შემოგვიერთდით

ეკატერინე ტიკარაძე: “ექიმთა დეფიციტია, ხელს შევუწყობთ საერთაშორისო სტანდარტის განათლების მიღებას”

ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე – “მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა” მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:

“ჰოსპიტალური სექტორის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში ჰოსპიტალების უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი. ეს გარემოება ქმნის ექიმთა ფართობით დეფიციტს. დღეს სამედიცინო კადრების ძირითადი ნაწილი დედაქალაქზე მოდის. არათანაბარია ექიმთა დატვირთვა, რაც აისახება მათ პროდუქტიულობაზე და რისკს უქმნის პაციენტების უსაფრთხოებას.

ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის საფუძველი იქნება ხარისხიანი მომსახურების მოწოდება, დაწესებულების სიმძლავრე და პერსონალის ეფექტური გადანაწილება.

განახლდა ნებართვებისა და სალიცენზიო პირობები კარდიო ქირურგიის, გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციისა და ინსულტის მართვის სერვისებზე.

მეტი სანდოობისა და ხარისხის გარანტიისთვის დამატებით მოთხოვნად განისაზღვრება საერთაშორისო სერტიფიცირება.

მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მომსახურების მოწოდების უწყვეტობისთვის სახელმწიფო იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

სამედიცინო კადრების სწორი განაწილების გარდა უნდა ვიზრუნოთ მათ კვალიფიკაციაზე. გადავდგით ნაბიჯი იმ დარგების მხარდასაჭერად, სადაც სამედიცინო კადრების დეფიციტია.

სახელმწიფო სრულად აფინანსებს იმ რეზიდენტების სწავლის საფასურს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში გადაწყვეტენ მოღვაწეობას. გარდა ამისა, ჩვენ ხელს შევუწყობთ ეროვნულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტის განათლების მიღებას, რაც უპირველეს ყოვლისა საუნივერსიტეტო კლინიკების გაძლიერებით დაიწყება.

წახალისებული იქნება ყველა რეზიდენტი, რომელიც მაღალ შეფასებას აჩვენებს და მათთვის სახელმწიფო შექმნის საზღვარგარეთ დარგის წამყვან კლინიკებში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას, რაც იქნება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანურ კაპიტალში უმნიშვნელოვანესი ინვესტირება.”

  •  
  •  
  •  
  •