შემოგვიერთდით

დღეს სტატისტიკის სამსახური 100 წლის გახდა

ისტორიული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება.

1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება. 1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას. ჩვენს დრომდეა მოღწეული XVII-XVIII სს. დავთრები, რომლებშიც ჰქონდათ აღწერის შედეგად მოპოვებული ცნობები.

1918 წ. 15 ნოემბერს მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო, რომლის ფუნქციებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების შემუშავება, მიწის ფონდის აღრიცხვა და მისი განაწილების ნორმების განსაზღვრა. 1919 წ. 25 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, შეიქმნა რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი იმავე სამინისტროს შემადგენლობაში. კომიტეტს დაევალა ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური სამუშაოების წარმართვა.

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 100 წლის გახდა. ჩვენ ვესაუბრეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს შორენა კობიაშვილს, რომელიც 11 წელია აქ მუშაობს.

HR hub: დღეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 100 წლის იუბილე აღინიშნება. როგორ ემზადებით ამ ღირსშესანიშნავი თარიღისთვის?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, კერძოდ 25-26 ივლისს იმართება რეგიონული კონფერენცია „გენდერული სტატისტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისთვის“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის წარმომადგენელი და ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარდა ამისა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით გაიმართება პარალელური სესია სტუდენტებისთვის, გენდერული სტატისტიკის საკითხებზე და მის როლზე საზოგადოებრივი განვითარებისთვის.
შეიქმნა სხვადასხვა სახის ვიდეორგოლები (1. ფუნდამენტური პრინციპები; 2. საიმიჯო ვიდეორგოლი; 3. საქსტატის ისტორიული ვიდეორგოლი; 4.თანამშრომელთა ფოტოსლაიდშოუ; 5. სტამბის შესახებ ვიდეორგოლი; 6. სტატისტიკის წარმოებაში გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკის ევოლუციის შესახებ ვიდეორგოლი; 7. ანიმაციური ბანერი; 8. მილოცვის ვიდეოჩანაწერები), დამზადდა საიუბილეო მონეტა, გამოიცა 100 წლისთავის საიუბილეო ისტორიული ბროშურა და სხვა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ასევე, დაგეგმილია საზეიმო მიღება, სადაც მოხდება საქსტატის ღვაწლმოსილი თანამშრომლებისა და სტატისტიკის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაჯილდოვება, აგრეთვე, მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამსახურის ისტორიის ამსახველი ძველი მასალები (ფოტო მასალა, პირველი კრებულები, გაზეთები, ტექნიკა, მისი განვითარების ქრონოლოგია და ა.შ).

HR hub: მოგვიყევით თქვენი უხუცესი თანამშრომლების შესახებ.
საქსტატში დასაქმებულია 900-მდე თანამშრომელი. აქ დღემდე მუშაობს ათეულობით ადამიანი, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია ერთგულად ემსახურება ქვეყანას და გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მუშაობის 30 წლიანი, 40 წლიანი და 50 წლიანი გამოცდილება.

HR hub: სტატისტიკა საკმაოდ რთული დარგია. არ გიჭირთ ამ მიმართულებით ახალი კანდიდატების მოზიდვა?
კადრების მოზიდვა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე. ვინაიდან საქსტატი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თანამშრომელთა მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები რეგულირდება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

HR hub: როგორი გრძნობაა იმუშაო 1 საუკუნის ისტორიის მქონე ორგანიზაციაში?
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიმუშაო სამსახურში, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია, იმ ადამიანების გვერდით, რომელთაც თავისი თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით შექმნეს ისტორია და დიდი წვლილი შეიტანეს სამსახურის განვითარებასა და წინსვლაში. ასევე, ორმაგად სასიხარულოა მონაწილეობა აღნიშნულ საიუბილეო ღონისძიებაში და იმის გააზრება რომ ხარ ამ გუნდის წევრი.