შემოგვიერთდით

თანამშრომელი კომპანიის ამბასადორია ანუ რას ვსაუბრობთ ჩვენი სამსახურის შესახებ სხვებთან

როგორ ვიპოვოთ ჩვენი კომპანიის კულტურისათვის შესაბამისი ტალანტები და რაც მთავარია, როგორ შევინარჩუნოთ ისინი? ეს ის კითხვებია, რომლებზეც HR მენეჯერი მუდმივად უნდა ფიქრობდეს და ინოვაციურ გზებს ეძებდეს. გამოცდილი ექსპერტი ჯონ ედისონი (Jon Addison) ამ საკითხებზე საუბრობს.

შემოდგომის დადგომასთან ერთად, ბევრი გვერდზე გადადებული პრობლემა თუ საფიქრალი იჩენს თავს. ოფისში დაბრუნებულები, ვფიქრობთ სად ვართ, არის თუ არა ეს ჩვენი სასურველი კარიერა და ა.შ. სწორედ ასეთივე ეტაპი აქვთ ჩვენს თანამშრომლებს, ტალანტებს. ეს მოვლენა, როგორც ავტორი ამბობს, “The back to work blues” სახელითაა ცნობილი, რაც ქართულად შეგვიძლია სამსახურში დაბრუნების დეპრესიად ვთარგმნოთ, რაც ალბათ, ყველასთვის ნაცნობია.

ახალ სამუშაო წელთან ერთად ჩნდება ახალი მიზნები და თამაშის წესები. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც კომპანიები აქტიურად უნდა დაუბრუნდნენ ტალანტის მოზიდვის სქემებს, რეკრუტმენტის პროცედურებსა და არსებული თანამშრომლების შენარჩუნების სტრატეგიების დახვეწას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში ჯონ ედისონის ხელმძღვანელობით კვლევაც ჩატარდა, რომლის მიზანი იყო გამოევლინათ რა მახასიათებლები და მიდრეკილებები ჰქონდათ თანამედროვე ეპოქის სამუშაოს მაძიებლებს, რათა ბიზნესებს მათზე უკეთ მორგების შესაძლებლობა ჰქონოდათ. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ავტორი რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და HR მენეჯერებს შემდეგ რჩევებს აძლევს:

  1. თქვენი თანამშრომელი თქვენი კომპანიის დესპანია

იცოდით, რომ სამუშაოს მაძიებლებისთვის კომპანიაში დასაქმებული ადამიანის აზრი 3-ჯერ უფრო სანდო წყაროს წარმოადგენს, ვიდრე თუნდაც CEO-ს რეკომენდაციები? დასაქმებულებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ სამსახურის მაძიებლების გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ბიზნესებმა უნდა იზრუნონ ერთი მხრივ არსებული თანამშრომლების კეთილგანწყობაზე, ხოლო მეორე მხრივ, სთხოვოს მათ აღნიშნული სამსახურის დადებით მხარეებზე საუბარი და რჩევების მიცემა პოტენციური თანამშრომლებისთვის. კომპანიებს ასევე შეუძლიათ გარკვეული საბონუსე სისტემის ჩაშვებაც, რომელიც დამოკიდებული იქნება თანამშრომლის მიერ დამსაქმებლის ბრენდის პოზიტიური კუთხით დახასიათებასა და წარმოდგენაში.

  1. იზრუნეთ თანამშრომლების განათლებაზე განვითარებასა და გაძლიერებაზე

თანამშრომლების შენარჩუნება და მათი კეთილგანწყობის მოპოვება მხოლოდ ანაზღაურებით შეუძლებელია, რაც მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრ ბიზნესს არ ესმის. საჭიროა ვიზრუნოთ მათ პროფესიულ და ზოგად განათლებაზეც. მაგალითად, მივაწოდოთ ენობრივი (ინგლისურ-რუსული), უნარ-ჩვევების, უშუალოდ პროფესიული ან ზოგადი განათლების კურსები, ტრენინგები. ვესაუბროთ პიროვნული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე, გამოვუყოთ სპეციალიზებული ქაუნსელორი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებად არ დავტოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილი ტალანტი ერთ ადგილას უბრალოდ არ გაჩერდება.

  1. გამოიყენეთ სოციალური მედია

სანამ კანდიდატი უშუალოდ აპლიკაციის შეტანას გადაწყვეტს, მანამდე ის აუცილებლად დაათვალიერებს ან გამოიწერს თქვენი კომპანიის „ფეისბუქის“, „ლინქდინის“, „თვითერის“ ან სხვა სოციალური ქსელის ანგარიშებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამუშაოს მაძიებელთა მინიმუმ 49% აქტიურად აკვირდება კომპანიებს და ელის, რომ ვაკანსიები პირველ რიგში სწორედ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება. საქმე იმაშია, რომ საქართველოში კომპანიების უმრავლესობა, თუ სრულად არა, სოციალურ მედიას ვერ იყენებს ისე, როგორც საჭიროა: უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, ბუნდოვანი დეტალები და ა.შ. ზოგი კომპანია კი, საერთოდ საკუთარი ბიზნეს საქმიანობის აღწერასაც ვერ აბამს თავს. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ეპოქა თამამად ეკუთვნის მილენიალებს, სოციალურ მედიაზე აქტიურობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ტალანტის მოზიდვის საკითხში.

  1. დაიხმარეთ მარკეტინგული დეპარტამენტი

მიუხედავად მონდომებისა, სასურველ სეგმენტზე გასვლა და მესიჯის მიტანა საკმაოდ რთული საკითხია და ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს მოითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ HR ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობდეს მარკეტინგის დეპარტამენტთან, გაითვალისწინოს მათი რჩევები, ან სულაც მიანდოს სოციალური მედიის მართვა. გარდა სოციალური მედიისა, მარკეტინგის დეპარტამენტი დაგეხმარებათ სხვა ყველა შესაძლო გზით მიაწოდოთ საკუთარი პოზიცია პოტენციურ დაქირავებულებს, რაც მარტო HR-ის ძალებით საკმაოდ რთული დავალებაა.

რატი წიკლაური

წყარო: www.hrmagazine.co.uk