შემოგვიერთდით

Dé Aure – საქართველოს თემაზე შექმნილი აქსესუარები თათია თოდუასგან

სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა აქსესუარი. ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა ბრენდმა Dé Aure, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ქმნის.  მისი დამფუძნებელია თათია თოდუა, რომელმაც სულ ახლახანს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომინიკაციის მიმართულებით. პარალელურად სწავლობს იტალიურს და სწავლის გაგძელებას სწორედ, იტალიაში გეეგმავს.

ზუსტად ვერ იხსენებს პირველად როდის დაიწყო ხელნაკეთი ნივთების შექმნა, მაგრამ 3 წლის წინ დაარსა Dé Aure და უფრო სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს.

HR hub: Dé Aure რატომ შეარჩიეთ ეს სახელი?
ამ სახელის შერჩევაში მეგობრები დამეხმარნენ. Dé Aure ლათუნურად ნიშნავს, რაღაცას რაც ყურთან არის კავშირში. ეს იმიტომ, რომ პირველად საყურეებით დავიწყე, მაგრამ ახლა როცა საყურეების გარდა კიდევ არაერთ აქსესუარს ვქმნი, ბრენდის სახელი იგივე დარჩა.

HR hub: მხოლოდ თქვენ ამზადებთ ნივთებს თუ სხვა ადამიანებიც არიან ჩართულები?

ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე და როცა პოსტების ატვირთვისას საკუთარ თავზე მრავლობითში ვწერ, ცოტა მეცინება, ანტონიო ტაბუკის „მიაჩნია პერეირას“ მთავარი გმირი მახსენდება, რომელიც ჩემსავით ჟურნალისტია და ასევე ჩემსავით ცდილობს დამალოს, რომ მთელი თავისი „დეპარტამენტი“ მხოლოდ მისით შემოიფარგლება.

HR hub: რა პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
თავიდან საყურეებით დავიწყე მაგრამ მოგვაინებით დავამატე გულსაბნევები, ყელსაბამები, სამაჯურები, ჩანთები, თმის სამაგრები… მომავალაში ეს ჩამონათვალი კიდევ გაგრძელდება. ასევე ბრენდის ლოგო და შეფუთვებიც ჩემი დამზადებულია ანუ აბსოლუტურად ხელნაკეთ ნივთებს ვთავაზობ მომხმარებლებს.

HR hub: აქტიურად დაიწყეთ საქართველოს თემატიკის გამოყენება თქვენს აქსესუარებში. იყო თუ არა თქვენი ინსპირაცია ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დროინდელი მოვლენები?

კი, რა თქმა უნდა, ამან იმოქმედა. მართალია, მანამდეც მქონდა რამდენიმე ამ თემატიკაზე, თუმცა მიმდინარე მოვლენები „შთაგონების“ წყარო იყო. მათგან ზოგიერთზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  გაფორმებულია განსხვავებული დეტალებით, ეს იმიტომ რომ ძალიან ხშირად, უცხოელები და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მიკავშირდებიან და ვფიქრობ, იმისთვის რომ ყველასთვის თვალსაჩინო იყოს რუსეთის მიერ  ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს კარგი საშუალებაა. აქვე დავამატებ, რომ მე განსაკუთრებით ისინი, მომწონს, რომლებზეც საქართველო ერთიანია, ყველანაირი გამოყოფილი ადგილების გარეშე.


HR hub: სად შეიძლება თქვენი ნივთების შეძენა?
მათი შეძენა ონლაინ, Facebook და Instagram გვერდებზეა შესაძლებელი.

HR hub: გეგმავთ თუ არა ახალი მიმართულების დამატებას?
კი, უამრავი ახალი იდეა მაქვს, რომელსაც ეტაპობრივად დავამატებ  Dé Aure -ეს და მომხმარებლებსაც ჩემი გვერდიდან შევატყობინებ მათ შესახებ.

  •  
  •  
  •  
  •