შემოგვიერთდით

განაპირობებს თუ არა წარმატების მიღწევა ბედნიერებას?!

,,ადამიანი, რომელიც ბევრს იღიმის ან სულელია ან ამერიკელი“ – აღნიშნული ფრაზა ემოციების გამოხატვის კულტურულ განსხვავებებს ასახავს.

ფაქტია, რომ  აზიურ ქვეყნებში არის დაბალი მოლოდინები ბედნიერებაზე და მის გამოხატვაზე, ვიდრე ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში. ჩვენს ქვეყანაშიც  დგას ბედნიერად ყოფნისა და ბედნიერების გამოხატვის ლეგიტიმაციის საკითხი, რადგან სხვადასხვა ისტორიული თუ რელიგიური ფაქტორების გამო, ბედნიერების ღიად გამოხატვა ჩვენს საზოგადოებაში არ აღიქმება ნორმად და იწვევს შეუსაბამო რეაქციებს გარშემომყოფთა მხრიდან.

ფაქტია, რომ არავინ დგება დილით დაუძლეველი სურვილით და  ფიქრით – ,,ნეტავ, შემეძლოს, ვიტანჯო მთელი დღის მანძილზე“.

ცნობიერად თუ არაცნობიერად, პირდაპირ თუ ირიბად, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რაზეც არ უნდა ვოცნებობდეთ, რისიც არ უნდა გვჯეროდეს ჩვენ ყველას გვაერთიანებს კარგად ყოფნისა და ბედნიერების ღრმა და ძლიერი სურვილი. ბედნიერება არის ჩვენი ცხოვრების მთავარი საზრუნავი, რომელიც ხარისხს ანიჭებს ცხოვრების ნებისმიერ მომენტს.

ბედნიერება  მეცნიერებაში

მკვლევარები ხშირად იყენებენ ბედნიერების ანალოგად ტერმინს ,,სუბიექტური კარგად ყოფნა“ (well-being), რაც ბუდიზმის ხედვით, არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნება. ეს არის სიმშვიდისა და მთლიანობის ღრმა განცდა.

პოზიტიური ფსიქოლოგიის მკვლევარი Sonja Lyubomirsky აღწერს ბედნიერებას, როგორც 2 კომპონენტის კომბინაციას, რომელთა ერთდროულად არსებობაც აუცილებელია ბედნიერების ბუნებრივი განცდის წარმოქმნისათვის:

  1. პოზიტიური ემოციების გამოცდილება – პოზიტიური განწყობა, სულიერი და ემოციური კარგად ყოფნის მდგომარეობა, რომელიც გარს ერტყმის პიროვნების ცხოვრებას;
  2. ცხოვრებით კმაყოფილება – საკუთარი ცხოვრებისეული მიზნებით კმაყოფილება, რაც ემსახურება პროგრესს.  განცდა, რომ ინდივიდის ცხოვრება არის კარგი, ღირებული, მნიშვნელოვანი და საყურადღებო.

ბედნიერების ახალი ფორმულა

ჩვენ  გვგონია, რომ  უნდა გავხდეთ წარმატებულები, რათა შემდეგ ვიყოთ ბედნიერები.

ბევრ ადამიანის სჯერა, რომ წარმატება წინ უძღვება ბედნიერებას.  მაგალითად, ,,როდესაც დავწინაურდები, მე ვიქნები ბედნიერი“.  საყოველთაოდ მიღებული (ტრუიზმი) ბედნიერების მცდარი ფორმულა ასეთია: ,,თუ ვიმუშავებ უფრო მეტს, ვიქნები მეტად წარმატებული. ხოლო, თუ ვიქნები მეტად წარმატებული, ვიქნები მეტად ბედნიერი“.

რამდენად მუშაობს ეს ფორმულა?

ყოველთვის როდესაც ვაღწევთ წარმატებას, ჩვენი გონება იწყებს ახალი მიზნის დასახვას, რათა კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. თუკი ბედნიერება არის წარმატების მეორე ბოლოში, გამოდის, რომ ჩვენი გონება ვერასოდეს მიაღწევს მას.

რეალურად, ჩვენი ტვინი მუშაობს საპირისპიროდ. თუკი გაიზრდება ადმიანის პოზიტიურობის ხარისხი, იზრდება ტვინის ეფექტიანობა. ტვინი პოზიტიური ემოციების დროს 31%-ით მეტად პროდუქტიულია, ვიდრე ნეიტრალური ან სტრესული პირობების შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ფორმულა შესაცვლელია: თუკი ვიპოვით გზას, რომ ვიყოთ პოზიტიურ განწყობაზე აწმყოში, შედეგად ტვინი იმუშავებს ბევრად წარმატებულად და შევძლებთ ვიმუშაოთ უფრო ეფექტიანად, სწრაფად და გონიერად.

61

გარდა ამისა, დოფამინი – ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში გამოიყოფა პოზიტიური ემოციების დროს, ასრულებს ორ ფუნქციას: გვხდის უფრო ბედნიერს და გავლენას ახდენს ჩვენი ტვინის დასწავლის ცენტრებზე, შედეგად  ტვინი ხდება მოქნილი და პოულობს გარემოსთან ადაპტაციის ახალ, განსხვავებულ გზებს.

ამდენად, წარმატების მოდელი განსხვავებულია: ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ პოზიტიური დამოკიდებულებებით (mind-set) უკეთესად უმკლავდებიან გამოწვევებს, რასაც Shawan Achor უწოდებს ,,ბედნიერების თავგადასავალს“ – საქმიანობის ყველა შედეგი იზრდება, როდესაც ტვინი პოზიტიურია.  გავზარდოთ  ბედნიერების ხარისხი ნიშნავს, გაიზარდოს ჩვენი წარმატების შანსი.

ბედნიერება, როგორც ლიკვიდური აქტივი

როდესაც ადამიანები ფიქრობენ ბედნიერებაზე, ისინი ფიქრობენ ემოციურ სიამოვნებაზე. უმრავლესობისათვის ბედნიერება უტოლდება კარგად ყოფნას. საყოველთაოდ მიღებულია, რომ ბედნიერება ცხოვრების რბოლის ემოციური ფინიშია. კერძოდ, ადამიანები იწყებენ სასურველ სამუშაოს, ცხოვრობენ შესაბამის პირობებში, ქორწინდებიან შესაფერის ადამიანზე და ბოლოს ცხოვრობენ ბედნიერად.

პოზიტიური ფსიქოლოგიის კვლევების შედეგად, ბედნიერების ფორმულა შეიცვალა და დადგინდა, რომ ეს პრინციპი შებრუნების წესითაც მუშაობს. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ დღის რომელიმე მონაკვეთში მიიღოთ დადებით ემოცია და შემდეგ  მიღებული დადებითი ენერგია მოახმაროთ საქმეს, ოჯახს, მეგობრებს… ეს სინამდვილეა. ბედნიერება არის ისეთივე ლიკვიდური აქტივი, როგორც ფულადი ინსტრუმენტები, შესაბამისად  ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული ,,ანგარიშსწორებისათვის“.

amanda+bradt+black+and+white+connected+happy+family+posing+photography+education

ადამიანს გააჩნია ,,ემოციური სისტემა“, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ბედნიერება და ის განკუთვნილია იმისთვის, რომ დაიხარჯოს. გარკვეული თვალსაზრისით, ეს არის ემოციური ვალუტა, რომელიც ფულის მსგავსად, შეიძლება ისეთ რამეში გადაიხადო, რაც მართლა ფასეულია შენთვის, მაგალითად ჯანმრთელობა, ურთიერთობები, წარმატება…

რა არის საჭირო ბედნიერებისთვის?

ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ბედნიერები იყვნენ, მაგრამ არ არიან. ამავე დროს, ჩვენ ვიცნობთ ადამიანებს, რომლებსაც უამრავი უიღბლობა აქვთ ცხოვრებაში, მაგრამ ღრმად ბედნიერები არიან.

წარმოიდგინეთ ადმიანი, რომელმაც ლატარიაში მოიგო მილიონი და ადამიანი, რომელსაც პარალიზებული აქვს ქვედა კიდურები. თქვენი აზრით, რამდენად ბედნიერები არიან ისინი?

კვლევა ჩატარდა ორივე ჯგუფში 1 წლის შემდეგ, რაც ადამიანებმა დაკარგეს გადაადგილების უნარი ან მოიგეს ლატარია. მიუხედავად ჩვენი წარმოდგენისა, კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ 1 წლის შემდეგ, ორივე ჯგუფის ადმიანები ცხოვრებაში ბედნიერების ერთნაირ დონეს განიცდიდნენ. ცხოვრებისეული ტრამვებიც კი ვერ ახდენენ პირდაპირ გავლენას  ჩვენი ბედნიერების ხარისხზე.

1_hN8JGcqsBXyIg1K6gV1Rqgთუკი ბედნიერების ფესვებს ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ ის არ იკვებება არც მატერიალური ფაქტორებით. მატერიალური კეთილდღეობა ნაკლებად ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად ბედნიერები არიან ადამიანები. კერძოდ, ბაზისური მატერიალური რესურსების სიმცირე, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს უბედურების განცდას, თუმცა მისი გაზრდა   არ იწვევს ბედნიერების გაზრდას ავტომატურად.

