ჯეოსელში სტაჟირება პროდუქტებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მართვის მიმართულებით დავიწყე ზუსტად იმის საპირისპიროდ, ვიდრე, ზოგადად, მუშაობის დაწყება წარმომედგინა – სწრაფად, მოულოდნელად და დაუგეგმავად.
სტაჟირების შესახებ უნივერსიტეტმა შეგვატყობინა, მაგრამ როდესაც მე ვნახე, ვაკანსია უკვე დიდი ხნის გამოცხადებული იყო და CV-ც სულ ბოლო დღეს, სულ ბოლო წუთებში გავაგზავნე. ვიცოდი, დავაგვიანე და, თანაც, ჯეოსელის ვაკანსიაზე ბევრი კანდიდატი იქნებოდა, ამიტომ დიდი მოლოდინი არ მქონია და ბოლო ზარამდე არავისთვის არაფერი მითქვამს.
რამდენიმე დღეში დამიბარეს ტესტირებაზე ჯეოსელის სათაო ოფისში, რომელიც პატარა ოაზისს უფრო ჰგავდა, ვიდრე სამუშაო სივრცეს – მცენარეებში ჩაფლული შენობა და ყველგან ჩემი ისედაც საყვარელი იასამნისფერი. ჩემი ქსელის შიდა სამზარეულოში პირველად აღმოვჩნდი და, რა თქმა უნდა, ყველგან შევიხედე, სადაც შემეძლო – ოფისებში საქმიანი, მსუბუქი და მეგობრული ატმოსფერო ჩანდა. მახსოვს, გავიფიქრე, თურმე შესაძლებელია, ყოველდღე სამსახურში მოსვლა გაგიხარდეს-მეთქი.
ტესტირების შემდეგ იყო გასაუბრება თუ ახალი მეგობრების გარემოში გატარებული 20 წუთი, დღემდე არ ვიცი. ძალიან მალევე დამირეკეს და მითხრეს, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. როცა, საბოლოო თანხმობის შემდეგ, გავბედე და ყველას უკვე თამამად ვახარე ახალი ამბავი, იმაზე მეტად, რომ ზოგადად მუშაობა დავიწყე, ის გაუხარდათ, რომ მუშაობას ჯეოსელში ვიწყებდი. თუმცა, რაღა დასამალია და, მეც ალბათ ეგ უფრო მიხაროდა.
სამსახურში მოსულს დამხვდა სუპერ მეგობრული გარემო, რომელმაც პირველივე დღიდან ოჯახის წევრად მიმიღო; პროფესიონალების გუნდი, რომლისგანაც დღემდე ბევრს ვსწავლობ და იდეებით სავსე საუკეთესო ხელმძღვანელი, რომელსაც არასოდეს დაზარებია ჩემთვის რაიმეს ახსნა თუ თავისი მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარება. მიხარია, რომ დროის დიდ ნაწილს ამ ადამიანების გვერდით ვატარებ, რომ აქ არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს და ცვლილებების დრო და სურვილი ყოველთვის მოიძებნება.
ჩემთვის, როგორც სტაჟიორისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღებული ნდობა, გამოწვევები და ღია შესაძლებლობები იყო. არ მქონია მკაცრი შეზღუდვები და ყოველთვის ვგრძნობდი თავს ძლიერი გუნდის წევრად. ამიტომ, ძალიან მინდოდა, გამემართლებინა იმ ადამიანების მოლოდინები, რომლებმაც ჯეოსელში სტაჟირება და შესაბამისი სამუშაო მე მომანდეს. მგონი, შევძელი და ეს მოლოდინები გავამართლე კიდეც, რადგან სულ ცოტა ხნის წინ 6-თვიანი სტაჟიორობიდან ძირითადი პროდუქტების და ბიზნეს გადაწყვეტილებების მართვის უმცროს სპეციალისტად გადმოვინაცვლე; ამჟამად მაქვს დასახელებაზე კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო საქმე და უამრავი განსახორციელებელი იდეა; რაც მთავარია, მაქვს გარანტია, რომ რა დროც არ უნდა გავატარო აქ, ჯეოსელში განვითარების, რაღაც ახლის სწავლის და მისი დანერგვის შესაძლებლობა ყოველთვის მექნება.