შემოგვიერთდით

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგთა გუნდის სწრაფი და კვალიფიციური სამედიცინო სერვისი

28 ივლისს, საღამოს, 112-ის ოპერატორმა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის #1117 ბრიგადას მორიგი მისამართი გადასცა, შეტყობინებით – გონების კარგვა.

ადგილზე მისულ ბრიგადას (უფროსი ექიმი – ხათუნა ხაზარაძე, უმცროსი ექიმი – ნინო წაქაძე, მძღოლი – ლაშა ბარბაქაძე) შუა ხნის მამაკაცი, ვინჩენცო ფ. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დახვდა – გონების კარგვის ეპიზოდით და პროფუზული ოფლიანობით. სასწრაფოს ექიმებმა წინასწარი დიაგნოზი – იშემიური ინსულტი დაადგინეს და ჰოსპიტალიზაციისთვის მზადების პარალელურად, ოპერატიულად დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა.

რამდენიმე წუთში პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინსულტის ცენტრში მოთავსდა. პაციენტს აღენიშნებოდა სიმპტომები – სისუსტე მარცხენა კიდურებში, სახის ასიმეტრია და დარღვეული მეტყველება. 🧠

ინსულტის ცენტრში მოთავსებისთანავე, ვინჩენცო ფ.-ს ჩაუტარდა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები, რომლითაც დადასტურდა იშემიური ინსულტის დიაგნოზი.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგთა გუნდმა, თემურ მარღანიას ხელმძღვანელობით, დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება პაციენტისთვის სისტემური თრომბოლიზისის – ალტეპლაზას გადასხმის შესახებ. საბედნიეროდ, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ხელმისაწვდომი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი – თრომბოლიზისი, ეფექტური აღმოჩნდა. პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა გადასხმის პერიოდშივე – მოიხსნა კიდურების სისუსტე და აღდგა მეტყველება.

პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი მოთავსდა ნევროლოგიური განყოფილების სტაციონარში, სადაც რამდენიმე დღის მანძილზე იმყოფებოდა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგთა დაკვირვების ქვეშ. სასიხარულოდ, პაციენტი ჰოსპიტალიდან გაეწერა ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით დადასტურდა სისხლნაკადის აღდგენა მარჯვენა შუა არტერიაში. 👨‍⚕️👩‍⚕️

სასწრაფოს ექიმების ოპერატიულობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესში, რამდენადაც სისწრაფე გადამწყვეტია თრომბოლიზისით მკურნალობის დროს – საჭიროა პროცედურის ადრეულ ეტაპზე, ინსულტის განვითარებიდან უახლოეს საათებში ჩატარება, რათა მოხდეს ინსულტით გამოწვეული ზიანის მაქსიმალური აცილება. 🕐

სისტემური თრომბოლიზისი, იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბის დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი პირველი ჰოსპიტალია, რომელმაც საქართველოში თრომბოლიზისის მეთოდით იშემიური ინსულტის მკურნალობა დანერგა. 🏥⚕️

#ინსულტის_ცენტრი #ინსულტი #თრომბოლიზისი #ინსულტის_სამი_ნიშანი#ნიუ_ჰოსპიტალსი #112

შეიტყვეთ მეტი ინსულტის შესახებ 🧠👉