შემოგვიერთდით

,,მეც მექნება ჩემი კომპანია და არასოდეს მოვექცევი ადამიანებს ასე“ – რატომ არ ზრუნავენ კომპანიები თანამშრომლებზე?

,,აუ იცი როგორი დაღლილი ვარ, თვალებს ვერ ვახელ და დედაჩემი საწყალი კიდე თათბირზეა“ – მწერს ჩემი მეგობარი ღამის 01:00 საათზე. მე გაკვირვებულმა ვიკითხე ასეთი გვიან რატომ ტარდებოდა თათბირი. ჩემი კიდევ უფრო მეტი აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ კომპანიამ ღამის 2 საათზე გამოსული თანამშრომლების ტრანსპორტირება არ უზრუნველყო. ,,მეც მექნება ჩემი კომპანია და არასოდეს მოვექცევი ადამიანებს ასე“ – მომწერა ბოლოს მეგობარმა.

მეორე დღეს სოციალურ ქსელში შევხვდი ასეთ სტატუსს ,,22️:00️ სთ-ზე რომ მიხვალ სახლში და ბავშვებს რომ გაუხარდებათ, – დეე დღეს რა ადრე მოხვედიო“ – და აქ მივხვდი, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებაში.

საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მნიშვნელობის გაგება ხშირ შემთხვევაში არასწორად ხდება. ხელმძღვანელობას CSR  რატომღაც  მხოლოდ ხეების დარგვა და საქველმოქმედო აქტივობების განხორციელება ჰგონია. მათ ხშირად ავიწყდებათ, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის შიგნიდან უნდა დაიწყოს და თანამშრომლების ზრუნვაში გამოიხატოს.

პასუხისმგებელი ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ თანამშრომლებთან ურთიერთობაა. მან უნდა უზრუნველყოს, კომპანიაში სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა და შექმნას მოქნილი სამუშაო პირობები.

საინტერესოა რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში. ზემოთ მოყვანილი 2 მაგალითი არც ისეთ კარგ მდგომარეობაზე მიანიშნებს.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, რაც დღეში 8 საათს უდრის. სამწუხაროდ ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია ვინც დღეში, 8 საათზე მეტს მუშაობს.

ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს. საქართველოს შრომის კოდექსი პირდაპირ არ უთითებს თუ რა თანხით უნდა განისაზღვროს დამატებითი სამუშაო დრო. თუმცა  საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ევროპის სოციალური ქარტიის 4(2) მუხლის მიხედვით, შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, აღიარებულია დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დამატებითი ანაზღაურების მიღების უფლება.

 საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILO)-ს  №1 და №30–ე  კონვენციების მიხედვით, ზეგანაკვეთური შრომისათვის ნორმირებული განაკვეთი არ უნდა იყოს სტანდარტული ანაზღაურების მეოთხედზე ნაკლები. დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობა ბევრ ქვეყანაში შეადგენს ხელფასის 50%-ზე მეტს.

გადავხედოთ ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს და ოჯახის წევრებს. ზოგიერთი მათგანი 10-11, 12 და 14 საათიც კი მუშაობენ დღეში ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ჩემი გაკვირვება განსაკუთრებით გამოიწვია ერთმა ფაქტმა. მოგეხსენებათ თითქმის ყველა კომპანიაში თანამშრომლები შესასვლელად იყენებენ ბარათებს ან თითის ანაბეჭდებს, რომლებიც აფიქსირებს შევსვლისა და გასვლის დროს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს კომპანიები, სადაც თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის დროდ აფიქსირებს სამუშაოს დასრულების ბოლო დროს ანუ მაგალითად 6 საათს. პირობითად თუ მე ვმუშაობ 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე და ყოველდღე სამსახურიდან გასვლა მიწევს 20:00სთ-ზე ბარათის გატარების დროს, პროგრამაში აისახება 18:00სთ იმისათვის, რომ კომპანიამ არ გადაუხადოს თანამშრომელს დამატებითი დროის საფასური.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელდა ინფორმაცია  საქართველოს ორგანულ კანონში  საქართველოს შრომის კოდექსში შესაძლო ცვლილებების შეტანის შესახებ.  ერთ-ერთი ცვლილება, შეეხება სწორედ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და გულისხმობს მე-17 მუხლ(ი)ს: მე-4 ნაწილის ჩამოყალიბებას შემდეგი რედაქციით: ,,ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდეს ხელფასის საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 50%-ით გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით“.

დღის უმეტეს ნაწილს, საშუალოდ 9სთ-ს ადამიანები სამსახურში ატარებენ. დამატებით დაახლოებით  2 სთ-ს გზაში. გამოდის, რომ 24 საათიდან 11 სთ სამსახურში იხარჯება. დარჩენილი 13 საათი უნდა მოვახმაროთ პირად ცხოვრებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძილს (7-8სთ). ამ სტატისტიკით საშუალოდ საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უმრავლესობა შაბათსაც მუშაობს.

გამომდინარე იქიდან, რომ ისედაც სტრესულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სამსახურში დამატებითი დროის გატარება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და გადაღლას იწვევს. რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მუშაობის ხარისხზე და კომპანიის საქმიანობაზე აისახება. გადაღლილი თანამშრომელი ბევრად უფრო კონფლიქტური და აგრესიულია.

ბოლო დროინდელი კვლევების მიხედვით თანამშრომლები მოტივაციის ნაკლებობის მიზეზად სწორედ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის (Work-Life) ბალანსს ასახელებენ.

www.hrnews.co.uk-ზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი მოტივატორი მაინც მოქნილი სამუშაო გრაფიკია, რომელიც სასურველ ბენეფიტად გამოკითხულთა 67%-მა დაასახელა. gDNA პროექტის ფარგლებში, Google-მა მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა იმის გასარკვევად, თუ რამდენად დაცულია მათი თანამშრომლების ე.წ. Work-Life ბალანსი, რაც მილენიალებისთვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. აღნიშნულმა კვლევამ მენეჯმენტს საშუალება მისცა დახმარებოდნენ თანამშრომლებს სამუშაოსა და ცხოვრების ჰარმონიულად შეთანხმებაში. მეორე მხრივ კი, კვლევის რეზულტატების საჯაროდ გამოქვეყნებით, კომპანიამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მათი მთავარი საზრუნავი თანამშრომლების კეთილდღეობა და კმაყოფილებაა. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კომპანიის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ Google ყველასთვის სასურველი დამსაქმებელია. ამ კუთხით გამოირჩევა Microsoft-იც, რომელიც თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს 09:00-11:00სთ-ის ფარგლებში თავად აირჩიონ როდის დაიწყონ სამუშაო დღე. სხვა უამრავ უცხოურ კომპანიებში, მოქნილი სამუშაო გრაფიკით გამოირჩევა ,,Big Four”-ში შემავალი აუდიტორული კომპანიებიც.

მართალია ქართული კომპანიების უმრავლესობა არ სთავაზობს თანამშრომლებს მოქნილ სამუშაო გრაფიკს და არ უნაზღაურებს დამატებით სამუშაო საათებს, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ამ კუთხით პოზიტიური ძვრები განსაკუთებით ბოლო პერიოდში. რამდენიმე კომპანიამ პარასკევი მოკლე სამუშაო დღედ გამოაცხადა, არის კომპანია, რომელიც ოთხ დღიან სამუშაო გრაფიკზეც გადავიდა. ასევე არიან კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ თანამშრომლებს და დამატებითი სამუშაო საათების შემთხვევაში, აუცილებლად უნაზღაურებენ.

პასუხისმგებელი ბიზნესის სოციალური ზემოქმედება გამოიხატება მისი თანამშრომლების კეთილდღეობაში, მომხმარებლის კმაყოფილების მაღალ მაჩვენებელში, პროდუქტებისა და მომსახურების უსაფრთხოებაში. დაქირავებულები ძალიან აფასებენ და სამსახურის უმნიშვნელოვანეს პლუსად სწორედ სამუშაო ცვლების, ლოკაციის, დროისა და სხვა დეტალების მოქნილობას მიიჩნევენ, რაც მათ ე.წ. Work-Life ბალანსის დაცვის შესაძლებლობას აძლევს.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, არსებითად, არის ბიზნესის კეთილი ნება, აიღოს თავის თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას კანონით ეკისრება, შეგნებულად გაცდეს მოგების მიღების თავდაპირველ ფუნქციას და ნებაყოფლობით იზრუნოს აგრეთვე საზოგადოების კეთილდღეობაზე, დადებითი წვლილი შეიტანოს სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

მნიშვნელოვანია ყველა კომპანიამ გაითავისოს და იზრუნოს საკუთარ თანამშრომლებზე, შესთავაზოს მათ მოქნილი სამუშაო გრაფიკი. ეს ყველაფერი სამუშაოს შესრულებაზე აისახება, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის წარმატებას ერთი-ორად გაზრდის. კმაყოფილი თანამშრომელი, ხომ კმაყოფილ მომხმარებელს უდრის.

ანა გზირიშვილი

  •  
  •  
  •  
  •