შემოგვიერთდით

,,ოთხი თვე, დღე და ღამე სუ ვრეკავდი, იქნებ ვინმემ მიპასუხოს-მეთქი” – აგვისტოს ომის ქრონიკებიდან

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ტკივილი კვლავ ისეთივე მძაფრია, როგორც მაშინ იყო განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლობლები დაკარგა.

ასეთი კი ძალიან ბევრია. რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა 408 და დაშავდა 2232 ქართველი. წარმოგიდგენთ რამდენიმე ისტორიას იმ ადამიანების შესახებ, ვისაც უშუალოდ შეეხო ომი და საკუთარ თავზე გამოსცადა მისი სიმწარე.

ქეთო: ,,სანამ წავიდა, ბოლოს ხორბალი დამიფქვა. 6 აგვისტოს დილას დამირეკა, დედა, ცხინვალისკენ მივდივარ, არ შეგეშინდეს, კარალეთის ბოლოზე ვიქნებიო. სინამდვილეში წვნარია, ცხინვალის რაიონი და იქ ყოფილა მთელი ბატალიონი, მომატყუა. შვიდში დამიკავშირდა ბოლოს, ტელეფონს ვთიშავ, აღარ დამირეკოთო.

სუ ვრეკავდი და ვრეკავდი მაინც, მარა გათიშული ქონდა. სამივე შვილი ომში მყავდა. ორს ტელეფონზე მაინც ველაპარაკებოდი, ეგენი პოლიციაში მუშაობდნენ, აქეთ იყვნენ, ჩვენსკენ. ვეუბნებოდი, შვილო, სახლის წინ ტანკი დგას, არ შემოხვიდეთ-მეთქი. გელასი არაფერი არ ვიცოდი.

ოთხი თვე დღე და ღამე სუ ვრეკავდი, იქნებ ვინმემ მიპასუხოს-მეთქი. მოლოდინი მქონდა, იქნებ სადმეა დაჭრილი და უცბად გამოჩნდეს-მეთქი. ოთხი წელი ეგრე ველოდე. ერთი სურათი ვნახე შემთხვევით, ომის დროს გადაღებული. ისეთი მებრძოლი იყო, ისეთი შეუპოვარი. როგორიც იყო, ზუსტად ისე მოუვიდა. კავშირგაბმულობაში რო მუშაობდა, ვეუბნებოდი, გაჩერდი, შვილო, რათ გინდა სამხედროში რო შეხვიდე, რამე რო დაიწყოს, მერე რა ვქნა, წაგიყვანენ-მეთქი და აბა, რამე რო დაიწყოს, მე სახლში დავრჩებიო? რისთვის გაზარდე სამი შვილი, თუ არ გამოვადექი სამშობლოსაო. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იყო, სერჟანტი. იქამდე კოსოვოში მსახურობდა, ავღანეთში უნდა წავიდეო, ომი რო დამთავრდებაო. ოთხი წლის თავზე დეენემის ანალიზით გამოირკვა, რო დაღუპული იყო. 5 აგვისტოს მომისვენეს ძვლები. იმის ძმებმა ყველაფერი იცოდნენ. მარტო მე არ ვიცოდი. ვნატრობდი, ნეტავი ფეხები ქონდეს მოჭრილი-მეთქი, ხელები ვერ გავიმეტე, ფეხები ქონდეს მოჭრილი, ოღონდ მოვიდეს-მეთქი”.

მასალა აღებულია პროექტიდან 08.08.08, რომელიც შეიქმნა ჟურნალ ინდიგოსა და GCRT-ის – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის კოლაბორაციით.

ზეპირი ისტორიები ჩაწერილია ომგამოვლილ ადამიანებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დევნილთა დასახლებებში და გორში.

ისტორიებში, ასევე ფოტოებზე გმირების თხოვნით, ზოგან შეცვლილია სახელები. ფოტოებზე გამოსახული ადამიანები ხშირად არ არიან იმ ისტორიის გმირები, რომელთაც ისინი ახლავს.

  •  
  •  
  •  
  •