოლოდ ჩართულობას შეუძლია უზრუნველყოს პროფესიული დაოსტატება – გახადოს ადამიანი უკეთესი მის საქმიანობაში. ხოლო სწრაფვა დაოსტატებისაკენ, რომელიც მნიშვნელოვანი, მაგრამ პასიური ნაწილია მესამე მამოძრავებელი ძალისა – აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი თანამედროვე ეკონომიკის პირობებში. პროფესიული დაოსტატება აერთიანებს სამ თავისებურ წესს. დაოსტატება – ეს მენტალიტეტია: ის მოითხოვს უნარს, დაინახო, რომ შენი შესაძლებლობები სასრული კი არ არის, არამედ მუდმივად უმჯობესდება. დაოსტატება – ეს ძალისხმევაა: ის მოითხოვს შემართებას, სულის სიმტკიცესა და მიზანმიმართულ პრაქტიკას. დაოსტატება – ეს ასიმპტოტაა: მისი სრულყოფა შეუძლებელია, რაც ერთდროულად გულდასაწყვეტიცაა და მიმზიდველიც.

მიზანი

ადამიანები, თავიანთი თანდაყოლილი ბუნების შესაბამისად, ეძებენ მიზანს – რაიმე უფრო ღირებულსა და საკუთარ თავზე ამაღლებულს. თუმცა, ტრადიციული ბიზნესი დიდი ხანია განიხილავს მიზანს, როგორც ორნამენტს – უბრალოდ, ლამაზ აქსესუარს, რომელმაც ყურადღება არ უნდა გადაიტანოს უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან. მაგრამ ეს შეხედულება ნელ-ნელა იცვლება. მიზნის მაქსიმიზაცია იკავებს სარგებლის მაქსიმიზაციის ადგილს, როგორც ძლიერი სურვილი და წარმმართველი პრინციპი. ორგანიზაციებში ეს ახალი „მიზნის მოტივი“ მჟღავნდება სამი ასპექტით: დასახული მიზნებით, რომლებიც იყენებენ მოგებას, როგორც დასახულის მიღწევის საშუალებას; სიტყვებით, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითინტერესი, და პოლიტიკით, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, განახორციელონ მიზნები საკუთარი პირობებით. ამ ტენდენციას, რომ სარგებლის მაქსიმალური გაზრდა შეერწყას მიზნის მაქსიმიზაციას, შეუძლია ჩვენს ბიზნესს ახალი სული შთაბეროს და მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს.

წიგნიდან ამონარიდის წასაკითხად, გადადით ბმულზე: http://blueocean.ge/media/booksfile/Pages_from_DRIVE.pdf

 

  •  
  •  
  •  
  •