ხშირად გვესმის ,,ყველაფერი იმისათვის, რომ ვიყო ბედნიერი…“. სამყაროში რესურსები შეზღუდულია, მაშინ როდესაც გონებაში – არა და სწორედ ტვინს  შეუძლია გადათარგმნოს გარე პირობები და ბარიერები ბედნიერებაში ან ტანჯვაში. თუკი ჩვენ ვიცით ადამიანის გარემო, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მისი გრძელვადიანი ბედნიერების მხოლოდ 10%, დარჩენილი 90%  კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ახდენს ჩვენი გონება სამყაროს შესახებ ინფორმაციის გადამუშავებას.

ბედნიერების სინთეზირება (შექმნა)

გავიდა 2 მილიონი წელი. ადამიანის ტვინის ზომა სამჯერ გაიზარდა, რადგან ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურები, მათ შორის, ,,ნეო კორტექსი“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ,,გამოცდილების სიმულაცია“. მაგალითად, პილოტები ვარჯიშობენ ფრენის სიმულატორებთან და ამით ამცირებენ ფრენის დროს დაშვებულ შეცდომებს. ადამიანის ტვინს აქვს ეს გასაოცარი ადაპტაციის უნარი, რომ გამოცდილება მიიღოს ჯერ საკუთარ თავში, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში ცდის მას.

როგორ მუშაობს გამოცდილების სიმულაცია?

ადამიანებს გვაქვს ,,ფსიქოლოგიური იმუნური სისტემა“, რომელიც ცნობიერი ან/და არაცნობიერი კონტური პროცესების სისტემაა და გვეხმარება, რომ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება სამყაროს შესახებ ისე, რომ თავი ვიგრძნოთ უკეთესად. ეს მექანიზმი ყველას გვაქვს და არ ვიცით.

f26b7fe9a49000ee43eb42f982ab756b--smiling-faces-a-smile,,ბუნებრივი ბედნიერება“ არის შემთხვევა, როდესაც ვიღებთ იმას, რაც გვინდოდა, ხოლო ,,სინთეზირებული ბედნიერება“ უკავშირდება შემდეგ სიტუაციას –  რას ვაკეთებთ, როდესაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდოდა. ჩვენს საზოგადოებაში გვჯერა, რომ სინთეზირებული ბედნიერება უფრო დაბალი ხარისხის არის, ვიდრე ბუნებრივი ბედნიერება. რეალურად, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ტვინის რესურსების გამოყენებით, ბედნიერების სინთეზირება და შექმნილი ბედნიერება ისეთივე პოზიტიური შედეგების მომტანია, როგორც ბუნებრივი.

ჩვენ წლებს და დროს ვხარჯავთ განათლებაზე, ფიტნესზე და არა ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტზე ვისწავლოთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი. ისევე როგორც ვავარჯიშებთ სხეულსა და კუნთებს, აუცილებელია ტვინის გავარჯიშებაც პოზიტიური აზროვნების ტექნიკებში. შედეგად ჩვენ პრაქტიკაში ვნახავთ წარმატებისა და ბედნიერების რევერსიულ ფორმულას.

ხელოვნური სიცილი ცვლის ადმიანის განწყობას (პოლ ეკმანი), ორგანიზმი ზუსტად იმავე ქიმიურ ნივთიერებებს გამოჰყოფს, როგორსაც ნამდვილი სიცილის დროს.

ზოგიერთი  მეცნიერი მიიჩნევს, რომ ბედნიერება არის თანდაყოლილი თვისება, ამდენად ადამიანისთვის მოთხოვნა, რომ გახდეს მეტად ბედნიერი, იგივეა რაც მოვთხოვოთ სიმაღლეში გაიზარდოს. კვლევებზე დაყრდნობით, Lyubomirsky-მა დაადგინა, რომ ბედნიერების 50% განპირობებულია ჩვენი გენებით, 10% – ჩვენი ცხოვრების გარემოებებით, ხოლო 40% კი – დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ აქტივობებზე/მოქმედებებზე.

გარკვეული  ჩვევების გავარჯიშება ზრდის ბედნიერებისა და ჩვენი ცხოვრების  ხარისხს:

