ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ სტრატეგიული პრიორიტეტებისა და განვითარების აქტიურ პროცესებთან ერთად, სტრუქტურული მოწყობის სრულიად ახალ მოდელზე გადავიდა.
ამ პროცესის პარალელურად კი კომპანია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შრომითი ურთიერთობებში თანამედროვე, განსხვავებულ მიდგომებს ავითარებს და ამ მიზნით, სრულიად ახალ ხელშეკრულებებს (შრომითი კონტრაქტები) და შრომის შინაგანაწესს ნერგავს.
ახალი სახით შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტების პაკეტი (შრომის კონტრაქტი და შინაგანაწესი) სრულ შესაბამისობაშია და ერთდროულად ადაპტირდება ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით რეგულაციებთან, რაც დარგის წამყვანი ექსპერტების და ორგანიზაციების შეფასებით, ადგილობრივი შრომითი კანონმდებლობის მოთხოვებსა და სტანდარტებზე თვისობრივად მაღალ სტანდარტს აწესებს.
ამ დოკუმენტების (შრომის კონტრაქტი და შინაგანაწესი) ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას გენდერული ასპექტების სრულად მოცვაც განაპირობებს, რომელიც გაეროს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და დადგენილ სტანდარტებს ეფუძნება.
აღნიშნული ცვლილებების კიდევ ერთი, ასევე საინტერესო გარემოებაა პროცესის დიგიტალიზაცია. კომპანია ახალი შრომითი კონტრაქტების გაფორმებას სრულიად განსხვავებული, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სისტემური გადაწყვეტილებით განახორციელებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის დოკუმენტის საანდოობას, დაცულობას და მის ხარისხს.
ამ ცვლილებით, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობები თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის და სრულ ჰარმონიზაციაშია თანამედროვე სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან.
„კრისტალი“ ერთ-ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც თავის საქმიანობაში ელექტრონულ ხელმოწერებს იყენებს. კომპანია, სადაც 1200-ზე მეტი #კრისტალელია დასაქმებული, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სერვისების, HR ბიზნეს პროცესების მართვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის, ავტომატიზაციისა და დიგიტალიზაციის მასშტაბურ პროცესს იწყებს.
ასეთი მიდგომა კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან #კრისტალელების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, თანამედროვე და განსხვავებული კორპორატიული კულტურისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია.