შემოგვიერთდით

Rem•Bow Events – ,,ნებისმიერ ღონისძიებას ვუდგებით, როგორც საკუთარს”.

Rem•Bow Events დაარსებიდან 7 წლიან ისტორიას ითვლის. კომპანია ყველასთვის ნაცნობმა DJ Rembo-მ იგივე ლევან მდინარაძემ დააფუძნა.

Rem•Bow Events ქართულ ბაზარზე ოფიციალურად 2012 წელს გამოჩნდა. დღეს, ის ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა და უკვე უამრავი ღონისძიებით დაამახსოვრებინა თავი საზოგადოებას. კომპანიის საქმიანობისა და გუნდის შესახებ ვესაუბრეთ  Rem•Bow Events-ის დამფუძნებელს ლევან მდინარაძეს.

HR hub: ლევან რატომ დაარქვი კომპანიას Rem bow?

ჩემს  გარშემო გავაერთიანე ახალგაზრდა და ენერგიული გუნდი, რომელიც შემოქმედებითად უდგება ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზებას. სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ.   Dj Rembo -ს დავუმატე ბაფთა, იგივე “რემბოს ბაფთა”, ანუ რემბოს  “შეფუთვა” გამოვიდა Rem Bow. მხიარულება შეგვაქვს, როგორც კორპორატიულ, ისე კერძო ღონისძიებების ორგანიზებაში.

HR hub: რა მიმართულებით მუშაობთ ძირითიადად?

ბევრი ფიქრის შემდეგ შევამოკლეთ და ძირითადად სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს: HR და კორპორატიული ივენთები (თიმბილდინგი, კონფერენცია და ა.შ). ვეხმარებით ძალიან ბევრ კომპანიას მიზნების განხორციელებაში, საკუთარ თანამშრომლებზე უფრო კონკრეტული აქტივობების მოფიქრებაში და მათ განხორციელებაში, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა მათთვის.

ჩვენი მეორე ძირითადი მიმართულებაა ქორწილი და მესამე სერვისი – ღონისძიების ინვენტარისა და ტექნიკის გაქირავება.

HR hub: გვიყევი შენი გუნდის შესახებ. რამდენი ადამიანისგან შედგება და როგორ არის დაკომპლექტებული?

ჩვენი, გუნდი შედგება 11 ადამიანისგან, ვინც ძირითად შტატშია. თავისთავად გვყავს აუთსორსეც საჭიროების შემთხვევაში, რომლებიც ყოველთვის ძალიან გვეხმარებიან. გვყავს ორი ექაუნთ მენეჯერი, ორი ივენთ მენეჯერი, დიზაინერი, რამდენიმე ტექნიკური მენეჯერი, მძღოლი, საწყობის მენეჯერი, დირექტორი და მე. ხშირად ვითავსებ სხვადასხვა ფუნქციას.

HR hub: შეგიძლია გაიხსენო თქვენს მიერ ორგანიზებული ყველაზე გამორჩეული ღონისძიება?

ბევრი იყო გამორჩეული, ზოგადად ყველა ღონისძიება გამორჩეულია და ყველას ინდივიდუალური ელფერი დაკრავს. ივენთ მენეჯმენტის სფეროს ახლავს თავის სირთულეები. გვქონია ისეთი წვეულებებიც, რომლის სცენარში დამკვეთს გარკვეული ცვლილებები გაუკეთებია, რის შედეგადაც იკარგება შოუ და ღონისძიება ემსგავსება სტანდარტულს.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დამკვეთი გენდობა და გაძლევს სრულ თავისუფლებას. ამიტომ ამ ეტაპზე ყველაზე გამორჩეული იყო სვის კაპიტალის კორპორატიული წვეულება. ეს ღონისძიება გამოირჩეოდა იმით, რომ ყველა დეტალი იყო ჩვენს მიერ შესრულებული. შევქმენით სრულიად განსხვავებული ჯადოსნური სამყარო, რომელშიც მთელი პერსონალი იღებდა მონაწილეობას, რამაც კიდევ უფრო აამაღლა კორპორატიული სულისკვეთება. ახალი ისტორია მოვიგონეთ და გამოვიდა ფანტასტიური საახალწლო კორპორატიული ღონისძიება. გვქონდა  თემატური სხვადასხვა პრეაქტივობა, თამაშები, მუსიკალური გაფორმება, დეკორაციები, შოუ. წვეულების ბოლოს ვიგრძენით, რომ მართლა ძალიან დიდი ამბავი შევქმენით და ეს ნახა ყველამ.

HR hub: უამრავი ივენთ კომპანიაა დღეს, თბილისში. რით გამოირჩევა Rem•Bow Events სხვებისგან?

Rem•Bow  არის მაქსიმალურად ორიენტირებული დამკვეთზე. ჩვენ  ვთავაზობთ სრულიად ინდივიდუალურ სერვისს, რაც თავიდან ბოლომდე მასზეა მორგებული. რა თქმა უნდა ბიუჯეტის ნაწილი განსაკუთრებულ როლს თამაშობს, მაგრამ ერთსა და იმავე ბიუჯეტში ჩვენ ბევრად უფრო მეტ საინტერესო დეტალს ვქმნით. გვაქვს იმის რესურსი, რომ დღეში 2 ან 3 წვეულება მოვაწყოთ, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ყველა დეტალის გათვალისწინება.

HR hub: რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა?

ჩვენი უპირატესობაა – არასდროს გვეშინია ვცადოთ რაიმე ახალი, ამის გამო ვართ სულ ძიებაში. მისია რაზეც შენდება კომპანია ესაა:  მივანიჭოთ ადამიანებს დამსახურებული ბედნიერება.

ოქროს წრე რომლის გარშემო არის აწყობილი ჩვენი გუნდი ასე გამოიყურება:

  • რატომ? – ყოველი გაოცებული სახე, ჩვენი მამოძრავებელი ძალაა.
  • როგორ? – ნებისმიერ ღონისძიებას ვუდგებით, როგორც საკუთარს და ვცდილობთ, მივიღოთ სრული ინფორმაცია დამკვეთისაგან. შესაბამისად, ვაღწევთ მაქსიმალურ ნდობასა და მხარდაჭერას.
  • რა? – განუმეორებელ მოვლენას, რომელიც სასიამოვნო მოგონებად რჩება!

  •  
  •  
  •  
  •