შემოგვიერთდით

პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენცია თბილისში გაიმართება

5 თებერვალს, 10:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება  „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს BMZ (SEQUA) მხარდაჭერით „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.კონფერენციას სახელწოდებით – “გამოცდილებათა გაზიარება პროფესიული განათლების სფეროში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მის მიღმა”, გახსნიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი დენიელ ჰაასი.

კონფერენციის მიზანია ევროპულ გამოცდილებასა და  პრაქტიკასთან მიმართებაში განიხილოს პროექტის („პროფესიული სწავლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“) მიმდინარე შედეგები, არსებული გამოწვევები, პროფესიულ განათლებაში ინოვაციური მექანიზმებისა და სისტემების იმპლემენტაციის შესაძლებლობები  საქართველოში.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, გერმანიის, აზერბაიჯანის, უკრაინის  სომხეთის ბიზნეს გაერთიანებები, სამთავრობო სტრუქტურები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის,   ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენცია იმართება „პროფესიული სწავლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ბიზნეს გაერთიანება – „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ 2017 წლიდან თავის პარტნიორ გერმანულ  ორგანიზაციებთან და გერმანიის ფედერალური სამინისტროსთან BMZ (SEQUA) ერთად ახორციელებს. აღნიშნული პროექტის  მიზანია ბიზნესის ჩართულობის ზრდა პროფესიული განათლების სფეროში, ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა, რამაც თავისი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ზრდისა  და ბიზნესის ჩართულობის თვალსაზრისით.