შემოგვიერთდით

,,ოსებს ისე უყვარდათ ეგენი, შემოგვითვალეს შემოიყვანეთ და დამარხეთო” – აგვისტოს ომის ქრონიკებიდან

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ტკივილი კვლავ ისეთივე მძაფრია, როგორც მაშინ იყო განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლობლები დაკარგა. ასეთი კი ძალიან ბევრია. რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა 408 და დაშავდა 2232 ქართველი. წარმოგიდგენთ რამდენიმე ისტორიას იმ ადამიანების შესახებ, ვისაც უშუალოდ შეეხო ომი და საკუთარ თავზე გამოსცადა მისი სიმწარე.

,,ერთი ოთხჯერ, ხუთჯერ არის ნაცადი, რო ჩვენი სახლები დაეწვათ. ჩვენმა ოსმა მეზობლებმა ჩააქრეს ყველა.

მერე აქ ვეღარ შემოვბრუნდით, საბავშო ბაღში ვიყათ ოთხი წელი. დაიხოცნენ ჩემი დედამთილი და მამამთილიცა იქ, გორში მალევე. ოსებს ისე უყვარდათ ეგენი, შემოგვითვალეს  შემოიყვანეთ და დამარხეთო. ერთი ბოევიკი იყო, იმას რო არ ავეწიოკებინეთ, არაფერი არ მოხდებოდა ჩვენ სოფელში. ხოდა, იმან თქვა, მოიყვანეთო და აქ დამარხეთო. ყველას კი არ მისცეს უფლება. სხვა კაციც გარდაიცვალა და ეგ არაო. ის მერეთში დამარხეს.  ჩვენ ჩუმათ, ბაღებ-ბაღებ შემოვიყვანეთ და ეგრე დავმარხეთ.

ეხლაც, გაყოფილია სოფელი. პოსტი გვაქ შუაში, მარა ისე კარგათა მივდივართ ოსებთანა წყალზე, ვავსებთ კოხტათა, ყავაზეც მიგვიპატიჟებენ. აქაც ჩამოდიან ხოლმე.

რუსები არიან ეხლა იქითა. ისეთი სახლები ააგეს. ღამე რო გახედავ, კაშკაშა შუქებია, ცოლ-შვილით არიან ჩამოსულები. ეგენი ეხლა იმას დათმობენ და წავლენ“? ზოია  დღეს 59 წლისაა და ზარდიაანთკარში ცხოვრობს. 

მასალა აღებულია პროექტიდან 08.08.08, რომელიც შეიქმნა ჟურნალ ინდიგოსა და GCRT-ის – წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის კოლაბორაციით.

ზეპირი ისტორიები ჩაწერილია ომგამოვლილ ადამიანებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დევნილთა დასახლებებში და გორში.

ისტორიებში, ასევე ფოტოებზე გმირების თხოვნით, ზოგან შეცვლილია სახელები. ფოტოებზე გამოსახული ადამიანები ხშირად არ არიან იმ ისტორიის გმირები, რომელთაც ისინი ახლავს.

  •  
  •  
  •  
  •