შემოგვიერთდით

ძიძას ეძებთ? უკვე შესაძლებელია გყავდეთ სერთიფიცირებული ძიძა

სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად წააწყდებით შემდეგი შინაარსის სტატუსებს: ძიძას ხომ ვერ მირჩევდით?მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა ოჯახში დგას, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს. მშობლები შვილებისთვის საუკეთესო ძიძებს ეძებენ: განათლებულს, ენერგიით სავსეს, მზრუნველს, გაწონასწორებულს და ა.შ

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სივრცე“ დაიწყო ,,ძიძების გადამზადების პროგრამა”, რომელიც სრულიად უფასოდ ხორციელდება და მასში მონაწილეობის მიღება ბავშვის აღმზრდელად მუშაობით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია. ჩვენ ვესაუბრეთ არასმთავრობო  ორგანიზაცია “სოციალური სივრცის” დამფუძნებელს მანო პაჭკორიას.

HR hub: მანო რას გულისხმობს ძიძების გადამზადების პროგრამა?

ძიძების გადამზადების პროგრამის  მიზანია ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ბაშვებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნა საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისთვის.

HR hub: საიდან გაჩნდა აღნიშნული პროგრამის შექმნის იდეა ?

როგორც ვხედავთ, დღითი დღე იზრდება ქალის  როლი და ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რის გამოც  მას ოჯახში დამხმარის, ბავშვის  მომვლელის აყვანა უწევს.  ძიძების აყვანა ძირითადად ოჯახების  რეკომენდაციებით ხდება  ან მიმართავენ  დასაქმების სააგენტოებს.

მიუხედავად ამისა, მაინც  რთულია ძიძის შერჩევის პროცესი და  ძიძად მუშაობის დაწყებაც.

ამიტომ, ორგანიზაცია ეხმარება, ერთის მხრივ, ძიძად მუშაობის  მსურველებს გაიმჯობესონ ბავშვის მოვლისა და აღზრდისთვის საჭირო უნარები და მეორეს მხრივ,  მშობლებს  უადვილებს  ბავშვებისთვის უსაფრთხო  გარემოს  შექმნას.

HR hub: რას სწავლობენ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომავალი ძიძები?

გადამზადების პროგრამა არის მოკლევადიანი, სადაც ძიძები ეცნობიან ადრეული ასაკის ბავშვის ფიზიოლოგიურ განვითარებას და ბავშვის მოვლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის ჰიგიენის დაცვას, სწორად კვებას, პირველადი დახმარების  აღმოჩენას.

ეცნობიან ბავშვის  განვითარების  ასაკობრივ თავისებურებებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, თამაშის მნიშვნელობას აღზრდის პროცესში. ასევე, პროგრამა მოიცავს საკითხებს  ბავშვთა უფლებებსა და თავისუფლებებზე.

HR hub: ვის შეუძლია ძიძების გადამზადების პროგრამის გავლა?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია  28 წლისა და მეტი ასაკის დაინტერესებულ, შესაბამისი მოტივაციის, ენერგიის და  მზაობის მქონე პირს, ვინც  ძიძად მუშაობს ან აპირებს ამ მიმართულებით მუშაობას.  რაც მნიშვნელოვანია და აღსანიშნავი, ამ ეტაპზე ტრენინგები ტარდება სრულიად უფასოდ.

HR hub: რამდენ ხანს გრძელდება ეს პროგრამა და ითვალისწინებს თუ არა დასაქმების კომპონენტს?

პროგრამა მოიცავს რამდენიმე ეტაპს.  პირველი ეტაპის – გადამზადების – შემდეგ მონაწილეები გადიან ტესტირებას, რის საფუძველზეც გადაეცემათ სერთიფიკატი.

მეორე ეტაპზე – დასაქმების კომპონენტში – ერთვება  დასაქმებისა და კონსულტირების სააგენტო, რომელიც ძიძებს დაეხმარება სამუშაოს მოძიებაში.

ორგანიზაცია გააგრძელებს ურთიერთობას  გადამზადებულ ძიძებთან, შესაძლებელია მათი ჩართვა  გრძელვადიან, ინტენსიური გადამზადების პროგრამაშიც. თუ მოთხოვნა გაჩნდა ვითანამშრომლებთ დამსაქმებელ ოჯახებთანაც და შევთავაზებთ სხვადასხავა ფსიქოლოგიურ მომსახურებას.

HR hub: როგორ დაგიკავშირდნენ დაინტერესებული პირები?

სერთიფიცირებული ძიძების აყვანით დაინტერესებულმა პირებმა და პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ Facebook-ის გვერდზე  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  577 107 868.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *