შემოგვიერთდით

ექსკლუზივი – როგორ გამოიყურება ,,კრისტალის” ახალი ოფისი და რა სიახლეები დაინერგა კომპანიაში

„კრისტალი“ პირველი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციაა, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა და ასევე პირველმა გამოუშვა 10 მლნ ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები.
2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა. 2019 წლის 2 მაისს გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვისთვის კომპანია “კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2019”-ის გამარჯვებული გახდა. კომპანიაში სულ ახლახანს დასრულდა რებრენდიგნის პროცესი. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებზე ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრისტალის” ადამიანებისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორს სერგო ნოზაძეს.

HR hub: სერგო კრისტალში ბევრი სიახლეა. მოგვიყევით კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში და რა იყო ცვლილებების მიზანი?

მოსაყოლი და საამაყო  კრისტალელებს მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს. მთავარი და აღსანიშნავი  კი არის  ის, რომ კომპანიამ უკვე დაასრულა რებრენდინგის პროცესი, შეიმუშავა ახალი სტრატეგია, შეიცვალა ჩვენი ლოგო, ფერი და სრულიად ახალი იმიჯით განვითარების ახალ ეტაზე გადავედით. რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ჩვენ უკვე ვპოზიციონირებთ არა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არამედ ფინანსური ჩართულობის კომპანია, რომლის ძირითადი მისია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაა.

„კრისტალი“ მისი არსებობის მანძილზე დინამიურად და სწრაფი ტემპით ვითარდება. სწორედ კომპანიის სტაბილურად ზრდამ და მისი მომხმარებლის სეგმენტის თავისებურებებმა მისცა ბიძგი დამფუძნებლებს და მენეჯმენტს, ახლებურად გაეაზრებინათ „კრისტალის“ მისია – მისი დანიშნულება და ახალი ხედვით, განახლებული ბრენდით და გრძელვადიანი, კორპორატიული განვითარების სტრატეგიით გაეგრძელებინათ საქმიანობა.

ჩვენ ვართ  განვითარების პლატფორმა 

ჩვენი მისიაა სიღარიბის აღმოფხვრა საქართველოში.

ჩვენი გამოწვევაა მეწარმეობის გავრცელება და პოპულარიზაცია.

ამ მისიით კრისტალი, როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია, იწყებს განვითარების ახალ ეტაპს და აკეთებს განაცხადს,  რომ ის მხოლოდ მიკროსაფინანსო და სესხებზე ორიენტირებული ორგანიზაცია არ არის. მისი დანიშნულებაა, იყოს პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს მეწარმეებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში.

ამას გარდა, კომპანია ეტაპობრივად გადადის მართვის ავტომატიზებულ სისტემებზე, ამჟამად კრისტალი ფართო მასშტაბიანი, ტექნოლოგიური განვითარების ეტაპზე იმყოფება, წარმატებით ინერგება ელ. პროგრამები, ვითარდება ინფრასტრუქტურა, მუშავდება ახალი პროექტები, სერვისები, რომელსაც სულ მალე შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.

HR hub: რამდენი თანამშრომელია კომპანიაში დასაქმებული? რა არის კრისტალის, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა?

 2007 წელს, კრისტალში 77 ადამიანი მუშობდა, თუმცა დღეს უკვე ჩვენი თანამშრომლების  რაოდენობა 1200-მდეა. ამ პერიოდის განმავლობაში, საფინანსო სექტორში  არსებული კონკურენტული გარემოს მიუხედავად, კომპანია აფართოვებდა მისი მოქმედების არეალს,  იზრდებოდა  სერვისცენტრების ქსელი, მუშავდებოდა  ახალი პროექტები, ინერგებოდა  თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ანუ კომპანია ამ ხნის განმავლობაში სტაბილურად ვითარდებოდა. შესაბამისად კი საჭირო იყო ახალი ადამიანების მოზიდვა, მობილიზება და მათი ერთ გუნდად შეკვრა. ამისთვის ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და თითოეულ კრისტალელთან ერთად ქმნის იმ გამორჩეულ კულტურას და ღირსეულ სამუშაო გარემოს, რომლითაც დღეს ჩვენ ყველანი ასე ვამაყობთ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კორპორატიული კულტურა პირველ რიგში მზრუნველობით გამოიხატება, მზრუნველობით როგორც კრისტალელების, ისე მომხმარებლის განვითარებაზე ზრუნვით, რაც ჩვენი კომპანიის ლოიალური მომხმარებლების აქტიურ ზრდაზეც ერთმნიშვნელოვნად აისახება. დიახ, სწორედ პასუხისმგებლიანი დაფინანსება, მომხმარებელზე ზრუნვა და კომპანიის ძლიერი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია  ჩვენი კომპანიის წარმატების საფუძველი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ მხრივ „კრისტალი“ უკვე ორჯერ გახდა ჯილდოს მფლობელო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

HR hub: სულ ცოტა ხნის წინ „კრისტალის“ გუნდი ახალ ოფისში გადავიდა. მოგვიყევით განახლებული ოფისის მოწყობის მთავარი კონცეფციისა და ბრენდის ღირებულებების შესახებ.

უკვე ერთი თვეა  თბილისის სათავო ოფისში,  ახალ ლოკაციაზე გადავედით. ადგილის შერჩევისას,   განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ახალი ოფისის  განთავსების არეალს –   მწვანე გარემო, ეკოლოგიურად სუფთა, ნაკლები ხმაურით და დატვირთვით გამორჩეული ადგილი, რომელიც ჩვენს  განწყობასა და პროდუქტიულობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენდა.

კონცეფცია –  ღია ტიპის ოფისი,  სრულად ეფუძნება გამჭვირვალობასა და  გახსნილობას,   სადაც თითოეულ კრისტალელს  გუნდური და ინდივიდუალური მუშაობისთვის, დასასვენებლად თუ გასართობად, ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი.

საინტერესოა სამუშაო გარემო – ოფისის არიქტექტურული მხარით თუ  ინტერიერით,  მაქსიმალურადაა მორგებული თანამედროვე ტენდენციებს და სრულად შეესაბამება წარმატებული კომპანიის იმიჯს.

უსაფრთხო, ნათელი, ფერადი, სასიამოვნო სამუშაო სივრცე, კომფორტული ავეჯი, ინვენტარი,  ტექნიკა, დასასვენებელი ადგილები,  შემოქმედებითი  გარემო, რომელიც მომავალში თანამშრომლებისთვის ახალი იდეების განვითარების ინსპირაციად   იქცევა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ოფისის უმთავრესი სივრცე –  ულამაზესი, გამწვანებული  ეზო, რომელიც თანამშრომლებისთვის ერთგვარი დასვენების ადგილია. შენობის გარდა თანამშრომლებისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მათ მუშაობასთან ერთად, სასიამოვნო გარემოში დაისვენონ. ამას გარდა ეზოს წრიული ფორმა და ზომა საშუალებას გვაძლევს ის სხვადასხვა ბიზნეს- შეხვედრებითვის და ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ.

პროექტზე მუშაობის პროცესში ვცდილობდით, ყველა დეტალში ყოფილიყო გამოხატული ის, რომ  კომპანის მენეჯმენტი კრისტალელების საქმიანობას არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მადლიერებით და  ადამიანებზე  ზრუნვით  გამოხატავს.

ორგანიზაცია ისეთია, როგორიცაა გარემო, და გარემო ისეთია როგორიცაა ორგანიზაცია. „კრისტალის“ ცვლილება, რებრენდინგი, განახლება – სწორედ გარემოს შეცვლით დავიწყეთ.

ამიტომ, ჩვენზე, თითოეულ კრისტალელზეა დამოკიდებული ამ ცვლილებების პროცესში რა ახალ წესებს  დავამკვიდრებთ, როგორ კორპორატიულ კულტურას შევქმნით, როგორ განვვითარდებით, რას მივაღწევთ ჩვენი გუნდურობით, ურთიერთპატივისცემით, სიყვარულით, შრომით…

HR hub: მოგვიყევით რა შეიცვალა ახალი სამუშაო სივრცით კომპანიაში? თანამშრომლები როგორ აღიქვამენ ამ სიახლეებს?

კრისტალელები ცვლილებებს და მითუმეტეს ასეთ პოზიტიურ ცვლილებებს ჯანსაღად აფასებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად მოერგონ, დაიცვან წესები, რომელიც ახალ ოფისში გადმოსვლისთვის შევიმუშავეთ. მოგეხსენებათ, ღია ტიპის ოფისი გარკვეული სამუშაო პირობების დაცვას მოითხოვს.  ეს პირობები, სიახლეები ჩვენ ერთ მთლიან დოკუმენტად შევკარით, რომელსაც „კრისტალელის სახელმძღვანელო“ დავარქვით. სახელმძღვანელო ეხმარება  კრისტალელებს,   მარტივად მოეხდინათ ახალ გარემოსთან ადაპტაცია, დოკუმენტი ფაქტიურად გახდა მათი გზამკვლევი  ახალ ოფისში, სადაც მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე არის პასუხი.

ამას გარდა, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება თანამშრომლებში ჯანსარი ცხოვრების წესის  პოპულარიზაციაა, რაც ამავდროულად ჯანსაღ კვებასაც გულისხმობს. ახალ ოფისში პირველივე სამუშაო დღეს თანამშრომლებს, მათ სამუშაო სივრცეებში დავახვედრეთ მწვანე ვაშლებით სავსე ჯამი,  რითიც საფუძველი ჩავუყარეთ  კრისტალელებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მის პოპულარიზაციას.

HR hub: როგორც ვიცით, კომპანიაში შეხვედრების ერთ-ერთ სივრცეს „აფხაზეთი“ ჰქვია. საიდან გაჩნდა ეს იდეა?

