შემოგვიერთდით

ვაკანსიის გამოცხადებისას ასაკისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია აიკრძალება

„საქართველოს შრომის კოდექსის“ ორგანულ კანონში ცვლილებები იგეგმება. აღნიშნული კანონის მიზანია ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობა რაიმე ნიშნით.

ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსის” შესაბამის მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ვაკანსიის სახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი  ადგილის,  ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

 ვაკანსიებთან დაკავშირებული აკრძალვები გავრცელდება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე. 

ამასთანავე, ცვლილებები ეხება იმ ინფორმაციასაც, თუ რისი მოპოვების უფლება არ ექნება დამსაქმებელს კანდიდატისგან.

დამსაქმებელს არ აქვს უფლება, კანდიდატისგან მოითხოვოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეეხება მის რელიგიას  ან  რწმენას,  შეზღუდულ  შესაძლებლობებს,  სექსუალურ  ორიენტაციას,  ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განსხვავების აუცილებლობა.

დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოიპოვოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან და არ არის საჭირო კანდიდატის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შესაფასებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

კანონპროექტის მომზადება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით არის განპირობებული.