  • ურთიერთობების შენება – სოციალური ურთიერთობები არის ჩვენი ცხოვრების ხარისხისა და ბედნიერების განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი. გაატარეთ მეტი დრო საინტერესო და საყვარელ ადამიანებთან;
  • აქტიურობა – ცუდი განწყობის შეცვლის საუკეთესო საშუალებაა გახვიდეთ გარეთ, იცეკვოთ, იჯირითოთ, წახვიდეთ სალაშქროდ, იფრინოთ პარაპლანით, ისრიალოთ და ა.შ;
  • მუდმივი განვითარება – ეს არ ეხება ცოდნაზე ორიენტირებულ სწავლებას, ეს უფრო ცნობისმოყვარეობაა, ისწავლო რაიმე ახალი. მაგალითად, საჭმლის კეთება, თხილამურებზე სრიალი და სხვა. ისწავლეთ ახალი ქცევები და გაამდიდრეთ თქვენი აქტივობების რეპერტუარი;
  • ალტრუიზმი – ერთ-ერთ ექსპერიმენტში ადამიანების 2 ჯგუფს მისცეს 100 დოლარი. ნაწილს შეეძლო დაეხარჯა საკუთარ თავზე, ნაწილს სხვაზე. მათი ბედნიერების შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც სხვა ადამიანებს დაახარჯეს ფული, უფრო ბედნიერები იყვნენ. ნეირომეცნიერული კვლევებით დადგინდა, რომ როდესაც სხვებისთვის რამეს ვაკეთებთ, ჩვენს ტვინში აქტიურდება ის სტრუქტურები, რომლებიც დაკავშირებულია სიამოვნებისა და ჯილდოს მიღებასთან;
  • მადლიერება – წარმოიდგინეთ, რომ ყოველი მომენტი არის საჩუქარი – ერთგვარი შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობებით სარგებლობა კი – ბედნიერების გასაღები. ეს გამოცდილება შეიძლება იყოს პოზიტიური ან მტკივნეული, თუმცა ნეგატიური გამოცდილებიდანაც ვსწავლობთ და ვვითარდებით. იყავით მადლიერი ყოველი მომენტისთვის და შესაძლებლობისთვის და ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ის;
  • დროის კაპსულა – შექმენით ფოტოებით, დღიურებით და სხვა საშუალებებით პოზიტიური გამოცდილებების კოლექცია, რომლითაც მომავალში გააოცებთ საკუთარ თავს;
  • ვარჯიში – არის კარგი არა მხოლოდ სხეულისთვის, არამედ გონებისთვისაც მნიშვნელოვანია. კვლევების თანახმად, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ზრდის ბედნიერებისა და საკუთარი თავის პატივისცემის დონეს, ხოლო ამცირებს შფოთვასა და სტრესს, დეპრესიის სიმპტომებს.
  • ბუნებაში დროის გატარება – ადამიანები, რომლებიც მეტად არიან კავშირში ბუნებასთან, მიდრეკილნი არიან უფრო მეტად განიცადონ პოზიტიური ემოციები.

და ბოლოს, ფრანგი ფილოსოფოსის – Henri Bergson-ის თანახმად – ,,ყველა დიდმა მოაზროვნემ დატოვა ბედნიერება ბუნდოვანებაში, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს განმარტოს ის საკუთარი სიტყვებით“. ბედნიერება სუბიექტური კონსტრუქტია და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას.  აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ საკუთარი თავი, რათა სწორედ ის მიდგომა შევარჩიოთ, რომელიც ყველაზე კარგად იმუშავებს. ფაქტია, რომ ადამიანის ,,ემოციური სისტემა“, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის პოზიტიური ემოციები და ბედნიერება, განკუთვნილია იმისთვის, რომ დაიხარჯოს. მიღებული დადებით ენერგია შესაძლებელია მოხმარდეს საქმეს, ოჯახს, მეგობრებს… ბედნიერება, როგორც  ემოციური ვალუტა, ფულის მსგავსად, შეიძლება ისეთ რამეში გადავიხადოთ, რაც მართლა ფასეულია ჩვენთვის.

გამოყენებული წყაროები:

  • Justin Fox. The Economics Of ell-Being. Harvard Business Review. January-February, 2012;
  • Peter N. Stearns. The History of Happiness. Harvard Business Review. January-February, 2012;
  • Shawan Achor. Positive Intelligence. Harvard Business Review. January-February, 2012;
  • Sonja Lyubomirsky: What is Happiness? How Do I Cultivate It?;
  • Robert Biswas – Diner (2010). Practicing Positive Psychology Coaching: Assessment, Activities and Strategies for Success;
  • Mihaly Csikszentmihalyi At TED 2004 – Flow, the secret to happiness;
  • Shawn Achor  (2012). Positive Intelligence. Harvard Business Review, January/February 2012;
  • Matthieu RicardatTED2004.The habits of happiness;
  • Nic MarksatTEDGlobal 2010.The Happy Planet Index;
  • Dan GilbertAt TED2004. The surprising science of happiness;
  • David Steindl-Rast at TEDGlobal 2013. Want to be happy? Be grateful;
  • Shawn Achor At TEDxBloomington. The happy secret to better work.

სტატიის ავტორი: მაია ხოსიტაშვილი ტრენერი (ფსიქოლოგი), კონსულტანტი