შემოგვიერთდით

დღეს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

მეზღვაურთა დღის აღსანიშნავი ოფიციალური ცერემონია ბათუმის მე-10 ნავმისადგომზე გაიმართა, მოწვეულ სტუმრებს, მეზღვაურებს, კურსანტებსა და დამსწრე საზოგადოებას 25 ივნისი საქართველოს პრემიერ მინისტრმა – მამუკა ბახტაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – გიორგი ჩერქეზიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ – ზურაბ პატარაძემ მიულოცეს.

 ღონისძიება საზეიმო მილოცვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. პრემიერმა მეზღვაურის საერთაშორისო დღე მიულოცა ქართველ მეზღვაურებსა და განსაკუთრებით 2018 წლის კურსდამთავრებულებს და აღნიშნა საქართველოს საზღვაო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების, ღვაწლმოსილი მეზღვაურებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლების წვლილი საზღვაო ტრანსპორტის სექტორის განვითარებაში.

პრემიერმა ხაზი გაუსვა პროფესია – მეზღვაურის მნიშვნელობას მსოფლიოს და ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის – „თითოეული თქვენგანის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში ძალზედ დიდია. თქვენ ხართ ის იშვიათი კატეგორია, რომელიც საქართველოდან სერვისის ექსპორტს ეწევა. ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, მეზღვაურებს ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკაში სუფთა ნაღდი ფულის სახით 180 მლნ დოლარი შემოგაქვთ. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა თქვენზე ზრუნვას პრიორიტეტად ისახავს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი მეზღვაურის დასაქმება საერთაშორისო დონეზე იყოს მოთხოვნადი, პრესტიჟული და დაფასებული.“

თავის გამოსვლაში, პრემიერმა ასევე ისაუბრა საზღვაო აკადემიის გემის – „კადეტის“ საერთაშორისო ნაოსნობაში გაშვების თაობაზე – „ეს ინიციატივა უმნიშვნელოვანესია, რათა მიღწეულ იქნეს ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მეზღვაურთა წვრთნისათვის დადგენილია მსოფლიოს ყველა წამყვან საზღვაო სახელმწიფოში. ეს გემი მოგვცემს საშუალებას გადავჭრათ წლების განმავლობაში არსებული პრობლემა ქართველი მეზღვაურების სერტიფიცირებისათვის, ამასთან განათლების პროცესი გახდება უფრო მეტად ეფექტური და ხარისხიანი. ამასთან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია განათლება. საზღვაო განათლება კი, აჭარასა და მიმდებარე რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად რჩება. მინდა, ვუსურვო ყველა საზღვაო სასწავლებელს მიმდინარე და დაგეგმილი ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლა, რაც საფუძველი იქნება რეგიონში მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის.“

გამოსვლის დასასრულს პრემიერმა ხაზი გაუსვა საზღვაო სექტორში განსახორციელებელი რეფორმების მნიშვნელობას, ასევე გააჟღერა ინიციატივა ერთიანი ფანჯრის პრინციპის თაობაზე, რომელიც ათამდე სამთავრობო უწყების სერვისების ერთიან პლატფორმაში გაერთიანებას გულისხმობს.

ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც მიულოცა. ზურაბ პატარაძემ საზღვაო სფეროს განვითარებისა და ახალგაზრდა მეზღვაურთა საგანმანათლებლო პროცესში შეტანილი წვლილისათვის, ჯილდოს მფლობელად, აწ გარდაცვლილი შაქრო ვარშანიძე დაასახელა. ჯილდო კაპიტნის იჯახის წევრს, თემურ ვარშანიძეს გადაეცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისათვის სხვადასხვა მეზღვაური დააჯილდოვა:

განსაკუთრებული გამძლეობისათვის, მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცა ქართველ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს, რომელმაც 3 წელი გაატარა ლიბიის ციხის გაუსაძლის პირობებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის აპრილის თვეში სოსლან კაკაბაძის მიმართ ლიბიის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილითა და ზღვაში ჩაშვებული გვირგვინით პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეზღვაურებს;

მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, საზღვაო აკადემიის საკუთრებაში არსებული გემი „კადეტი“ საზეიმო ვითარებაში გაემგზავრა შორეულ ნაოსნობაში.

მეზღვაურის დღის ოფიციალური ნაწილი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბენდის მიერ შესრულებული მეზღვაურის ჰიმნით დასრულდა.