შემოგვიერთდით

ნიკოლოზ მესხიშვილი: ,,ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია”

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და პროექტი ,,სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის ,,ჩვენ გეძებთ შენ” ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ფესტივალის ფარგლებში პირველი ღონისძიება 7 ივლისს, თელავში, ნადიკვრის პარკში 16:00-20:00 სთ-ზე ჩატარდება. ჩვენ ვესაუბრეთ ფერმერთა ასოციაციის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიული განათლების ექსპერტს ნიკოლოზ მესხიშვილს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის მხარდაჭერა ?

ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია პროექტის „ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებისთვის დასაქმების ან თვითდასაქმების ხელშეწყობას, მათთვის საჭირო უნარების განვითარებას, პოტენციურ დამსაქმებლებთან კომუნიკაციას და  პარტრნიორული ურთიერთობების დამყარებას სექტორულ ასოციაციებთან.

HR hub: როგორ იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე ფერმერთა ასოციაცია ?

ფესტივალის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება წარმოვადგინოთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მონაწილეობით განხორციელებული პროექტები, უზრუნველვყოთ მიზნობრივი ჯგუფისთვის ასოციაციაში გაწევრიანების შესაძლებლობა და დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები დაინტერესებულ პირებთან.

HR hub: ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ღონისძიებას მხარს უჭერს პროექტი ,,სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“. რას გულისხმობს მიდგომით სამუშაოზე დაფუძნებული დუალური სწავლება ?

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მონაწილეობით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით მიმდინარეობს პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ , რომლის დანერგვა 2016 წლიდან მეცხოველეობის, მეხილეობის, მეფუტკრეობის და ვეტერინარიის მიმართულებით ხორციელდება.

პროფესიული განათლების ახალი მოდელი – სამუშაოზე დაფუძნებული დუალური სწავლება წარმოადგენს სწავლის პროცესს, რომელიც თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრირებით ხორციელდება სასწავლებელში და რეალური სამუშაოს შესრულების დროს – ფერმერულ მეურნეობაში, რომლის დროსაც სწავლის შედეგების მინიმუმ 50 % ხორციელდება ფერმერულ მეურნეობაში.

მიმდინარე ეტაპზე სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ჩართულია ექვსი პროფესიული სასწავლებელი – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი (მცხეთა/წინამძღვრიანთკარი), საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ (კაჭრეთი/დედოფლისწყარო), შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (სამეგრელო/სენაკი/ზუგდიდი), პროფესიული კოლეჯი “ერავანი” (ამბროლაური), საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა” (აჭარა/ქობულეთი) და საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ (ახალციხე).

აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს სტუდენტისთვის განათლების პარალელურად სამუშაო გამოცდილების დაგროვებას, სახელმწიფოს მხრიდან სწავლების დაფინანსებას, ხოლო კერძო სექტირის მხრიდან სამუშაოს შესრულებისთვის ანაზღაურების მიღებას. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება სახელმწიფოსგან აღიარებული დიპლომი.

რაც შეეხება კერძო სექტორს, აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს კერძო სექტორისთვის სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების დაინტერესებას, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას, სწავლის შედეგის შესაბამისად მოტივირებული სტუდენტების ჩართულობას კერძო სექტორის ფერმერული მეურნეობის პროცესში, რეგულარულად კადრების შევსება/განახლებას, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ნაკლები დანახარჯებით, პერსონალის გადამზადების თანხების დაზოგვას და სოციალურ პასუხისმგებლობას.

HR hub: რომელ რეგიონებში ხორციელდება ეს პროექტი ?

პროექტი ხორციელდება საქართველოს ექვს რეგიონში:

სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი.

HR hub: ვის შეუძლია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამაში ჩართვა ?

ნებიემიერ პირს, რომელსაც აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სერთიფიკატი, შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალურ პროგრამაში. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ.