შემოგვიერთდით

,,თანამშრომლების ბედნიერებაზე ზრუნვა 21-ე საუკუნის ბიზნესის გამოწვევაა” – ლიკა ნოზაძე

ზუსტად 1 წლის წინ ბაზარზე გამოჩნდა ახალი საკონსულტაციო კომპანია Talent Flow, რომელიც HR კონსულტანტმა ლიკა ნოზაძემ დააფუძნა.მას ადამიანური რესურსების მართვის სხვადასხვა სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობასა და გეგმებზე ვესაუბრეთ ლიკას და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.

HR hub: ლიკა რატომ გადაწყვიტე საკონსულტაციო კომპანიის შექმნა?

ტალანტების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების კუთხით საკუთარი საკონსულტაციო კომპანიის შექნა ორი ძირითადი მიზეზის გამო გადავწყვიტე:

  1. დღევანდელი ბიზნეს გარემო ძალიან ცვალებადია და სიახლეებზე სწრაფ რეაგირებას საჭიროებს. ორგანიზაციული ცვლილებების მართვა, ორგანიზაციული განვითარება, HR პროცესების ეფექტურად წარმართვა და ბიზნეს საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება, საკუთარ თანამშრომლებში ტალანტების აღმოჩენა და მათი განვითარება – ეს ის მიმართულებებია, რომლებიც VUCA გარემოში ბიზნესის კონკურენტუნარიანობას განაპირობებს. როდესაც კომპანიის HR მიმართულებაზე პასუხიმგებელი ხარ ან ბიზნესის მფლობელი თუ ტოპ მენეჯერი, დროთა განმავლობაში ორგანიზაციის ნაწილი ხდები და განვითარებაზე მიმართული ცვლილებების საკუთარი ჩართულობით განხორციელება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. რატომ? საკუთარი მინუსების დანახვა გვიჭირს და ცვლილების საკუთარი ხელით განხორციელება მტკივნეულია. ამ დროს გვჭირდება ხოლმე გარე კონსულტანტის დახმარება, რჩევები, ცვლილებების განხორციელებაში სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, ძლიერი და სუსტი მხარეების სწორი ანალიზი;
  2. ვფიქრობ, ჩემი 15 წელზე მეტხნიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში, რომელიც მოიცავს ფარმაცევტულ, ავტოინდუსტრიის, საბანკო-საფინანსო და საცალო ბიზნესის სექტორს, კარგი წინაპირობაა საკონსულტაციო კომპანიის შექმნისთვის. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა კომპანიაში HR მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობის პარალელურად, ყოველთვის მქონდა საკონსულტაციო პროექტები, რომლებმაც გარკვეულწილად შემძინა მეტი სითამამე, რომ ახლა უკვე დამქირავებლის სტატუსითაც ვცადო ბედი.

HR hub: შენს კომპანიას ჰქვია Talent Flow. რას უკავშირდება ეს სახელი?

პოზიტიურ ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება “Flow”. “Flow” ასახავს მენტალურ მდგომარეობას, როდესაც მთლიანად ხარ აქტივობაში ჩართული. ამ დროს ადამიანის პროდუქტიულობაც მაღალია და მაღალია მიღებული შედეგიც.  რა ხდება “Flow”-ს დროს: მთლიანად კონცენტირებული ხარ დავალებაზე/ამოცანაზე, მიზნები ნათელია, დავალების/ამოცანის შესრულებისას მიღებული გამოცდილება – საუკეთესო და სასიამოვნო. ამოცანის შესრულება სულაც არ გერთულება, გამოწვევასა და უნარებს შორის ბალანსია დაცული, შედეგი აქტივობებიდან გამომდინარეობს. ამოცანის შესრულებაზე სრული კონტროლის განცდა გაქვს, დროის გასვლას ვერ გრძნობ და ამ ყველაფრის მიღწევა ხდება, როცა აკეთებ საქმეს, რომელიც მოგწონს.

სწორად აწყობილი პროცესები და გამართული სისტემები, თანამშრომლებში ტალანტის აღმოჩენა, მათი პოტენციალის სწორად მიმართვა,  სამუშაო პროცესში  ამ მენტალური მდგომარეობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, თანამშრომლების გაბედნიერებას უზრუნველყოფს. თანამშრომლების ბედნიერებაზე ზრუნვა 21-ე საუკუნის ბიზნესის გამოწვევაა.

ბიზნესი, რომლისთვისაც თითოეული თანამშრომელი  ტალანტია, სადაც საკუთარ თანამშრომლებთან ურთიერთობაში, სულ უფრო მეტად იყენებენ მეთოდებს ადამიანის არა როგორც რესურსის, არამედ ტალანტის განვითარებისთვის, ყოველთვის წარმატებულად იარსებებს წლების მანძილზე.

ჩემი ეს 2 ხედვა მინდოდა, რომ სახელწოდებაშიც გამოჩენილიყო და ამიტომ კომპანიას Talent Flow დავარქვით.

HR hub: ვინ არიან შენი გუნდის წევრები?

ჩემი გუნდის წევრები არიან HR და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტები, რომლებსაც ასევე, მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ კერძო და სახელმწიფო სექტორში საქართველოს ბაზარზე. ჯერ დიდი გუნდი არ გვყავს, თუმცა დროთა განმავლობაში პროექტების რაოდენობიდან გამომდინარე გავფართოვდებით.

გვყავს საერთაშორისო პარტნიორები მენეჯმენტისა და ლიდერობის მიმართულებით. საერთაშორისო პარტნიორებიდან ხაზგასმით მინდა გამოვყო ონლაინ მენეჯერული თამაშის – FLIGBY (www.fligby.com) თანაავტორი და Flow Leadership Coaching პროგრამის საერთაშორისო ექსპერტი, მენეჯმენტის ქოუჩი, რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი მენეჯმენტის, ლიდერობის და HR-ის კუთხით – Prof. Zoltan Buzady.

ასევე, გვყავს საერთაშორისო პარტნიორები, ქოუჩები  ცვლილებების მართვისა და ტრანსფორმაციული ლიდერობის კუთხით.

HR hub:  რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

საკონსულტაციო კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ორგანიზაციული განვითარება და ტალანტების მართვა. ძირითადი სერვისები, რომელსაც ვთავაზობთ კომპანიებს მოცავს შემდეგ თემებს:

  • HR პროცესებისა და სისტემების ანალიზი, აუდიტი;
  • HR სტრატეგიის შემუშავება და დანერგვაში კონსულტირების გაწევა;
  • HR scorecard-ის შემუშავება და დანერგვაში კონსულტირების გაწევა;
  • ორგანიზაციული ანალიზი (ბიზნეს პროცესები, კორპორატიული კულტურა);
  • ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა, რედიზაინი;
  • სამუშაოს ანალიზი, დეპარტამენტების ფუნქციონალური რუქების და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება, დანერგვაში კონსულტირება;
  • შერჩევის, ტრენინგებისა და განვითარების, შეფასების, მოტივაციის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვაში კონსულტირება, ასევე შესაბამისი ტექნიკების დანერგვაში კონსულტირება;
  • ტალანტების მართვის მოდელის შემუშავება და დანერგვა (9-grid matrix);
  • გრეიდების სისტემის შემუშავება და დანერგვაში კონსულტირების გაწევა;
  • შეფასების სისტემები (კომპეტენციების ჩარჩო, KPI, MBO);
  • HR გუნდის კომპეტენციების შეფასება, HR კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ტრენინგებისა და ვორქშოფების ჩატარება;
  • კომპანიის საჭიროებაზე მორგებული HR business partnering-ის მოდელის შემუშავება და დანერგვაში კონსულტირება;
  • შიდა კომუნიკაციის სისტემების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

დამატებითი სერვისები მოიცავს ტრენინგებს და ვორქშოფებს შემდეგ თემებზე:

  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • ტალანტების მოზიდვა და ინტერვიუს ჩატარების ტექნიკები;
  • თანამშრომლების შეფასების სისტემები;
  • დამსაქმებლის ბრენდინგი;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ეფექტური მომსახურება;
  • ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები;
  • მართვის უნარები;
  • ემოციური ინტელექტი;
  • Flow Leadership;
  • Team Building;
  • ცვლილებების მართვა;
  • პიროვნული განვითარება.

საერთაშორისო სერვისები მოიცავს ონლაინ მენეჯერულ თამაშს – FLIGBY, რომელიც უკვე ქართული სუბტიტრებითაც არის ხელმისაწვდომი. თამაშის შედეგად შესაძლებელია მენეჯერების შეფასება (29 მახასიათებლის მიხედვით) და შემდგომი სათანადო ქოუჩინგ სესიის დაგეგმვა ლიდერობის საერთაშორისო ქოუჩთან.

HR hub: სად შეიძლება დაგიკავშირდნენ დაინტერესებული ადამიანები?

ამ ეტაზე ჩვენთან დასაკონტაქტებლად დაინტერესებულ ბიზნესებს ვთავაზობთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტას talentflow@outlook.com. ამჟამად, ვამუშავებთ სხვა პლატფორმებსაც და უახლოეს მომავალში გვექნება LinkedIn, Facebook, Instagram გვერდები. მოგვიანებით ვგეგმავთ ვებ-გვერდის შექმნასაც.

HR hub:  როგორ ფიქრობ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანური რესურსების მიმართულებით საქართველოში?

ადამიანური რესურსების მართვა მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა ბიზნეს გარემოს განვითარებასთან ერთად. თუმცა, დღესდღეობით HR-ის, როგორც სტრატეგის როლი საქართველოს ბაზარზე ჯერ დამკვიდრების ფაზაშია. ბევრ კომპანიას გათავისებული აქვს სტრატეგიული HR-ის საჭიროება, თუმცა, რეალურ სიტუაციაში, ცვლილებების დანერგვისა და მართვის პროცესში HR-ს უფრო მეტად მაინც ოპერაციულ როლს ანიჭებენ, ვიდრე სტრატეგიულს. არადა, HR-ის სტრატეგიული როლი  არა მხოლოდ ეფექტური პროცესებისა და სისტემების შექმნა-დანერგვისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ცვლილებების ეფექტურად მართვის აუცილებლობაა.

მეორე მნიშვნელოვან პრობლემად გამოვყოფდი ქართული ბიზნესის ქეისებზე ინფორმაციის სიმცირეს. როდესაც HR პროფესიონალები საუკეთესო პრაქტიკებზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, უფრო მეტად, საერთაშორისო ბაზრის მაგალითები მოგვყავს. ამ დროს, ლოკალურ ბაზარზე უამრავი ქეისია, რომელიც ჩვენი სფეროს პროფესიონალებს ბევრ რამეში გზას გაუკვალავს. ამიტომ ჩვენი კომპანიის მოხალისეობრივ საქმიანობად ქართული ბიზნეს ქეისების პაკეტის შექმნას  ვგეგმავთ, რაც მოქმედ თუ მომავალ HR ექსპერტებს ბევრი საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნაში დაეხმარება.