Studentjob.ge –ისა და HR hub-ის ორგანიზებით, თელავში, 7 ივლისს, დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი ,,ჩვენ გეძებთ შენ” საქართველოს უნივერსიტეტის, ფერმერთა ასოციაციის , კრედო ბანკის და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
ჩვენ გადავწყვიტეთ ეტაპობრივად გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ,,თელავი ჯობსის”, შედეგად დასაქმდნენ. ამ ჯერად წარმოგიდგენთ გიორგი პირქუშაშვილს, რომელმაც ლოპოტაზე დამხმარე მიმტანის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა.
გიორგი პირქუშაშვილი – 17 წლის, ცხოვრობს ახმეტაში ოჯახთან ერთად. ამჟამად სწავლობს ახმეტის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასში. „ლოპოტა“ მისთვისაც პირველი სამსახურია და თვლის რომ არამარტო ზაფხულის განმავლობაში, არამედ, სწავლასთან შეთავსებით, გრძელვადიანად იმუშავებს მათთან.
რატომ გადაწყვიტეთ თელავის დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება ?
მე ვცხოვრობ ახმეტაში ოჯახთან ერთად. ძალიან მინდოდა მეშოვა სამსახური და ჩემი დამოუკიდებელი შემოსავალი მქონოდა. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში განსაკუთრებით რთულია დასაქმება, არც ისე ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი. შესაბამისად, თელავის დასაქმების ფესტივალის შესახებ როგორც კი შევიტყვე, გადავწყვიტე აუცილებლად მიმეღო მონაწილეობა და დავსაქმდი კიდეც კახეთის ულამაზეს სასტუმროში „ლოპოტა სპა რეზორტში“. სასტუმრო ძალიან სწრაფად იზრდება, რაც მაძლევს უდიდეს შესაძლებლობას წინსვლისთვის. ჩემი კოლეგებისგან ყოველდღიურად ვსწავლობ რაღაც ახალს და სასარგებლოს კარიერული ზრდისთვის.
საიდან გაიგეთ ,,თელავი ჯობსის” შესახებ ?
ჩემს გარშემო თითქმის ყველამ იცოდა რომ სამსახურს ვეძებდი და შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც რეგიონები არც ისე განებივრებულები ვართ, არ გამომეტოვებინა. ფესტივალის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, ძალიან გამიხარდა და გადავწყვიტე აუცილებლად ჰმიმეღო მონაწილეობა.
რას ურჩევდით თქვენს თანატოლებს, რომლებიც ფიქრობენ მიიღონ თუ არა მონაწილეობა მსგავსი ტიპის დასაქმების ღონისძიებებში ?
ვურჩევ, რომ თუ ეძებენ სამსახურს და უნდათ ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა ასეთ აქტივობებში. აქ გეძლევა შანსი პირადად შეხვდე არაერთ დამსაქმებელს, გაიგო რას გთავაზობენ, რა მოთხოვნები და მოლოდინები აქვთ. ასევე, გაიცნობ უამრავ საინტერესო ადამიანს, შეიძლება მეგობრებიც კი შეიძინო. ვფიქრობ რაც მეტი ასეთი ტიპის ღონისძიება დაიგეგმება, განსაკუთრებით რეგიონებში, მით უკეთესი იქნება როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის.