შემოგვიერთდით

ქართული ჭაჭა და კაკლის უღელი ისრაელში ექსპორტზე საერთაშორისო დონის ქაშერი სერთიფიცირებით გავა

,,ბერახა ჯგუფი” რამდენიმე წლის წინ ისრაელში ჩამოყალიბდა. ძალიან მალე კომპანიის მიერ წარმოებული ქართული ჭაჭა და კაკლის უღელი, საერთაშორისო დონის ქაშერი სერთიფიცირებით ისრაელში ექსპორტზე გავა. კომპანიის საქმიანობასა და გეგმებზე ვესაუბრეთ მწარმოებელს აარონ ჯანაშვილს.

HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ.

საქმიანობა ისრაელში დავიწყეთ. ქართული უნიკალური ჯიშებისგან ქოშერი ღვინის წარმოება საქართველოში წამოვიწყეთ. ჩამოვასხით პირველი ექსკლუზიური პრემიუმ კლასის ქოშერი ღვინო, რომელიც დამზადდა 18 განსხვავებული ჯიშის ყურძნის შეზავებით. რატომ 18? იგი ებრაულ ცნობიერებაში კარგი რიცხვია და მისი სიტყვიერი განმარტება სიცოცხლეს ნიშნავს.

წელს დავიწყეთ ქართული ტრადიციული სასმელის კაკლის უღელის და ხილის ,,მაგარი სასმელის” წარმოება. ,,მაგარი სასმელი” სახელი მისადაგებულია ჭაჭასთან თუმცა, ჭაჭა მხოლოდ ყურძენთან არის ასოცირებული და ჩვენც, როგორც ქვეყნის და ტრადიციების პატივისმცემელ ხალხს, არ დავარქვით ხილის ჭაჭა, არამედ მაგარი სასმელი.

HR hub: რას გულისხმობს ქაშრუთის სერთიფიკატი, რომელიც თქვენ მოიპოვეთ?

ჩვენი პროდუქცია სერთიფიცირებულია ნიუ იორკის ქართული დიასპორის რაბინატის მიერ, რომლის ერთ-ერთი წინამძღოლია საქართველოდან 45 წლის წინ საცხოვრებლად წასული ქართველ ებრაელთა რაბი, ორგანიზაცია Strict Kosher Organisation-ის მფლობელი. იგი ქაშრუთის ყველა პირობის დაცვას უყენებს მწარმოებელს. რას შეიძლება შევადაროთ ქაშრუთის სერთიფიკატი? ეს ცივილური სამყაროს ISO და HASP-ის მსგავსია და მიღებულია ებრაულ სამყაროში.

HR hub: როდის გავა ექსპორტზე ქართული ჭაჭა და კაკლის უღელი ისრაელში?

ჭაჭის და კაკლის უღელის რეალიზაცია მალე უკვე ისრაელშიც იგეგმება შესაბამისი ტესტირების შემდეგ. ამას ემოციური დატვირთვაც აქვს. მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შედეგად ხომ ჩამოყალიბდა ორი ერის სიყვარული და შესაბამისად კერძების, სამზარეულოს და სასმელების საერთო კულტურაც, ამიტომ მონატრებულს ალბათ გულით მიიღებენ და აიტაცებენ. ამჟამად იგეგმება საცდელი რაოდენობის გატანა, თუმცა მომავალში ვფიქრობთ, რომ მოვიცვათ ის ქვეყნები სადაც ქართველი ებრაელები მიმოფანტულები არიან.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო  Georgian natural product-ის ხელმძღვანელობას მხარში დგომისა და უდიდესი პროფესიონალიზმისთვის.

  •  
  •  
  •  
  •