დიახ, ეს შემთხვევით არ მომხდარა. ჩვენი ოფისი  სრულად გადმოსცემს კრისტალის არსებობის მანძილზე  მნიშვნელოვან ეტაპებს და პერიოდს. კონცეფციის შემუშავებისას სწორედ ეს პრინციპი იყო გათვალისწინებული და ოთახების სახელებიც სწორედ ამის მიხედვით შეირჩა. ეს არის ფაქტიურად „ოფისი, რომელიც საუბრობს“, რომელიც ჰყვება ისტორიას. ჩვენც სწორედ ასე ვუწოდებთ ახალ ოფისს.

აქ განთავსებულია 7 სივრცე შეხვედრებისთვის, რომლებიც ერთმანეთისგან თემატურად განსხვავებულია. თემატიკის შესაბამისად, განსხვავებულია მათი ვიზუალიც, დასახელებაც. როგორც აღვნიშნე, თითოეული ოთახის კონცეფცია კრისტალის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს ჰყვება.

მაგალითად, „მწვანე ოთახი“ – ჩვენი ხედვა არის მდგრადი განვითარება 3P (profit, people, planet), საზოგადოების დახმარება მდგრად განვითარებაში – ამ ყველაფერს კარგად გამოხატავს ერთი სიტყვა „მწვანე“, რომელიც სიმბოლოა სიცოცხლის, ენერგიის, მუდმივი განახლების.

აკიდო – აკიდო ქართული აგრო მეურნეობის  ერთ-ერთი ისტორიული სიმბოლოა, კრისტალისთვის  კი ჩვენი ინოვაციური შესაძლებლობების სიმბოლო.

ლონდონი – ქალაქი, რომელიც კრისტალელებისთვის ასოცირდება სწორ ურთიერთობებთან,  ევროპულ  ღირებულებებთან და პრინციპების ერთგულებასთან…

ქუთაისი – როგორც რეგიონალური განვითარების სიმბოლო. კრისტალის პირველი და მყარი ნაბიჯები უკავშირდება ქუთაისს, ქუთაისის ოფისები და მოხმარებლები კომპანიისთვის ისტორიულად ყოველთვის გამორჩეული აქტივი იყო.

თეთრი – კოლხური თეთრის ოთახი,  როგორც ქართული საფინანსო ისტორიის სიმბოლო

სკა –  ჩვენ, კრისტალის თანამშრომლები, როგორც ფუტკრები,   თავდაუზოგავი შრომით ვქმნით მომავალს…

რაც შეეხება „აფხაზეთს“, ინსპირაციის წყარო გახდა ის, რომ ჩვენი კომპანიის დამფუძნებლები აფხაზეთიდან იყვნენ, რომლებმაც თავდაპირველად „ფონდი აფხაზეთი“ დააფუძნეს. მათი  პირველი აქტივობა იძულებით გადაადგილებული ადამიანების  დახმარება და მათთვის დამატებითი შესაძლებლობის მიცემა იყო.  ამიტომ, ამ თემას გულგრილად ვერ ავუვლიდით გვერდს.

HR hub: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლო გეგმებს რაც შეხება, დავიწყეთ ახალი სტრატეგიის გაცნობა პირველ რიგში ჩვენი თანამშრმლებისთვის, კრისტალელებისთვის და ამ პროცესს მივეცით კამპანიური ხასიათი. კამპანიის ფარგლებში  საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში ვხვდებით თანამშრომლებს. ჩვენი მიზანია თითეული თანამშრომლისთვის ახალი  სტრატეგიის გაცნობა, რათა თითეულმა კრისტალელმა  გაითავისოს მისი როლი და შეძლოს დაეხმაროს მომხმარებლებს  აღმოაჩინონ  საკუთარ თავში მეწარმე და სულ პატარა იდეაც საკუთარ ბიზნეს-საქმიანობად აქციონ.

ამას გარდა, ამჟამად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი  სამუშაოები კომპანიის დიჯიტალიზაციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია ყველა პროცესის თუ პროცედურის ელექტრონიზაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გაამარტივოს სამუშაო პროცესი თითოეული კრისტალელისთვის და გაზარდოს ჩვენი პროდუქტიულობა. ამ მიზნით კომპანიაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაწყებული.

ჩვენი ყველა პროექტის, დაგეგმილი აქტივობის მიზანი  ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაა, კრისტალელები ხელს ვუწყობთ, თავად გახდნენ ისინი დამსაქმებლები, სტარტაპერები, მეწარმეები, მართონ  საკუთარი და ერთობლივად დაფუძნებული კომპანიები, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას,  სტაბილურ და მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.  დავამატებ მხოლოდ ერთს, რომ კრისტალი, ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან, სწავლობენ, ვითარდებიან, თავად  იქცევიან დამსაქმებლებად.

დიახ, წინ ახალი გამოწვევები გვაქვს.  ახალი პროექტებით, ახალი სერვისებით  თუ პროდუქტებით, ჩვენი გუნდი მზადაა უპასუხოს მისიის განაცხადს, რომ „კრისტალი” – ეს არის ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და განვითარების პლატფორმა მისი მიმხმარებლებისთვის, ისევე როგორც თითოეული კრისტალელისთვის.