თუ თბილისის ქუჩებში სიარულის დროს, თეთრი, Toyota Vitz-ის ტაქსი გააჩერეთ და საჭესთან ახალგაზრდა გოგონა დაგხვდათ, იცოდეთ რომ ეს 26 წლის მერიკოა კობერიძე. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის მიმართულებით. უნივერსიტეტში სწავლისას მოიპოვა პოლონეთის საელჩოს გრანტი და ისწავლა პოლონეთში, სილეზიის უნივერსიტეტში.
ამჟამად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტში. პარალელურად ჩააბარა GIPA-ში, სადაც ისწავლა HR მენეჯმენტი.
ასევე აქვს პატარა ტანსაცმლის მაღაზია „მეორეული MEOREULY”, საიდანაც შემოსული თანხის 10% ირიცხება საქველმოქმედო აქციის ფარგლებში #მეაქვარ.
მერიკოს მესამე და ასევე ძალიან საყვარელი სამსახური არის ,,MERIK’S WEEKEND TAXI”, რომლითაც HR hub დაინტერესდა და ინტერვიუ მოგიმზადათ.
HR hub: საიდან გაგიჩნდათ MERIK’S WEEKEND TAXI-ის იდეა ?
HR hub: რა მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს ?
სამუშაო დღეებში მგზავრებს ვემსახურები საღამოს 6 საათის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჩემი სამუშაო დღე სრულდება ჯანდაცვის სამინისტროში.
თავდაპირველად მხოლოდ თბილისის ქუჩებში გადაადგილებით შემოვიფარგლებოდი, ხოლო ახლა როცა ასე ძალიან შემიყვარდა ეს საქმე და ჩემი მგზავრები, მომსახურების სფეროც გაიზარდა:
- შაბათ-კვირის პირადი მძღოლი, საქართველოს მასშტაბით, რაშიც ვგულისხმობ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში გადაადგილებას თბილისიდან.
- ბავშვების დანიშნულების ადგილამდე მიყვანა, სახლში წამოყვანა;
- თბილისის აეროპორტში დროულად მისვლა;
- ქუთაისის აეროპორტში დროულად ჩასვლა;
- ჯანსაღი გარემო (შორ მანძილზე მგზავრობისას გაგიჩერებთ, რომ მოწიოთ სიგარეტი) დიახ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩემს ავტომობილში მოწევა არ შეიძლება;
- სუფთა ავტომობილი;
- ინტერნეტი;
- AUX ,CD , SD – მოუსმინე ნებისმიერ სასურველ სიმღერას. იმღერე თვითონაც, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა ამის ნიჭი იმგზავრებთ მოძრაობის წესების სრული დაცვით.
HR hub:როგორი რეაქცია აქვთ მგზავრებს, განსაკუთრებით მამაკაცებს, როდესაც თქვენ გხედავენ საჭესთან?
აი ეს არის ერთ-ერთი საყვარელი ნაწილი ჩემს საქმიანობაში. თავდაპირველად ბოდიშს მიხდიან და მეუბნებიან უკაცრავად ტაქსს ვაჩერებდითო და როდესაც ვუდასტურებ, რომ ნამდვილად ტაქსი გააჩერეს საქარე მინას მეორედ უყურებენ, რომ დარწმუნდნენ იქ ნამდვილად ტაქსის ნიშანია თუ არა.
პირველი შეკითხვაა: მიჭირს თუ არა ტაქსაობა, როდესაც ვუხსნი რომ ეს ჩემთვის სასიამოვნო პროცესია და ამ დროს სრულიად გულახდილი ვარ, აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მიმატებენ სოციალურ ქსელში, მთხოვენ ტელეფონის ნომერს და ამბობენ რომ ასე ჯერ არასდროს უმგზავრიათ. ხაზს უსვამენ ჩემი ტარების მანერას (რაც ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია) და ხშირად „თიფსს“ მიტოვებენ, რაც თავიდან უხერხულობის განცდას მიქმნიდა.
HR hub: თქვენ ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვთ შეხება. მოგვიყევით საინტერესო თავგადასავლების შესახებ, რომელიც თქვენი ტაქსის მართვის დროს გადაგხდენიათ.
დიახ, ბევრ და განსხვავებულ ხალხს ვხვდები მუშაობის პროცესში. ერთი ასეთი მახსენდება ახლა. როდესაც მგზავრი ჩაჯდა და წავედით სასურველ ადგილას, იქ გაახსენდა, რომ სხვა მისამართზეც იყო წასასვლელი, შემდეგ ისევ გაახსენდა, რომ სხვა საქმეც ჰქონდა და ასე შემოვიარეთ ნახევარი თბილისი. კიდევ იყო ერთი მამაკაცი, რომელმაც ჩემი გაცნობის შემდეგ, გადაწყვიტა შვილს მანქანა ჩამოართვას, რადგან „ მაინც ტყუილად უყენია იმ უსაქმურსო“ მთელი გზა დამჭირდა ასახსნელად, რა ცუდად ვიგრძნობდი თავს ამის გამო და მე მგონი შევძელი გადამეფიქრებინა.
HR hub: თუ გქონიათ ექსტრემალური სიტუაცია ?
ექსტრემალურს ვერ დავარქმევ, მაგრამ ამაზე სულ მეცინება. ბიჭი მივიყვანე პაემანზე, გოგომ დამინახა და შეყვარებულს მოსთხოვა ერთ ადგილას წასვლა, ისევ ჩემი ტაქსით. ბიჭი დაიბნა, ამ გოგონამ „შეფარვით“ დამისვა კითხვები ჩემს პირად ცხოვრებაზე. მართლა ძალიან მეცინება ახლაც მე „გადავრჩი“ და იმედია ის ბიჭიც.
HR hub: როგორ დაგიკავშირდნენ მსურველები ?
მათ შეუძლიათ მოიწონონ Facebook გვერდი MERIK’S WEEKEND TAXI და მომწერონ. ასევე შეუძლიათ გვერდზე მითითებულ ნომერზე დარეკვა.
თუ სამუშაო დღეებში, დაინახავენ თეთრ, ლამაზ Toyota Vitz-ს, შეუძლიათ იქვე გამაჩერონ.
HR hub: რა გეგმები აქვს MERIK’S WEEKEND TAXI-ს სამომავლოდ ?
გეგმების შესახებ არ მიყვარს ლაპარაკი გადაჭრით, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორი მიმართულებით. სიახლეების შესახებ აუცილებლად დაიდება Facebook გვერდზე.