შემოგვიერთდით

ვინ იყო ბიკენტია, რომლის სახელსაც ქუთაისის ცნობილი ,,ბიკენტიას საქაბაბე” ატარებს

ვინც ქუთაისში ერთხელ მაინც ყოფილა, აუცილებლად გაიგებდა ,,ბიკენტიას საქაბებეს” შესახებ და თუ ქაბაბი მის საყვარელ კერძებში შედის, ესტუმრებოდა კიდეც. თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რატომ ატარებს ის ბიკენტის სახელს.

ქუთაისის ცნობილი ,,ბიკენტიას საქაბაბე” უკვე 65 წელია რაც არსებობს. მისი 2 ფილიალი ახლა უკვე თბილისშიც გაიხსნა. დღესდღეობით კომპანიაში 20 ადამიანია დასაქმებული და წარმატებით აგრძელებენ წლების წინ დაწყებულ საქმეს. 65 წელი სტაბილურად იყო ბაზარზე და ხარისხი უცვლელად შეინარჩუნო, ნამდვილად არ არის მარტივი.  ჩვენ ვესაუბრეთ ,,ბიკენტია საქაბაბეს” პიარ მენეჯერს ნინო ფილაურს.

HR hub: ნინო მოგვიყევით ,,ბიკენტიას საქაბაბეს“ დაარსების ისტორია?

ბიკენტიას საქაბაბე დაარსდა 1954 წელს ქალაქ ქუთაისში, მან სახელი მალევე გაითქვა უგემრიელესი ქაბაბით, რომელსაც ბიკენტია გვიშიანი ამზადებდა.

HR hub: ვინ იყო ბიკენტია, რომლის სახელსაც ატარებს საქაბაბე?

ბიკენტია გვიშიანი იყო ლეჩხუმელი კაცი, რომელიც ქუთაისში მოღვაწეობდა, სწორედ მის საპატივცემულოდ დაერქვა საქაბაბეს ბიკენტიას საქაბაბე. მისი დამსახურებაა, რომ ქაბაბი ასეთი გამორჩეული და ერთადერთია.

HR hub: უამრავი კვების ობიქტია, სადაც ქაბაბს ამზადებენ, თუმცა ,,ბიკენტიას საქაბაბე“ ყველაზე ცნობილია. თქვენი აზრით, რამ განაპირობა მისი პოპულარობა?

ზოგადად, ბევრი რამ განაპირობებს ჩვენს პოპულარობას ქართულ ბაზარზე. ჩვენი ქაბაბი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ თავისი განსაკუთრებული წვენი აქვს, რომლის რეცეპტიც საიდუმლოა. ასევე, ჩვენი ქაბაბი ლეგენდად იმიტომაა ქცეული, რომ გამორჩეული გემო აქვს. ძალიან გემრიელი და მსუყეა. მინდა ვაღიარო, ჩვენ ვმუშაობთ ხარისხზე. ხარისხი კი წარმატების ნიშანია და ესეც განაპირობებს ჩვენს ცნობადობას.

HR hub: დაგვისახელეთ კერძი, რა თქმა უნდა ქაბაბის გარდა, რომლის გასინჯვასაც თქვენთან მოსულ სტუმარს ურჩევდით?

სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენთან ბევრი ასეთი კერძია, რომელსაც ქაბაბის გარდა ვურჩევთ, გასინჯონ. მაგრამ მინდა, გამოვყო რამოდენიმე კერძი, რომელიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს რესტორნებში. ეს არის საფირმო კერძი “ბიკენტია”, რომელსაც აქვს ღორის ხორცი, ქათმის ხორცი, სოკო, ყველი და ბოლო ორ ინგრედიენტს არ ვასახელებთ. კიდევ შეგვიძლია გირჩიოთ – ხბოს ნეკნები აჯიკაში და ა.შ. იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაფერი უგემრიელესია!!

,,ბიკენტია” საფირმო
ხბოს ნეკნები აჯიკაში

HR hub: როგორც ვიცი, ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გყავთ. საიდან იგებენ თქვენს შესახებ ინფორმაციას?

დიახ, ძალიან ხშირად ქართველ სტუმრებს მოჰყავთ ტურისტები, რათა დააგემოვნებინონ ჩვენი ქაბაბი. მიზეზი კი ისაა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია, სხვაგან ამას ვერ მიირთმევენ. სწორედ ამიტომ გამოვირჩევით. არის შემთხვევებიც, როცა ტურისტები ჩვენი FB გვერდით იგებენ ჩვენს შესახებ და გვეწერენ, აინტერესებთ დეტალური ინფორმაცია და feedback-ებსაც ხშირად გვიტოვებენ.

HR hub: თბილისში უკვე 2 ფილიალი გაქვთ. ხომ არ გეგმავთ კიდევ გაფართოებას?

დიახ, ვგეგმავთ.თუმცა სად და როდის ამას სიურპრიზად დავტოვებთ.