შემოგვიერთდით

ლელა თოფურია: “ფინკა ბანკის განვითარების ცენტრის კარი ღიაა ყველასთვის”

ფინკა ბანკშიგანვითარების ცენტრი შექმნა. მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – HR hub.ge პროექტის დეტალებზე ლელა თოფურიას, ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: რა გარემოებებმა გიკარნახეს „ფინკა ბანკის განვითარების ცენტრის“ შექმნის საჭიროება და რა არის პროგრამის მიზანი?

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრის შექმნის მიზანია აღმოვაჩინოთ, განვავითაროთ და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა მათ, ვისაც სურთ საბანკო სექტორში დაიწყონ ან გააგრძელონ თავიანთი კარიერა.

ჩვენ მუდმივად ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ, განვითარდნენ, დაიწყონ კარიერა საბანკო სექტორში. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ ვთავაზობთ მულტიკულტურულ და დინამიკურ გარემოს. ამასთან ერთად, ბიზნესის უწყვეტობის შენარჩუნებისთვის, მუდმივად უნდა არსებობდეს ადამიანური რესურსი, რომელიც ეფექტურად შეავსებს ვაკანტურ პოზიციას და საქმეს წარმატებულად შეასრულებს. საბანკო სფეროში ეს პოზიციები არის ძირითადად საკრედიტო და საოპერაციო ხაზის თანამშრომლები.

მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ პროგრამაზე სწავლა არის სრულიად უფასო და სწავლის პარალელურად, მსმენელებს საშუალება აქვთ, გამოიმუშაონ თანხა და მიიღონ შემოსავალი.

ფინკა ბანკში სასწავლო პროგრამების გავლის შემდეგ, მაღალია ჩვენთან დასაქმების შანსიც.

HR hub: ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილოების მიღება?

განვითარების ცენტრის პროგრამები განკუთვნილია მათთვის, ვინც არის მოტივირებული ისწავლოს, განვითარდეს, დაიწყოს კარიერა საბანკო სექტორში.

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრის პროგრამები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა, გაყიდვების ტექნიკები, ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, საბანკო პროგრამები, სალაროს ოპერაციები, საკრედიტო და საცალო პროდუქტები, და ა.შ. მსმენელებს საშუალება აქვთ განავითარონ კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ლიდერობის უნარები იმ პრაქტიკული დავალებების შესრულებით, რომლებიც სასწავლო პროგრამის ძირითადი ნაწილია. შესაბამისად, ფინკა ბანკის განვითარების ცენტში კარი ღიაა ყველასთვის, განსაკუთრებით კი, მათთვის ვინც ფიქრობს, რომ კარგად გამოსდის ადამიანებთან ურთიერთობა, ეს არის შანსი მათთვის, ვისაც კარიერაში შვილების აღზრდის გამო წყვეტა აქვს, ახლა კი გადაწყვიტა რომ დაუბრუნდეს კარიერას, ან ვინც მუშაობდა სხვა მიმართულებით და ახლა აღარ გრძნობს თავს კომფორტულად, თუმცა შესაძლებლად და საინტერესოდ თვლის, საბანკო სფეროში მოსინჯოს საკუთარი ძალები; ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტია რა მიმართულებით განვითარდნენ, თუმცა ბანკში კარიერა საინტერესოდ მიაჩნიათ… მოკლედ რომ ვთქვათ,  ეს პროგრამა არის ყველასთვის ვისაც უნდა თბილ, ოჯახურ გარემოში და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბანკში დაიწყოს, ან განავითაროს კარიერა.

პროგრამაზე რეგისტრაცია მარტივია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა ფინკა ბანკის კარიერის გვერდზე –  www.FINCA.ge

HR hub: რა შესაძლებლობას სთავაზობთ პროგრამის მონაწილეებს?

ფინკა ბანკი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, პროგრამის მსმენელებს ვთავაზობთ მულტიკულტურულ, დინამიკურ გარემოს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ყველა პროგრამა ინდივიდუალურია და სწავლის პარალელურად, მსმენელს აქვს საშუალება, რომ გამოიმუშაოს ხელფასი – ჰქონდეს შემოსავალი სწავლის დაწყების პირველივე დღიდან; ასევე, პროგრამის მონაწილეებისათვის ეს არის ბანკში დასაქმების შესაძლებლობა – საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში, შრომით ხელშეკრულებას ვაფორმებთ წარმატებულ კურსდამთავრებულებთან.

HR hub: რა პოზიციებზე გადაამზადებთ ადამიანებს?

ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 35 ფილიალში გამოვაცხადეთ მიღება საკრედიტო ოფიცრის სასწავლო პროგრამასა და კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სასწავლო პროგრამაზე.

საკრედიტო ოფიცრების სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვე, ხოლო კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სასწავლო პროგრამა  – 2 თვიანია.

HR hub: როგორი მოლოდინი გაქვთ?

როგორც ყოველთვის ძალიან პოზიტიური, თითქმის ყველა რეგიონში უკვე ძალიან მაღალი აქტივობა შეინიშნება. გვიხარია როცა ვხედავთ რომ ამდენი ახალგაზრდა თუ ზრდასრული ადამიანი ფიქრობს განვითარებაზე, ახალი ცოდნის, პროფესიის დაუფლებაზე და ფინკა ბანკი აძლევს მათ ამის შესაძლებლობას.

HR hub: თქვენს სფეროში (საბანკო სფერო) ძირითადად რა სირთულეები და გამოწვევები არსებობს ადამიანური კაპიტალის მოძიების კუთხით?

საბანკო სფეროში, ისევე როგორც ბიზნესის სხვა მიმართულებებში, ბევრი გამოწვევა და სირთულეა შესაბამისი ადამიანური რესურსების როგორც მოძიების, ასევე, მათი შენარჩუნების კუთხით. გამონაკლისს არც ფინკა ბანკი წარმოადგენს და შესაბამისად, მუდმივად ვფიქრობთ და ვახორციელებთ სხვადასხვა სახის პროექტსა თუ პროგრამას, ვიყენებთ და თავადაც ვქმნით ადამიანური კაპიტალის მოძიების, შენარჩუნებისა და პროფესიული განვითარების ეფექტურ არხებს, რომლის ერთერთი მაგალითია ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი.

HR hub: თქვენი კომპანიისთვის, რომელია ყველაზე მოთხოვნადი პოზიცია, სადაც ყველაზე რთულია ვაკანსიის შევსება? შერჩევის რომელი არხებია თქვენთვის ყველაზე ეფექტური?

ყველაზე რთული პოზიციები ვაკანტური ადგილის შესავსებად? – IT მიმართულების თანამშრომლები ალბათ ბევრი ჩემი კოლეგაც დამეთანხმება.

ყველაზე მოთხოვნადი? – როგორც ავღნიშნე საკრედიტო და საოპერაციო ხაზის თანამშრომლები, რადგან ეს ორი მიმართულება საბანკო ბიზნესის ძირითად მამოძრავებელია და ბანკში ყველაზე დიდ რაოდენობას ამ პოზიციის თანამშრომლები წარმოადგენენ.

რაც შეეხება თანამშრომელთა მოძიებისთვის გამოყენებულ არხებს – ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ, თუმცა ბოლო პერიოდში ყურადღება გავამახვილეთ „განვითარების ცენტრის“ პლატფორმის შექმნაზე და სწორედ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ ერთერთ არხად. როგორც აღვნიშნე, განვითარების ცენტრის პროგრამების ფარგლებში აპლიკანტებს ვასწავლით საბანკო სფეროში არსებულ პროდუქტებს, პროცედურებს, სამუშაო სქემებს, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებას, ვუზიარებთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას;  ვატრენინგებთ ისეთ უნარებში, როგორიც არის: კომუნიკაცია, მოლაპარაკებების უნარები, გაყიდვები, მომხმარებლის გამოცდილება / მომსახურება და ა.შ. – და ამ პლატფორმის მეშვეობით ვქმნით რეალურ ბაზას – კარგად მომზადებულ ადამიანურ რესურსებს, რომ ეფექტურად და ეფექტიანად შევავსოთ ვაკანტური პოზიციები, და არა მხოლოდ საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით.

HR hub: თქვენს თანამშრომლებს განვითარების რა პროგრამებს სთავაზობთ? მოგვიყევით წარმატებული პროექტების შესახებ.

ფინკა ბანკში სტანდარტული პროფესიული ტრენინგებისა და სხვადასხვა სემინარების გარდა, რასაც ყველა თანამშრომელს ვთავაზობთ, გვაქვს ინდივიდუალური განვითარების პროგრამა“ – ეს არის შესაძლებლობა, ბანკში არსებული ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება გაზიარდეს იმ თანამშრომლებთან, რომლებიც ან ფიქრობენ, რომ ამ ცოდნის მიღებით უკეთესი შემსრულებლები და უფრო ძლიერი პროფესიონალები იქნებიან არსებულ პოზიციაზე თუ მიმართულებაში, ან სურთ კიდევ სხვა მიმართულებით განვითარება და ამ პროგრამის გავლის შემდეგ უკვე კვალიფიციური კადრები გვყავს.

პირველად შარშან დავნერგეთ „ინდივიდუალური განვითარების პროგრამა“ და პირველივე წელს ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ, მაგ: თანამშრომლები დავაწინაურეთ, მათ მიეცათ შესაძლებლობა სასურველი მიმართულების დეპარტამენტში დაეწყოთ მუშაობა, ამით კი არსებული რესურსები ეფექტურად შევინარჩუნეთ და თანამშრომლებს მივეცით განვითარებისა და კარიერული წინსვლის დამატებითი შესაძლებლობა. მუდმივად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას როგორც ადგილობრივ, ასევე ფინკას საერთაშორისო ქსელის დონეზე.

  •  
  •  
  •  
  •