შემოგვიერთდით

თვითინვესტირება – პარეტოს პრინციპი და სამი პროცენტის წესი

პარეტოს პრინციპი 80/20 ერთი შეხედვით ძალიან მარტივი მიდგომაა, თუმცა ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი.

ვილფრედო პარეტო იყო იტალიელი ეკონომისტი, რომელმაც დაახლოებით ერთი საუკუნის უკან აღმოაჩინა, რომ იტალიის მიწების 80%-ს ფლობდა იტალიის მოსახლეობის 20%-ი;

ამ მიგნების შემდეგ, აღნიშნული პრინციპი გავრცელდა თითქმის ყველა დარგში. მარტივად რომ ავხსნათ, იგი გულისხმობს რომ ჩვენს მიერ დახარჯული შრომის 20%-ს მოაქვს მიღებული შედეგის 80%-ი; მაგალითად, კომპანიის შემოსავლის 80%-ი მოაქვს ამ კომპანიის მომხმარებელთა 20%-ს; იმისათვის, რომ ჩვენ მიერ გაწეული შრომა სწორად და ეფექტურად გამოვიყენოთ, საჭიროა აღმოვაჩინოთ სწორედ ის 20%-ი, რომელსაც მოაქვს შედეგების 80%-ი და უფრო მეტი დრო დავუთმოთ მის კეთებას.

რა საერთო აქვს პარეტოს პრინციპს თვითინვესტირებასთან? როგორც აღვნიშნე ამ მიდგომას იყენებენ ბიზნესში, გაყიდვებში, სპორტში და ასე შემდეგ. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, ჩვენ მიერ გაწეული შრომის 100%-დან, რომელია ის 20%-ი აქტივობები, რომელსაც მოაქვს შედეგების 80%-ი, მაშინ შევძლებთ ვიმუშავოთ იმ უნარების განვითარებაზე და შესაბამისად შევძლებთ სწორად მოვახდინოთ თვითინვესტირება და ეფექტურად განვვითარდეთ;

მაგალითად, თუ ვმუშაობთ გაყიდვების სფეროში და მოვახდენთ იმის იდენტიფიცირებას, თუ ჩვენი მომხმარებლების რომელ 20%-ს მოაქვს შემოსავლის 80%-ი, მაშინ იმაზე დავხარჯავთ უფრო მეტ დროს, რომ სწორედ ასეთი მომხმარებლის მოზიდვაზე ვიმუშავოთ და ფუჭად არ დავკარგოთ დრო სხვა სახის მომხმარებელთა დაინტერესებაზე; სწორედ, ამ მიდგომას იყენებენ მარკეტოლოგები, როდესაც კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავენ;

ხშირად გვსმენია ადამიანებისგან, რომ ძალიან ბევრს შრომობენ თუმცა შედეგი არ შეესაბამება მათ მიერ გაწეულ შრომას, რაც იწვევს მათში უკმაყოფილებას, სტრესს, დემოტივაციას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ძალისხმევა სწორად დავხარჯოთ ყოველდღიურ საქმიანობაში. პირველ რიგში კი, იმისათვის რომ ვიყოთ წარმატებულნი, უნდა ვიფიქროთ წარმატებულად! ჩვენი ფიქრები და დამოკიდებულებები განსაზღვრავენ ჩვენი წარმატების ხარისხს. წარმატების მიღწევაში ჩვენი გონება ყველაზე დიდი აქტივია და როგორც ყველა აქტივს მასაც სჭირდება განვითარება, სწორედ ეს არის მარტივი ჭეშმარიტება – თუ გინდა იყო წარმატებული ამისათვის საჭიროა უწყვეტი განვითარება!

  • სამი პროცენტის წესი

არსებობს წესი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას და მოგცემთ შესაძლებლობას გახდეთ მდიდრები – ,,დააბანდეთ თქვენი შემოსავლის 3% საკუთარი თავის განვითარებაში.“ბრაიან ტრეისის ამ დიდებული რჩევის მიხედვით, თქვენ შეძლებთ გაარმაგოთ ან გაასამმაგოთ თქვენი შემოსავალი. ეს რჩევა მუშაობს ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა ხართ დასაქმებული თუ ბიზნესმენი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინვესტიცია მოხდეს სწორედ იმ 20%-ში, რომელსაც მოაქვს თქვენი სამუშაოს შედეგების დიდი წილი;

  • თვითინვესტირების გზები

თვითგანვითარების ბევრი გზა არსებობს, ერთ-ერთია ბიზნეს ლიტერატურის კითხვა და ასეთი წიგნების რეგულარულად ყიდვა. მაგალითად წარმატებული ადამიანების ბიოგრაფია, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვაძლევს მოტივაციას; ე.წ. ,,How-to” წიგნები, რომლებიც გვცემენ პასუხს კითხვაზე ,,როგორ?”, აგრეთვე სხვა ბიზნეს ლიტერატურა, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და გამოდის ქართული წიგნის ბაზარზეც.

გააკეთეთ დროისა და ფულის ინვესტიცია ისეთი საკითხების შესწავლაზე როგორებიცაა – დროის მენეჯმენტი, მიზნების მართვა, საჯარო გამოსვლის ტექნიკები, მოლაპარაკებების მართვა და ასე შემდეგ. სწორედ, ასე შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდოთ თქვენი შედეგები ცხოვრებაში.

გახდით დამოკიდებული უწყვეტ განვითარებაზე და გაზარდეთ თქვენი ცოდნა თანმიმდევრულად და მუდმივად; დროთა განმავლობაში აუცილებლად გახდებით ადამიანი, რომელიც გინდათ რომ იყოთ და რისკენაც ისწრაფვით; თქვენი გონება გახდება მაგნიტიზირებული წარმატების მოსაზიდად და წარმატება მუდამ თქვენი თანმდევი იქნება.

სტატია მოამზადა ომარ ტერტერაშვილმა

 

  •  
  •  
  •  
  •