შემოგვიერთდით

,,დელფინარიუმი ჩემი სიამაყეა, ყოველდღიური დადებითი ენერგიის და ემოციის წყაროა” – გიგა ლორია დელფინების მწვრთნელი

ვინც ბათუმის დელფინარიუმში ხართ ნამყოფი, მონიკას, ხვიჩას, მაიას, ციცის, ნინის, ზოროს და მარკოს აუცილებლად გაიცნობდით.  არ გეგონოთ ადამიანებზეა საუბარი, ეს დელფინების სახელებია. თუ კი ერთხელ მაინც გინახავთ დელფინების შოუ, დამერწმუნებით და გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებდათ. მეტიც მათთან ჩახუტებაც კი მოგინდებოდათ. შოუ რომ ნამდვილად ძალიან კარგი საყურებელია და დიდი შრომაა ჩადებული ალბათ ყველა ვთანხმდებით.

დელფინარიუმში ვიზიტისას გადავწყვიტეთ სცენის მიღმა, კულისებში შეგვეხედა და ის ადამიანები გაგვეცნო, ვინც ამ შოუს ქმნიან. გიგა ლორია პროფესიით ზღვის ძუძუმწოვართა მწვრთნელია და უკვე 7 წელია, რაც დელფინების მწვრთნელად მუშაობს.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის დელფინარიუმში მუშაობა?

ძალიან მიყვარს ცხოველები, მსიამოვნებს მათზე მზრუნველობა და დახმარების  გაწევა. ბავშვობიდან მიყვარდა  აკვარიუმში წყლის ბინადრებზე დაკვირვება, როცა ბათუმში ხელმეორედ გაიხსა დელფინარიუმი რამდენჯერმე დავესწარი წარმოდგენას. ძალიან მომეწონა, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა  ჩემზე დელფინებმა და გამიჩნდა სურვილი და ინტერესი  ყოველდღე მქონოდა მათთან ურთიერთობა და თხოვნით მივმართე ბათუმის დელფინარიუმის დირექციას თანამშრომლად აყვანის შესახებ. განცხადების დაწერიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გავიარე გასაუბრება. ჩემი თხოვნა დააკმაყოფილეს და გავხდი ბათუმის დელფინარიუმის თანამშრომელი, კლიენტებთან ურთიერთობის კონსულტანტი. როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავდი, ვეხმარებოდი მწვრთნელებს დელფინების მოვლაში, ვაკვირდებოდი დელფინების თვისებებსა და ქცევებს, რითაც ვღებულობდი უდიდეს სიამოვნებას.

HR hub: როგორ გახდით დელფინების მწვრთნელი?

ყოველდღე ვმონაწილეობდი დელფინების მოვლაში, ძალიან შევეჩვიე მათ და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია  ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრის მენეჯერს ბატონ თენგიზ წეროძეს, მწვრთნელებს კახა ახალაძეს, გიორგი კირვალიძეს,  ჩვენი დელფინარიუმის მთლიან მეგობრულ კოლექტივს და  მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, გადამიყვანეს დელფინების მწვრთნელის ასისტენტად. უკვე შვიდი წელია რაც დელფინების მწვრთნელი ვარ.

HR hub: დელფინების აღზრდა და გაწვრთნა მარტივი არ უნდა იყოს. როგორ მოიპოვეთ მათი ნდობა?

დელფინებთან ურთიერთობა, მათი აღზრდა, გაწვრთნა ხანგრძლივი და რთული პროცესია და მათი ნდობა რომ დაიმსახურო, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ცხოველების სიყვარული, რასაც ისინი მშვენივრად გრძნობენ. შემდეგ  უნდა დაეუფლო მწვრთნელის ხელოვნებას, რაშიც დიდი დახმარება გამიწია დელფინარიუმის მეგობრულმა კოლექტივმა. დელფინარიუმში გავიარე სწავლების სპეციალური კურსი.

HR hub: როგორ დაახასიათებდით დელფინებს?  ვიცით, რომ ძალიან კეთილები არიან და ადამიანებთან ურთიერთობა უყვართ.

დელფინები გონებით ძაღლებზე და ცხენებზე უფრო მაღალ საფეხურზე არიან. ისინი ადვილად ეგუებიან ადმიანებს და სწავლობენ მათ მითითებებს. ცნობილია, რომ დელფინი ყველაზე ჭკვიანი ცხოველია. ისინი ადამიანის მსგავსად არიან თბილსისხლიანი ძუძუმწოვრები. საკმაოდ მაღალი IQ-თი, აქვთ ანალიზის უსწრაფერი უნარი. ემოციით გამოხატავენ მწვრთნელისადმი ჰარმონიულ ურთიერთობას.

HR hub: როგორ გამოხატავენ სიბრაზეს?

სიბრაზე ნაკლებად შეიმჩნევა. ეს ალბათ უფრო განაწყენებაა. უბრალოდ, მწვრთნელი ყოველთვის მაქსიმალური ყურაღებით უნდა იყოს.

HR hub: როგორია მათი ერთი სასწავლო დღე?

უპირველეს ყოვლისა, ყოველ დილით დელფინებს ვუტარებთ   სამედიცინო შემოწმებას, ” დათვალიერების” , შემდეგ ხდება ნასწავლი პროგრამის გამეორება  და თანდათან ვუმატებთ წვრთნისა და სწავლების ახალ ელემენტებს. ამასთან ხაზგასმით აღვნიშნავ,  რომ ეს იგივე მეგობრული შეხვედრაა ანუ სწავლისა და დასწავლის  პროცესი არის ის, რაც საყვარელ, ახლობელ ადამიანებთან შეხვედრას შეგვიძლია შევადაროთ.

HR hub: რა შემთხვევაში შეიძლება არ დაგიჯერონ და არ შეასრულონ თქვენი მითითება?

მწვრთნელის განწყობა იოლად გადაეცემა დელფინს, ის გრძნობს ადამიანის ემოციას, ამიტომ მწვრთნელი ყოველთვის პოზიტიური განწყობით უნდა ურთიერთობდეს დელფინებთან. მათ გამუდმებით უნდა შესთავაზო სიახლე, ძალიან უყვართ სიურპრიზები.

HR hub: და ბოლოს, რა არის თქვენთვის დელფინარიუმი?

დელფინარიუმი ჩემი  სიამაყეა, ყოველდღიური დადებითი ენერგიის და ემოციის წყაროა,  ჩემი მეგობრული შეკრული კოლექტივი და მეორე ოჯახია.

 

  •  
  •  
  •  
  •